ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველებს ქონების მემკვიდრეობის უფლებასაც ართმევენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველებს ქონების მემკვიდრეობის უფლებასაც ართმევენოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს და იქიდან დევნილებს კიდევ ერთ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას უმზადებენ. ადგილობრივ პარლამენტში, ანუ სახალხო კრებაში განიხილება მათთვის ქონებრივი მემკვიდრეობის უფლების აკრძალვა. უკავშირდება თუ არა ეს 21 ივლისს დაგეგმილ “საპრეზიდენტო” არჩევნებს, ჯერ ბუნდოვანია. პროექტის ინიციატორები ამას საზოგადოების დაკვეთის შესრულების სურვილით ხსნიან.
პარლამენტის წევრი რაულ ლოლუა, რომელიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია, აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ ომის ვეტერანები. ისინი პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბოლო დროს აფხაზეთში უძრავ ქონებას იფორმებენ ქართველები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, შემდეგ აფხაზების წინააღმდეგ ომში იბრძოდნენ და სხვაგან გადასახლდნენ.
რაულ ლოლუა მზადაა, შეიმუშაოს დამატება ადგილობრივ სამოქალაქო კოდექსში, რომელიც აუკრძალავს ამ კატეგორიის პირებს უძრავი ქონების დაკანონებას.
ლოლუა განმარტავს, რომ შეზღუდვები უკვე არსებობს, მაგრამ ისინი დასახვეწია. აფხაზური კოდექსის თანახმად, საოკუპაციოდ ითვლება საქართველოს ჯარი. კოდექსით, მოქალაქეებს, რომლებიც იბრძოდნენ ან იბრძვიან აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ და ეხმარებოდნენ საოკუპაციო ჯარებს, მემკვიდრეობის უფლება არ გააჩნიათ.
შესაბამის მუხლს ემატება ჩანაწერი მათი ოჯახის წევრებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ომში რუსეთის წინააღმდეგ ნაბრძოლი მეომრის შთამომავალს კანონიერ ქონებაზე პრეტენზია ვერ ექნება.
ქონების გაფორმებაზე აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ისედაც დაბრკოლებები აქვთ შექმნილი. ბოლო წლებში აფხაზურ პასპორტებს არ აძლევენ. ბინადრობის მოწმობით ქონებას ვერ დაიკანონებ. ზოგჯერ მათთვის ბინადრობის მოწმობებიც მიუწვდომელია.
შესაძლოა, ქართველების გაურკვეველი მდგომარეობა და ჩაგვრა, ან ომის გახსენება გახდეს “საპრეზიდენტო” კანდიდატების წინასაარჩევნოდ გასააქტიურებელი საკითხი.
კოდექსში დამატების შეტანის ინიციატორი ხალხს აჯერებს, რომ ვეტერანების მოთხოვნას ასრულებს, რაც ეჭვებს ბადებს.
თუ საოკუპაციო რეჟიმის კანონმდებლები საზოგადოების დაკვეთებს ეყრდნობიან, მაშინ მათ იმ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაც უნდა შეასრულონ, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას ეხება. მოქალაქეთა ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს დეკლარაციების შევსების შემოღებას და უკანონოდ გამდიდრებულების სისხლის სამართლის წესით დასჯას.
მათი თქმით, მაღალჩინოსნების დანახარჯები ათასობით აღემატება მათ ხელფასებს. ისინი ხსნიან აფთიაქებს, სასტუმროებს, სხვა ობიექტებს როგორც აფხაზეთში, ისე სოჭში.
ამ დღებში გამოქვეყნებული აფხაზეთის კონტროლის პალატის მასალების თანახმად, შარშან გამოვლენილია საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების გამოყენების 270 მილიონი რუბლის არამიზნობრივი და არაეფექტური გამოყენების შემთხვევები.
წინაასაარჩევნოდ ოკუპირებულ რეგიონში თვალშისაცემია კორუფცია, მძიმე სოციალური მდგომარეობა და კრიმინალის თარეში. ამას ახლავს პოლიტიკური დაძაბულობა.
ამ ქაოსურ დროს საოკუპაციო რეჟიმი ფიქრობს ქართველების მიმართ ახალ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებზე.
აფხაზეთში არსებულ ვითარებას ფეთქებადსაშიშად აღიარებენ პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ტარას შამბა აღნიშნავს, რომ აფხაზეთში გაჭიანურებული კრიზისია და ბევრს 2004 წლის მოვლენების გამეორების ეშინია. მისი აზრით, “საპრეზიდენტო” არჩევნები ან კრიზისიდან გამოსავალი იქნება, ან საბოლოო კატასტროფა.
იკვეთება დაპირისპირება გამოცდილ პროფესიონალ, იდეებგაცვეთილ პოლიტიკოსებსა და გამოუცდელ ამბიციურ ახალგაზრდებს შორის. კონფლიქტი რომ არ გაღრმავდეს, უნდა მოხდეს თამაშის წესებზე შეთანხმება, ხოლო არჩევნების შედეგებზე კამათი ცივილიზებულად უნდა წარიმართოს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აუცილებელია დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში.
საარჩევნო დაძაბულობაზე საუბრების მიუხედავად, საჯაროდ ჯერ მხოლოდ ერთი პრეტენდენტი გამოიკვეთა – ასტამურ თარბა.
“საპრეზიდენტო” არჩევნებში მოსალოდნელია ასევე მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და აქტიური ოპოზიციონერის, დეპუტატ ასლან ბჟანიას მონაწილეობა. შესაძლოა, თავიანთი კანდიდატი წამოაყენოს პოლიტიკოსების ახალგაზრდულმა ფრთამაც.
კანდიდატებს მოუწევთ საუბარი იქ მცხოვრებ ქართველებზე, რომლებსაც ყველანაირი სტატუსი და ქართულ ენაზე სწავლის უფლება წაართვეს.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა