მთავრობა გადასადგომად ემზადება – ვინ მოხვდება გახარიას სიაში

მთავრობა გადასადგომად ემზადება - ვინ მოხვდება გახარიას სიაშიმმართველ პარტიაში დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან – “ქართული ოცნების” კულუარებში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მამუკა ბახტაძე და, შესაბამისად, მთავრობაც გადადგება.
სამთავრობო ცვლილებები ამათ ისედაც დაგეგმილი ჰქონდათ, მაგრამ პანკისურმა გაუგებრობამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გაგრძელება მოჰყვება პანკისობა 2019-ს, რომელიც “ქართულ ოცნებას” და საქართველოსაც შეიძლება ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს.
ხმები მამუკა ბახტაძის გადადგომის შესახებ კარგა ხანია, რაც ვრცელდება. ამ დღეებში ისინი კიდევ უფრო გამძაფრდა. ის რომ მთავრობიდან ფაქტიურად წასულია, ამაზე მისი გაუჩინარებაც მეტყველებს. 21 აპრილს ლამის ქვეყანა დაგვემხო თავზე, პრემიერი კი არსად გამოჩენილა, ერთი პატარა კომენტარიც არ გაუკეთებია.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა პრემიერის პოსტის დაკავება თავად ივანიშვილს სთხოვა, მაგრამ ის ცოცხალი თავით არ თანხმდება ამაზე. თუ სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, შეიძლება ამ შემთხვევაში მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება.
ამ ეტაპისთვის მას მთავრობის მეთაურად გიორგი გახარია ჰყავს შერჩეული. “ოცნების” კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ მის ჩასაძირად იყო მოწყობილი პანკისში ის პროვოკაცია, რაც ყველამ ვიხილეთ.
პანკისამდე მას ზუგდიდში მოუწყვეს პროვოკაცია. იმ დროს გახარია ამერიკაში იყო მნიშვნელოვანი ვიზიტით. ამ დროს დააკავა პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის სამი აქტივისტი, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა.
აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტი გახარიამ ჩაიბაროს. როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელთან ურთიერთობა და რაღაცების დალაგება ძალიან რთულია.
“ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ პანკისში გახარიას პროვოკაცია ღარიბაშვილის კლანმა მოუწყო.
ექსპერტი გია ხუხაშვილი გვარებს არ ასახელებს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ შს მინისტრის წინააღმდეგ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
ხუხაშვილს შეთქმულების თეორიები დიდად არ უყვარს და რაკი ასეთ რამეს ამბობს, გამოდის, რომ საქმე ძალიან სერიოზულად არის.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ შს მინისტრი და, როგორც ამბობენ, მომავალი პრემიერი, პროვოკაციებს მომავალშიც უნდა ელოდოს.
– ამის უკან შეიძლება დავინახოთ შეთქმულების რაიმე თეორია? მე ვფიქრობ შეიძლება, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში” შიდა გადანაწილებაში რაღაც ცვლილებები დაიწყო. ბუნებრივია, გახარია სხვადასხვა ინტერესჯგუფებისთვის, რომლებიც მომრავლდნენ ხელისუფლებაში, გარკვეული დისკომფორტის მატარებელია, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა.
ის არც ერთ დაჯგუფებაში არ მონაწილეობს და, ბუნებრივია, სამიზნე ამ შემთხვევაში შეიძლება ისიც ყოფილიყო. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა. ასეთი ტიპის გეგმა რომ მიმართული ყოფილიყო გახარიას წინააღმდეგ და შეიძლება პროცესები ნამდვილად ისე განვითარებულიყო, რომ გახარიას გადადგომა გარდაუვალი ყოფილიყო, თვითონ რომ სწრაფი ზომები არ მიეღო, ეს გამოსარიცხი არ არის.
ეს არის ნამდვილად მრავალსაკითხიანი პრობლემა, სამიზნე შეიძლება ყოფილიყო გახარია, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გახარია სხვა ინტრიგებს და მამაძაღლობასაც უნდა ელოდოს, იმიტომ, რომ იმდენად შეიცვალა ხელისუფლებაში ძალის ცენტრების გადანაწილება, რომ ის უახლოეს პერიოდში იქნება მთავარი სამიზნე.
ასეთია ხელისუფლების ბუნება, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა კულისებში ყოველთვის მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ გახარიაზე შეტევები კიდევ განხორციელდება, – აღნიშნავს ექსპერტი.
გახარიაზე შეტევებს “ოცნებაშიც” ელოდებიან. ჩვენი წყარო ამბობს. რომ განსაკუთრებულ ინტერესს ის სია იწვევს, რომელიც შს მინისტრმა ამერიკიდან ჩამოიტანა.
მმართველი გუნდის კულუარებში საუბრობენ, რომ გახარიამ ამერიკაში გამართულ შეხვედრებზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმ პირებზე ისაუბრა, ვინც საქართველოს მომავალ მთავრობაში მოხვდება.
ერთი შეხედვით ცოტა დაუჯერებელია. რომ დამოუკიდებელი ქვეყანა სხვა სახელმწიფოს უთანხმებდეს მინისტრების დანიშვნას, მაგრამ საქართველოში ეს მოსულა. თან წლებია. ასეა. ხშირად თავად დეპუტატებს განუცხადებიათ, რომ ამა თუ იმ კანდიდატს ამერიკელები უჭერენ მხარს.
ახლაც ასე ამბობენ. ოღონდ არ იციან, ვინ მოხვდა გახარიას სიაში. სამაგიეროდ იციან. სად წავა ბახტაძე. გავრცელებული ინფორმაციით, ის საზღვარგარეთ გააგრძელებს სწავლას.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, განიხილება ახლადგამინისტრებული ნათია თურნავას მოხსნის საკითხიც. თუმცა ეს ალბათ რთული იქნება – ქალს, რომლის სახელსაც პანკისის არეულობა უკავშირდება, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა – უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი – ლობირებენ.
შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრად ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კანდიდატურა განიხილება. თავიდან ის სუსის უფროსად მოიაზრებოდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ვახტანგ გომელაურმა ივანიშვილთან ურთიერთობა მოაგვარა და პოსტს აღარ დატოვებს.
შს მინისტრის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატურა განიხილებოდა კახა საბანაძის სახით, თუმცა პანკისის ამბებმა მასაც გაუფუჭეს საქმე.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა