მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნისთვის ედება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.
მსახიობი გუშინ დააკავეს. დაკავებისას მისი მანქანიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს. ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები ნამდვილად მისი მანქანიდან ამოიღეს, თუმცა ამბობს, რომ აკრძალული ნივთიერება მისი არ ყოფილა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი მისი მაღალჩინოსანი მეგობრის გვარს ახსენებდა.
“ეს არ შეესაბამება სიმართლეს, სიმართლე იქნება ის, რასაც მე განვაცხადებ”, – აღნიშნა ადვოკატმა გიგუაშვილმა ამ საკითხის კომენტირებისას..
კითხვაზე, ხომ არ იყო ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოღებული ჩანთა მსახიობის მეგობრის, ადვოკატმა ინფორმაცია არ დაადასტურა. რაც შეეხება იმას, ჩაუდეს თუ არა ნარკოტიკული საშუალება ჯიბღაშვილს, ადვოკატმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

