მარინე ცუცქირიძე – ”მაია რჩეულიშვილი ისევ ციხის საავადმყოფოშია”

მარინე ცუცქირიძე - ”მაია რჩეულიშვილი ისევ ციხის საავადმყოფოშია”“ცენტრ პოინტის” საქმის “მიონის” ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია დამნაშავედ სცნო. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.
“ახალი თაობა” მაია რჩეულიშვილის ადვოკატ მარინე ცუცქირიძეს ესაუბრა.
– ქალბატონო მარინე, მაია რჩეულიშვილის ადვოკატები ოჯახთან ერთად საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობდით და მაიას და რუსუდანის ციხიდან გამოსვლის იმედი გქონდათ. ეს მოლოდინები უკან მორჩა?
– თავიდან წელიწადნახევარი დავკარგეთ იმაზე, რომ ემ კვადრატს ველოდებოდით. იმედი გვქონდა და უკვე შეთანხმებული ვიყავით, რომ ემ კვადრატი უნდა შემოსულიყო, ბოლოს კი ემ კვადრატმა უარი გვითხრა. ახლა არ დასრულებულა საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი. უბრალოდ, ერთიანად რომ წაიღონ ეს ყველაფერი, ისეთი ინვესტორი რადგან არ გამოჩნდა, შევთანხმდით, რომ ცალ-ცალკე ობიექტზე ცალ-ცალკე ინვესტორი უნდა იყოს მოძიებული და ისე უნდა გაკეთდეს საპროცესო შეთანხმება. ისევ მოლაპარაკების რეჟიმში ვართ.
– მაშინ რატომ გამოუტანეს განაჩენი და მიუსაჯეს 7 წელი?
– უბრალოდ, მოსამართლეს ჰქონდა თავისი ვადა. ხომ არის საპროცესო ვადები. ამ შემთხვევაში ეს საქმე რადგან იყო არასაპატიმრო საქმე, ამის საპროცესო ვადა იყო ორი წელი და ეს ორი წელი უკვე დასრულდა და უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა მოსამართლეს, უნდა გამოეტანა განაჩენი.
– მხოლოდ მაია რჩეულიშვილს მიესაჯა? ქეთევან ჟორდანიაც ხომ იყო ამ საქმეში ბრალდებული?
– ქეთევან ჟორდანიასთან გააფორმეს საპროცესო შეთანხმება. ცალკე გამოკვეთეს საქმე და იქ არ იყო პრობლემა და ამიტომ გააფორმეს საპროცესო შეთანხმება. ხოლო მაია რჩეულიშვილთან ჯერჯერობით ვერ გაფორმდა საპროცესო. თუმცა ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ საბოლოოდ მოძიებული იქნებიან ინვესტორები, ნაწილი უკვე ნაპოვნია და როდესაც პროკურატურა დაინახავს, რომ რეალურად არსებობენ ინვესტორები, მაია რჩეულიშვილთანაც გააფორმებენ საპროცესო შეთანხმებას.
– ჯამში რამდენი წელი აქვს მისჯილი მაია რჩეულიშვილს?
– პირველ საქმეზე აქვს მისჯილი 4 წელი. ივლისში გახდება უკვე 3 წელი, რაც იხდის სასჯელს. რაც მოხდილი აქვს სასჯელი, ამ 7 წელიწადში ისიც ჩაეთვლება და უნდა მოიხადოს, ის რაც დარჩენილია. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოუწევს ამის მოხდა.
– თუ ვერ გააფორმებთ საპროცესო შეთანხმებას, კიდევ 4 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა?
– უნდა გაფორმდეს. ფაქტია გვაჩვენა ამ სამმა წელმა, რომ მაიას და რუსუდანის ციხეში ჯდომით არაფერი არ გაკეთდა, პირიქით გაუარესდა. მათი ციხეში ჯდომით დაზარალებულების მდგომარეობა არანაირად არ გამოსწორებულა, პირიქით, გაუარესდა.
სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, ხელი შეუწყოს ინვესტორებს, ცოტა შეღავათიანი პირობები შესთავაზოს, რათა დაინტერესება იყოს, დროულად გადაეცეს მათ ობიექტები და დასრულდეს. ასე ეშველებათ დაზარალებულებს, თორემ მაია რჩეულიშვილი იჯდება თუ არა ციხეში, ამით ამ ადამიანების ბედი არ იცვლება.
– ბოლო წუთს რატომ თქვა ემ კვადრატმა უარი, რაზე ვერ შეთანხმდით? სახელმწიფომ არ შეუწყო ხელი?
– ვერ შეთანხმდნენ მერიასთან, რაღაც წინააღმდეგობებს წააწყდნენ, მათ თავისი შეხედულებები ჰქონდათ და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ნებართვები იყო საჭირო, ხელშეწყობა. ვერ დაინახა ემ კვადრატმა ეს მზაობა და გვერდში დგომა და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვერ გაბედა და ვერ აიღო ყველა ობიექტი ერთად.
– თავად მაია რჩეულიშვილი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, წინა სხდომაც მისი არგამოცხადების გამო გადაიდო. რატომ არ მივიდა? რატომ არ ისარგებლა ბოლო სიტყვით?
– ეს მორალურად ძალიან რთულია. ციხის საავადმყოფოში იმყოფება, მკურნალობის კურსს გადის და არ არის მარტივი, გამოხვიდე სასამართლო სხდომაზე და ისაუბრო, ისარგებლო ბოლო სიტყვით. მორალურად ეს ძალიან რთულია ადამიანისთვის.
– ისევ არასახარბიელოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– ახლა რომ გითხრათ, მაია რჩეულიშვილი ძალიან კარგად არის-თქო, ამას თქვენც არ დაიჯერებთ. სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება, ოჯახის წევრებიდან ვერავინ იქნება კარგად.
– ისევ მკურნალობის კურსს გადის?
– დიახ, ის ისევ ციხის საავადმყოფოშია. მედიკამენტური მკურნალობა უტარდება.
– რუსუდან კერვალიშვილის შესახებ რას გვეტყვით, მას რამდენი წელი აქვს მისჯილი? მასაც ხომ არ ემატება რამე?
– ქალბატონი რუსუდანი მსჯავრდებულია მხოლოდ ერთ საქმეზე, სადაც 4 წელი აქვს მისჯილი. სხვა რამე საქმე მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს და სხვაგან არსად არ არის ის ცნობილი არც ბრალდებულად, არც ეჭვმიტანილად. მას სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი აქვს.
– შეწყალების საკითხის დაყენება არ გიცდიათ მასთან დაკავშირებით?
– ქალბატონ რუსუდანს არ სურს შეწყალება.
– რატომ, არ თვლის თავს დამნაშავედ?
– თავს დამნაშავედ არ თვლის და ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი. ამ მიზეზებზე ქალბატონმა რუსუდანმა თავად ისაუბრა. ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს, ამ პრობლემას ბევრი მიზეზი ჰქონდა, თუნდაც სახელმწიფოს და კიდევ ბევრი ადამიანის გვერდში არდგომა, მაგრამ საბოლოო ჯამში დამნაშავეები მარტო ეს ქალები აღმოჩნდნენ.
ამ კუთხით გარკვეული პროტესტი არსებობს. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი საპროცესო შეთანხმებაა, თუ მთავრობა და პროკურატურა ზრუნავს დაზარალებულებზე, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს ინვესტორების მოძიებაში, რათა განახლდეს მშენებლობები.
თუ მარტო იმით შემოიფარგლა სახელმწიფო, რომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ციხეში ჩასვა, ეს არის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო დაზარალებულებზე კი არ ზრუნავს და პრობლემის გადაჭრა კი არ უნდა, უბრალოდ ზერელედ აჩვენა ხალხს, რომ მათზე ზრუნავს, ეს ორი ქალბატონი ჩასვა ციხეში და პრობლემას პრობლემა დააემატა.
რაც აშენებული იყო, ისიც ნადგურდება. მთლიანად გაიძარცვა კორპუსები. გამოძიებულიც არ არის, ვინ გამოიძიებს ამას?! თუ ასე მივყევით, აგურებად დაიშლება ეს კორპუსები და ეს დაზარალებულები კიდევ უფრო დაზარალდებიან. ამიტომ თუ მართლა ფიქრობენ ხალხზე, სულ სხვა მიდგომა უნდა იყოს.
– რას ამბობენ თავად დაზარალებულები?
– მათი პოზიცია შეიცვალა, ისინი აღარ არიან აგრესიულად განწყობილნი მაიას და რუსუდანის მიმართ, როგორც ეს თავიდან იყო. ოფისში მოდიან და თავადაც აქტიურად არიან ჩართული ინვესტორის მოძიებაში. მაქსიმალურად გვეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. მიხვდნენ რომ ამ ქალების ციხეში ჯდომით მათ არ ეშველებათ.
3 წელია, რაც მაია და რუსუდანი ციხეში არიან და ამ ხნის მანძილზე დაზარალებულების სასიკეთოდ არაფერი გაკეთებულა. ეს ხალხიც მიხვდა იმას, რასაც მე სამი წლის წინ ვიძახდი, რომ ამ ქალების ციხეში ჩასმა მათ მდგომარეობას, პირიქით, გააუარესებდა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა