მაია რჩეულიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდა

მაია რჩეულიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდა„ცენტრ პოინტის” საქმეზე „მიონის” ეპიზოდზე ერთ-ერთი ბრალდებული, მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ არ გამოცხადდა.

სასამართლოზე წარმოდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაია რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სწორედ მისი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო გასული სხდომაც, სადაც რჩეულიშვილს საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა.

აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდებულია ქეთევან ჟორდანიაც, რომელსაც საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, ამის შემდეგ კი მოსამართლე სათათბიროდ გავა.

ცნობისთვის, მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.