ნიკოლოზ მჟავანაძე – “ივანიშვილს უნდა, რომ ხალხმა “ოცნება” დაამხოს”

ნიკოლოზ მჟავანაძე - "ივანიშვილს უნდა, რომ ხალხმა "ოცნება" დაამხოს"რატომ მფარველობს ივანიშვილი ზარდიაშვილ-ჩინჩალაძეს, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის სირცხვილი, რისკენ უბიძგებს ხელისუფლება ხალხს, რატომ აირივნენ ასე მწარედ მეოცნებეები და რით შეიძლება დასრულდეს მათი დაბნეულობა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.
– “იმედის” ეთერში ივანიშვილის ბოლო გამოსვლამ მამალი ქოცებიც კი შოკში ჩააგდო. იმის ნაცვლად, რომ ადამიანს შეცდომები ეღიარებინა, ზარდიაშვილს და მურუსიძეს გადაეფარა. რასთან გვაქვს საქმე?
– არც კი ვიცი, რა ვთქვა. სასამართლოში მიმდინარე პროცესების გამო “ოცნების” მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მკვეთრად გაუარესდა. ივანიშვილის განცხადებების შემდეგ კი რა გამოვიდა, ვისაც სასამართლოში მიმდინარე პროცესები არ მოგვწონს, ყველანი ნაცები და კაპიტანი გიგაურის მიმდევრები ვყოფილვართ. სად იყო კაპიტანი გიგაური, ჩვენ რომ მურუსიძე-ჩინჩალაძეს ვუპირისპირდებოდით.
მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი წინა რეჟიმს ემსახურებოდა. რა გარანტიაა, რომ ეს კლანი ახლა ამ ხელისუფლების მსახური არ იქნება?! მოსამართლე ერთხელ თუ იყო ვიღაცის მსახური, მეორედაც გააკეთებს ამას. რა უბედურებაა ამათი უვადო მოსამართლედ არჩევა. უვადო მოსამართლედ არჩევისას წესიერება და სამართლიანობა უნდა იყოს პრიორიტეტი და არა – მონობის ხარისხი.
ივანიშვილი გვეუბნება, რომ ეს მოსამართლეები ადრე კი იყვნენ ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ ახლა თავისუფლები არიან. რაღაც მეეჭვება, რომ თავისუფლები იყვნენ. ვთქვათ და დავიჯერე, რომ ახლა თავისუფლები არიან, მაგრამ იმ ქმედებებზე არ უნდა აგონ პასუხი, რაც იმ დროს ჩაიდინეს, როცა ზეგავლენის ქვეშ იყვნენ?!
როცა მოსამართლეებზე მიდის საუბარი, ხშირად ახსენებენ მურუსიძის კლანს. არ არის, ხალხო, ეს ასე. ეს მურუსიძის კი არა, ჩინჩალაძის კლანია. მურუსიძე ამ კლანის წარმომადგენელია.
რას ეუბნება ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია, უჩივიან ჩინჩალაძეს? პირადად მე მის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარი მაქვს პროკურატურაში.
არ გეგონოთ, რომ ჩინჩალაძე და მისი კლანი მხოლოდ სასამართლო სისტემას აკონტროლებდეს. მას წვდომა აქვს პროკურატურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე და სუსზე.
– სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ჩინჩალაძის კლანი აკონტროლებს?
– შეიძლება არ აკონტროლებს, მაგრამ წვდომა აქვს. სუსზე ზედამხედველი პროკურორი არის მიხეილ შაყულაშვილი, რომელიც წლების წინ მცხეთაში ჩინჩალაძესთან ერთად მუშაობდა.
“ოცნებას” ტყუილად ჰგონია, რომ მოსამართლეების ამბავი გაუვა. იმის იმედიც ტყუილად აქვთ, რომ რადგან ჩინჩალაძის კლანს ნაცებიც ლანძღავენ, ჩვენ ხმას აღარ ამოვიღებთ.
ნაცებს იმიტომ აქვთ ასეთი აღვირახსნილი კამპანია, რომ ეს მოსამართლეები მაგათ დააფრთიანეს და იციან, რასაც წარმოადგენენ. ნაცებს ის აწუხებთ, რომ მათ უღალატეს, ჩვენ კი ის, რომ ესენი დამნაშავე რეჟიმის ნაწილი იყვნენ.
მოიცა, ნაცებმა რომ თქვან, დილით თენდებაო, ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ ღამდება? რაღაცა გადაკვეთის წერტილები თუ არის, ეს არ ნიშნავს, რომ მათი თანამოაზრეები ვართ.
ივანიშვილმა კი რა ქნა? ადგა და ყველა, ვისაც დამნაშავე რეჟიმის ნარჩენები არ მოგვწონს, ნაციონალებად გამოგვაცხადა. ამით მან საკუთარ თავს გაუკეთა ძალიან ცუდი საქმე. სალომე ზურაბიშვილზე გაღიზიანებული ხალხის რისხვა მისკენ წავიდა.
– ივანიშვილზე ამბობენ, ბრძენიაო და იმდენს ვერ ხვდება, რომ საკუთარ თავს ცუდს უკეთებს? თუ სპეციალურად აკეთებს ასე?
– მართალი გითხრათ, უკვე ვეღარ ვხვდები, რას ემსახურება ამ ადამიანის განცხადებები. ჩინჩალაძის კლანის თარეშს ის ადამიანები არ შეეგუებიან, ვინც საკუთარ ტყავზე იწვნია 9 წლიანი მმართველობის სისასტიკე.
ბატობი ბიძინა იმაზე რომ მელაპარაკება, შალვა შავგულიძე ნაციონალებთან წავიდაო, იმას რატომ არ ითვლის, რამდენი ნაციონალი ჰყავთ “ქართულ ოცნებაში”.
გულწრფელად გეუბნებით, არ მესმის, რატომ უნდა ამ ხელისუფლებას, რომ ხალხმა მძიმე განაჩენი გამოუტანოს.
– ხალხი გამოუტანს განაჩენს?
– გამოუტანს. სააკაშვილი მძიმე სოციალურ ფონს არ დაუმთავრებია, ის უსამართლობის გამო გაუშვა ხალხმა. იგივე მოხდა შევარდნაძის შემთხვევაშიც. ამის გამო ორი ხელისუფლება გავუშვით და კიდევ იმას გვეუბნებიან, უსამართლობას დავაკანონებთო. რატომ გვეჯინებიან და გვიჯიუტდებიან, არ მესმის.
ერთი ეჭვიც მაქვს ამ უცნაურ გაჯიუტებაზე – ჩინჩალაძის კლანის მიერ სასამართლო სისტემა უკვე დალაგებულია და “ოცნებას” თავიდან ამ სისტემის აწყობა არ უნდა.
– რატომ არ უნდა? ამდენ ლანძღვას ხომ მაინც აიცილებდნენ თავიდან?
– სისტემა რომ დაალაგო, საქმის კეთება უნდა იცოდე. “ოცნებას” ამის შნო არ აქვს. მაგათ მხოლოდ გაფუჭება იციან. არ გამოვრიცხავ, რაღაც სხვა ინტერესებიც იყოს.
გაიგოს “ქართულმა ოცნებამ”, რომ უსამართლობას არ შევეგუებით. ნაციონალებად და კაპიტან გიგაურის მიმდევრებად გამოცხადების შიშით ვერ გაგვაჩერებენ.
ბოლო დროს ხშირად ახსენებენ კაპიტან გიგაურს და იქნებ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ მასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ორგანიზაციებთან როცა საუბრობენ, მაშინ გიგაური კარგია.
– ეს გიგაურის აუტანლობა როდიდან დაეწყოთ, მისი დაქალი თამარ ჩუგოშვილი არ უზით პარლამენტში პირველ ვიცე-სპიკერად?
– რატომ მარტო ჩუგოშვილი? სახალხო დამცველი ლომჯარიაც მისი მეგობარია. კაპიტან გიგაურს კიდევ იმიტომ მტრობენ, რომ მასთან საერთო ენა ვერ გამონახეს.
– რას გულისხმობთ?
– ხელისუფლება ეკა გიგაურთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. ისიც კარგად ვიცი, რომ მას სერიოზულ თანამდებობას სთავაზობდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ შეთანხმდნენ.
არასამთავრობოებთან დაკავშირებით “ოცნებას” გაურკვეველი პოზიციები აქვს. როცა სჭირდებათ, ესენი ქვეყნის აღმშენებლები არიან, როცა უნდათ – დამაქცევრები.
“ოცნების” სამლარიანი მომხრეები რომ გაჰკიოდნენ, გამოვა ბიძინა და ვიღაცებს თავებს დააყრევინებსო, ესაა თავების დაყრევინება? გამოვიდა და რეჟიმის მსახურებს გადაეფარა.
ამ თემას არ ეხება, მაგრამ ავლაბრის რეზიდენცია თუ ისევ პრეზიდენტის სასახლედ უნდა გადაექციათ, რას ერჩოდნენ გიორგი მარგველაშვილს? ამ სასახლეში შესვლის გამო არ გადაემტერა ივანიშვილი? ახლა რა გამოვიდა, ერთის მაგივრად ორი სასახლე გვქნება, ქალბატონი სალომე ერთ სასახლეში სტუმრებს მიიღებს, მეორეში – იცხოვრებს.
თუ ასე იყო საქმე, დარჩენილიყო ავლაბარში, რას გავარდა ათონელზე და მილიონები დაახარჯვინა ბიუჯეტს მის გასარემონტებლად. თურმე სტუმრების მისაღები ფართი არ არის ამ სასახლეში. ან ეგ გამაგებინა, რომელი სტუმრები ჩამოდიან ამასთან.
რა ორი სასახლე, ხალხო, ერეკლე მეფეს სულ რამდენიმე ოთახი ჰქონდა. არის ქვეყნები, სადაც საერთოდ არ აქვთ პრეზიდენტებს რეზიდენციები.
ქალს არავითარი ფუნქციები არ გააჩნია, წელიწადში ორი სიტყვა უნდა თქვას, იმასაც სწორად ვერ ამბობს და ორი სასახლე მომინდომა. 9 აპრილს ამ ადამიანმა რაც იკადრა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
– 9 აპრილს მან რამდენიმე უცნაურობა ჩაიდინა. თქვენ რომელი გაქვთ მხედველობაში?
– 9 აპრილს დაღუპულთა გვარები შეეშალა და თამრიკო ჭოველიძე საერთოდ არ ახსენა.
– ამაზე განმარტება ხომ გააკეთეს?
– მაგ განმარტების გაკეთებას დუმილი ჯობდა. შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. შეგეშალა? გამოგრჩა? ბოდიში მოიხადე და ყველა გაგიგებს. ესენი კიდევ უსირცხვილოდ გადმოდიან შეტევაზე.
ამდენმა ოროსანმა როგორ მოიყარა ერთად თავი! კანონებს ესენი არ კითხულობენ, მწვანე და წითელი ღილაკები ეშლებათ. უკვე სერიოზულად მეშინია, ქალები კაცებში არ შეეშალოთ.
იმას, რაც ამ ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულების მიმართ იკადრა, ასე იოლად ვერ გავატარებ. რას ქვია გვარის გამორჩენა. ან რა უფლებით არ დაპატიჟეს ეკა ბეჟანიშვილის მშობელი.
– ვერ დავუკავშირდითო, ასე იმართლეს თავი.
– რას ქვია ვერ დაუკავშირდნენ. ვერ დამაჯერებენ, რომ ვერ დარეკეს. თუ ვერ დარეკეს, მაშინ მისულიყვნენ მის სახლში. ეკა ბეჟანიშვილი 15 წლის იყო, ჯერ სულ ბავშვი, როცა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ესენი იმაზეც არ იწუხებენ თავს, რომ მის ოჯახს მიაკითხონ.
ასევე მაინტერესებს, როდემდე უნდა იყვნენ 9 აპრილს დაღუპულები სტატუსის გარეშე. ასე გაგრძელება უკვე ქვეყნის შეურაცხყოფაა.
– სტატუსის გარეშე ყოფნაში რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ეს ადამიანები სათანადოდ არ არიან დაფასებული. ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირნენ, ფაქტობრივად, მათი სისხლით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ეროვნულ გმირებად არ უნდა გამოვაცხადოთ? დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მათ ეკლესიაც შერაცხავს წმინდანებად.
წარმოიდგინეთ, რანაირ ქვეყანაში ვართ, რომ სამშობლოსთვის დაღუპულებს არანაირი სტატუსი არ აქვთ. ვის რაში სჭირდება მაგათი მადლობა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთით მივმართო კახა კალაძეს, რა გახდა ლეილა ვეფხვაძისთვის ერთი პატარა ბინის ყიდვა? ეს ადამიანი არის ცოცხალი გმირი. ის 9 აპრილის სისხლიან დილას, მაშინ როცა ტანკები და ნიჩბიანები ხალხის დასარბევად დაიძრნენ, მღეროდა. მისმა სიმღერამ იქ მყოფები გაამხნევა და საბრძოლო განწყობა გაუღვივა.
დიახ, ეს ქალი არის გმირი. ერთი წამით წარმოიდგინონ მის ადგილზე თავი. როგორია იმღერო მაშინ, როცა ჯარი მოდის და იცი, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება მოგკლან.
თავმოყვარე ქვეყანა რომ ვიყოთ, ამ გმირ ქალს ბინასაც მისცემდნენ და პენსიასაც დაუნიშნავდნენ. ის კი დღემდე მეტროში მათხოვრობით ირჩენს თავს.
ეს რა ქვეყანაა, ხალხო, თბილისის ცენტრში ბეჰემოტებს უდგამენ ძეგლებს და გმირები სტატუსის გარეშე ჰყავთ. ცოცხლად გადარჩენილ გმირს კი მეტროში ამათხოვრებენ. ეს არის ქვეყნის სირცვილი და ხალხის შეურაცხყოფა.
გმირების დაფასების შნოც თუ არა გაქვთ, მაშინ გაჩუმდით მაინც და იმ ქალს ნუ ალაპარაკებთ. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის საქართველოს შეურაცხყოფა.
ამ ქალს გარემოცვაც თავისნაირი ჰყავს, კაციშვილი არ ეუბნება, ასე ნუ იქცევიო. კარგი, აქ ვეგუებით მის სისულელეებს, ვბრაზდებით და ხან ვიცინით, მაგრამ იმაზე რატომ არ ვდარდობთ, რომ ის საზღვარგარეთ დადის ოფიციალური ვიზიტებით.
– ეს რატომ არის სადარდებელი?
– აქ ორ სიტყვას რომ სწორად ვერ ამბობს, რა გარანტია გვაქვს, რომ საზღვარგარეთაც სისულელეს არ იტყვის. ის ქვეყნის ხელისუფლებას წარმოადგენს და შეიძლება დიდ შარში გაგვხვიოს და თავი მოგვჭრას.
რატომღაც მგონია, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა ხალხის უდიდესი რისხვა გამოიწვიოს. მეშინია, იგივე არ მოხდეს, რაც სომხეთში მოხდა.
გახსოვთ ალბათ, 20 წლის წინ სომხეთის პარლამენტში შეიარაღებული პირები შევარდნენ, შესძახეს, გეყოფათ სომეხი ხალხის სისხლის სმაო და იქვე მიაცხრილეს პრემიერი, ვიცე-სპიკერი, დეპუტატები.
– იმედია, რომ საქართველოში ასეთი რამე არ მოხდება.
– ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აშკარაა, რომ “ოცნება” ხალხის გასამწარებლად ყველაფერს აკეთებს. და რა წაიღეს ამ ნაციონალებით მართლა ტვინი. დამნაშავეები თუ არიან, ადგნენ და გაასამართლონ. მეშვიდე წელია, ხელისუფლებაში არიან.
ნაციონალების სისხლიან დარბევებზე რომ მესაუბრებიან, მაგათ ვიცე-სპიკერმა, ჩუგოშვილმა, აუნთო მწვანე სააკაშვილს 26 მაისის დარბევაზე. ბევრს სთხოვა სააკაშვილმა ამაზე ნებართვა, მაგრამ კაციშვილი ვერ მონახა.
ჩუგოშვილი ისე გათავხედდა რომ პატრიარქი ჰომოფობად გამოაცხადა. ამაზე ბოდიშიც კი არავის მოუხდია. ეს რომელიმე ნაციონალს რომ გაეკეთებინა, ჯვარს აცვამდნენ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი კეთდება ხალხის გასაღიზიანებლად. ასე მგონია, ივანიშვილს უნდა, რომ ხალხმა “ოცნება” დაამხოს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა