მურმან დუმბაძე – “ივანიშვილი მარგველაშვილს პირველი ლედის გამო ეჩხუბა, ქუცნაშვილი ერთ სიტყვას გადააყოლეს”

მურმან დუმბაძე - "ივანიშვილი მარგველაშვილს პირველი ლედის გამო ეჩხუბა, ქუცნაშვილი ერთ სიტყვას გადააყოლეს"რატომ გადაემტერა სინამდვილეში ივანიშვილი მარგველაშვილს, რა ვერ აპატია ალასანიას, რატომ და როგორ დასაჯა ქუცნაშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.
– მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხათრით მთელი “ოცნება” იმის გამო გადაეკიდა, რომ ეს უკანასკნელი ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა. მოქმედმა პრეზიდენტმა კი თქვა, არ შევალო, მაგრამ უკვე შესულია და ოფიციალურ შეხვედრებს იქ მართავს. მათ შორისაც უნდა ველოდოთ რაიმე კონფლიქტს?
– არა მგონია. ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს ამ სასახლის გამო არ დაუპირისპირდება. სასახლის გამო ის არც გიორგი მარგველაშვილს დაპირისპირებია. მათ შორის უთანხმოების მიზეზი სულ სხვა იყო და ამის შემსწრე თავად ვარ. მას სხვა თვითმხილველებიც ჰყავს.
2012 წლის 2 ოქტომბრამდე ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული ვიყავი, თუ მასთან შეხვედრა არ მქონდა, დღეში მინიმუმ ხუთჯერ მაინც მირეკავდა. უამრავ რამეზე და ვინმეზე გვისაუბრია ჩვენ პირისპირ. რადგან ეს ჩვენი კერძო საუბრები იყო, მათ არავითარ შემთხვევაში არ გასავასაჯაროებ. ინციდენტს, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, ბევრი ადამიანი ესწრებოდა და ამიტომ არ მერიდება მისი მოყოლა.
2013 წელს საქართველომ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი აირჩია. მისი არჩევიდან ძალიან მალე ივანიშვილმა, დაპირებისამებრ, პრემიერის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე წარადგინეს ირაკლი თარიბაშვილი.
“ოცნების” ლიდერმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მას ღარიბაშვილიც დაესწრო და მარგველაშვილიც. იქ ივანიშვილმა რამდენიმე განცხადება გააკეთა. ყველაზე საინტერესო იყო ერთი განცხადება, რომლისთვისაც მედიას ყურადღება არ მიუქცევია.
ივანიშვილმა თქვა, რომ რაკი საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა, ქვეყნის პირველი ლედი ღარიბაშვილის მეუღლე იქნებოდა. როცა ეს სიტყვები თქვა, მის გვერდით მდგარი მარგველაშვილი შეიშმუშნა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ პირველ ლედის ვერავინ დანიშნავს, პირველი ლედი კონსტიტუციით პრეზიდენტის მეუღლეა.
როცა ეს შეხვედრა დასრულდა, მისი მონაწილეები დარბაზიდან გავედით. უცბად რაღაც ჩოჩქოლი ატყდა, ახლოს მივედი და ვხედავ, ივანიშვილი და მარგველაშვილი კამათობენ.
“ოცნების” ლიდერი პრეზიდენტს ეკითხებოდა, რა არ მოგეწონა ჩემს სიტყვებშიო. მარგველაშვილი ამაზე შეეპასუხა. ოდნავ მოშორებით ვიდექი და ვერ გავიგონე, რა უთხრა.
რამდენიმე დღის შემდეგ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან ვიგებ, რომ “ოცნების” ლიდერმა პრეზიდენტი თავის სასახლეში დაიბარა და კარგად მიჯირყვნა ამის გამო.
– რის გამო მიჯირყვნა?
– იმის გამო მიჯირყვნა, რომ პრეზიდენტმა გაბედა და მის სიტყვებზე უსიამოვნოდ შეიშმუშნა. მათ შორის უქეიფო ხასიათი იმ დღიდან დაიწყო.
– სასახლეს რატომ დაბრალდა მათ შორის დაპირისპირება?
– აბა პირდაპირ ხომ არ იტყოდნენ, პირველი ლედის დასახელების გამო მოხდა უთანხმოებაო. ავლაბრის პრეზიდენტის სასახლე არაფერ შუაშია. ივანიშვილს ეს რომ არ აღელვებს, დღეს მიმდინარე პროცესებიც მეტყველებს. სალომე ზურაბიშვილი ორ სასახლეში გამაგრდა.
– აქამდე რატომ არ თქვით, თუ რატომ დაიწყო მათ შორის დაპირისპირება?
– 6 წლის წინ რომ მეთქვა ეს ამბავი, არავინ დამიჯერებდა. მაშინ ხალხს ივანიშვილის ჯერ კიდევ ბრმად სჯეროდა.
ამ ამბებიდან 6 წლის თავზე თავად დრომ გამოაჩინა, რომ პრეზიდენტის სასახლე შუაში არ ყოფილა.
– გამოდის, რომ ივანიშვილი მარგველაშვილს მიმიკის გამო გადაემტერა.
– კი არ გამოდის, ასე იყო. “ოცნების” ლიდერმა პრეზიდენტს ის არ აპატია, რომ ეს უკანასკნელი მის სიტყვებზე შეიშმუშნა. ამის გამო მიდიოდა 5 წლის მანძილზე მათ შორის ომი, რამაც საქართველო დააზარალა.
– მარგველაშვილს თუ ერთი მიმიკა არ აპატია, სხვებს რატომ პატიობს მის ლანძღვას?
– ვის აპატია ივანიშვილმა გალანძღვა. მას ასეთი რამეების პატიება არ ახასიათებს.
– როგორც ამბობენ, “ოცნებიდან” წამოსულებისგან ივანიშვილი ახალ ძალას ქმნის. ეს ხალხი “ოცნების” ლიდერს ღიად ლანძღავს, ამას როგორ უძლებს?
– ეს ხალხი ბოლომდე მის დაქვემდებარებაში არ არის. ასე რომ ყოფილიყო, “ოცნების” ლიდერი ამას არ მოითმენდა. ისე მას აწყობს, რომ რომელიმე ოპოზიციური ძალა გააკონტროლოს. მის ინტერესებშია, რომ 2020 წლის არჩევნებზე ისევ ხელისუფლებიდან იშვას ახალი ხელისუფლება.
ეს კაცი განსხვავებულ აზრს ვერ იტანს და ამიტომ მოიძულა მან ეკა ბესელია. ძალიან კარგად მახსოვს, რა საინტერესოდ მიდიოდა მათი ურთიერთობა 2012-2015 წლებში.
2016 წელს ქალბატონი ეკა ისევ გახდა პარლამენტის წევრი. მას წამყვანი კომიტეტიც ჩააბარეს, მაგრამ მერე მოიშორეს. ამის მიზეზი, შესაძლოა, ბესელიას ერთი მიმიკა გამხდარიყო. ბედნიერი კაცი ვარ, ამ კაცს ადრევე რომ გავემიჯნე.
მე კიდევ შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები, თუ როგორ დაუპირისპირდა ერთი სიტყვის გამო ის “ოცნების” წევრებს.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ოცნება” დიდი სერიოზულობით შეუდგა პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას. განიხილებოდა რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა.
საპრეზუდენტო ამბიციები ჰქონდა ირაკლი ალასანიას. ამაზე მის პარტიაში მიდიოდა მსჯელობა. თავისუფალი დემოკრატები აპირებდნენ, რომ ივანიშვილისთვის თავიანთი ლიდერის კანდიდატურა შეეთავაზებინათ.
ივანიშვილმა სხვებისგან გაიგო ეს ამბავი და გადაირია, ჩემთან შეთანხმების გარეშე როგორ გაუჩნდა ალასანიას ასეთი ამბიციაო. პრეზიდენტად წარდგენას ვინ ჩივის, ხელისუფლებამ ალასანიას წინააღმდეგ ღია ბრძოლა დაიწყო. დაახლოებით იგივე ისტორია შეემთხვა ზაქარია ქუცნაშვილს.
– ზაქარიას რისი ამბიციები გაუჩნდა?
– ის ერთ უბრალო სიტყვას გადააყოლეს. არადა ეს ადამიანი არის ძალიან კარგი იურისტი და კარგი კანონმდებელი.
2013 წელს თანამდებობიდან გადააყენეს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. ოფიციალურად გვითხრეს, რომ ის თავისი ნებით გადადგა, რაც სისულელეა.
ჟურნალისტებმა ქუცნაშვილს ჰკითხეს, იურისტი ხართ და მთავარი პროკურორის პოსტზე თქვენს თავს ხომ არ მოიაზრებთო. ზაქარიამ უპასუხა, რაკი იურისტი ვარ, არაფერი გამორიცხული არ არისო.
ადამიანმა არც მწვადი დაწვა, არც შამფური, მხოლოდ ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა. მისი კომენტარი ტელევიზიამ გაუშვა. ივანიშვილმა ქუცნაშვილი იმ საღამოსვე დაიბარა და ნემსის ყუნწში გააძვრინა.
თავს რისხვა იმიტომ დაატეხა, რომ მან გაბედა და პროკურორის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი ისე გამოთქვა, რომ ეს ივანიშვილთან არ შეათანხმა.
“ოცნების” ლიდერი მას ეჩხუბა, რომელი ილია ჭავჭავაძე შენ ხარ, რაღაც თანამდებობა რომ მოინდომე და თან ეს გუნდთან შეთანხმების გარეშე გაახმოვანეო. გუნდში ივანიშვილი საკუთარ თავს გულისხმობდა.
არადა დეპუტატმა მხოლოდ კითხვას უპასუხა. ივანიშვილისთვის ეს საკმარისი გამოდგა, რომ ზაქარია დაესაჯა.
– რითი დასაჯა?
– დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. ქუცნაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან გახდა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერი. ივანიშვილის მოთხოვნით, მან ეს თანამდებობა დატოვა.
ქუცნაშვილს მარტო ეს სასჯელი არ აკმარეს. მას საზღვარგარეთ წასასვლელ დელეგაციებში აღარ სვამდნენ. ასე ექცევიან დღეს ეკა ბესელიას.
– თუ ასეთი რეპრესირებული იყო ზაქარია, რანაირად დაასახელა “ოცნებამ” 2016 წელს მაჟორიტარად?
– ეს საინტერესოა ამბავია. ამას ზაქარია საყდრისს უნდა უმადლოდეს. ივანიშვილს საყდრისის აფეთქებისთვის მიზეზი უნდოდა. ზაქარიას მამამ, ბატონმა ომარმა, ივანიშვილისთვის სასარგებლო დასკვნა დაწერა საყდრისზე.
ივანიშვილს ვიცესპიკერობიდან ჩემი გადაყენებაც უნდოდა, მაგრამ მე აჭარის კვოტით ვიყავი და ამის გაკეთება ცოტა გართულდა.
მე ბევრი მეგობარი შემომრჩა “ოცნებაში” და ისინი მიყვებოდნენ, თუ როგორ აგროვებდა ქალბატონი ეკა ბესელია ჩემ გადასაყენებლად ხელმოწერებს. ის მაშინ ივანიშვილის ნებას ასრულებდა. მე ვერ გადამაყენა, მაგრამ, ივანიშვილის დავალებით, მას კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. ასეა, ადამიანი სხვას რომ უთხრის ორმოს, ადრე თუ გვიან იქ თავად ჩავარდება.
ივანიშვილთან დაკავშირებით ერთი ამბავი ადრეც გითხარით, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია და კიდევ გავიმეორებ. 2013 წლის თებერვალში, როცა ის ჯერ კიდევ პრემიერი იყო, დამირეკა და მითხრა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, ქუჩაში რამე არ დამმართნოდა.
იმ მომენტისთვის მე ივანიშვილთან უკვე დაპირისპირებული ვიყავი. ის ფაქტიურად დამემუქრა. ეს ამბავი მედიამაც გააშუქა. ამაზე პროკურატურას საქმე უნდა აღეძრა, მაგრამ არ აღძრა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა