ვანის პოლიციაში ახალგაზრდა ქალის და მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ქალი ყოფილი ქმრის მეგობარს და მის ოჯახს, რომელიც ასევე მისი ნათესავებიც არიან, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ თეკო მიქაძემ საკუთარ ფეიბუქის გვერდზე დაწერა, რის შემდეგაც ის იმერეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებლებმა დაკითხვაზე დაიბარეს და გამოკითხეს.
კურიერის ინფორმაციით, ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი ექსპერტიზაზე იმყოფებიან.
ახალგაზრდა ქალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღის პირველ ნახევარში ყოფილ ქმარს შვილი გააყოლა, დღის ბოლოს კი, შვილს სახეზე მრავლობითი დაზიანებები, დალურჯებები და ნაკაწრები აღენიშნებოდა. მისი თქმით, ამ ფაქტის გამო დაწყებული ჩხუბი ისე გამწვავდა, რომ ყოფილი მეუღლის მეგობრის ოჯახმა, რომლებიც ქალის ნათესავებიც არიან, სცემეს.
კურიერი ახალგაზრდა ქალის მამასაც ესაუბრა, რომელმაც შვილის ნაამბობი დაადასტურა.
„წაიყვანა გუშინ ბავშვი და მოვიდა სახედალურჯებული. ამის შემდეგ დედამ ითხოვა, რატომ მოხდა ასე და ეგ ნიკა გიორგაძესთან იკითხეთო. ავიდა ჩემი შვილი, იცემა და დაბრუნდა იქიდან ნაცემი. ნიკა გიორგაძე ჩემი ყოფილი სიძის ძმაკაცია. მთელმა ოჯახმა სცემა, ვისთანაც იყო,“ – განაცხადა ახალგაზრდა ქალის მამამ.
ყოფილი რძლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ყოფილი დედამთილი კატეგორიულად უარყოფს და ინციდენტის განსხვავებულ ვერსიას ყვება.
„მიხტომია ჯიპით და ნიკას იერიშით, რატომ გამილახა შვილიო. დაეტაკა თემოს, ჯიპის გასაღები ჩასცხო, მეტკინა დედაო, ლამის გონება დავკარგეო. დასისხლიანებული მოვიდა,“ – განაცხადა ახალგაზრდა ქალის ყოფილმა დედამთილმა.
ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ძალადობის შემთხვევები ადრეც მომხდარა, რის გამოც ქმარს გაშორდა. მისი თქმით, წლების განმავლობაში სამართალდამცველები არ იცავდნენ, რადგან მის ყოფილ მეუღლეს ადგილობრივ პოლიციაში გავლენიანი ახლობლები ჰყავს.
ამ ფაქტით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ. უფლებადამცველები საკითხის შესწავლაში უკვე ჩაერთნენ.
თეკო მიქაძე – „თუ ბავშვს რაიმე ძალით დამართეს, ყველას ყელს გამოვჭრი ჩემი ხელით“ – რა ხდება ვანში

