“პრემიერი გურულმა „ქოცებმა“ დატუქსეს“

"პრემიერი გურულმა „ქოცებმა“ დატუქსეს““ოზურგეთში კარგ ხასიათზე ჩამოსული პრემიერი გურულ ქოცებს პარტიის ოფისში დაუბარებიათ და ჭანუყვაძის განთავისუფლებისთვის ისე დაუტუქსავთ, სტუმრად მოსული კაცი ვერტმფრენამდე სულ წკმუტუნ-წკმუტუნით გაქცეულა.
თვითმხილველები იმასაც ამბობენ, გაბრაზებულ ბახტაძეს ვერტმფრენიდან გადმოუძახია-ჩემი ფეხი მეტი აღარ იქნება თქვენს ბარაზეო.”-ასე ეხმიანება ოზურგეთის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” – ლიდერი და საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე გუშინ, პრემიერის ვიზიტსა და “ქართული ოცნების” ოფისში სტუმრობას. გარდა მჟავანაძისა, ძალიან ბევრი “ცნობისმოყვარე” ადამიანისთვის იყო თვალშისაცემი ის ფაქტი, რომ გურიის ყოფილი გუბერნატორი და “ქართული ოცნების “ადგილობრივი თავმჯდომარე, მერაბ ჭანუყვაძე გუშინ პრემიერის გვერდით არ გამოჩენილა და მას არც “ქართული ოცნების” ოფისში დახვედრია.

ბოროტი ენები კი იმასაც ამბობენ, რომ პრემიერსა და ჭანუყვაძეს შორის შავმა კატამ ჯერ კიდევ გასულ წელს, კურორტ ბახმაროში გაირბინა, როდესაც ტრადიციული სახალხო დღესასწაულის “დოღი”-ს დასრულებიდან რამდენიმე საათში, მაშინდელ გუბერნატორს, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დააწერინა.

ოზურგეთში ვიზიტისას, მთელი დღის განმავლობაში კარგ ხასიათზე მყოფი პრემიერის განწყობა გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ადგილობრივ ოფისში ვიზიტის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების რეზიდენციაში სტუმრობის შემდეგ, დიდი ხვეწნა-მუდარით პარტიის ოფისში მისულ პრემიერს თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე იქ არ დახვედრია (ჭანუყვაძე ექს პრემიერ კვირიკაშვილის კადრად ითვლება და შესაბამისად კვირიკაშვილთან ერთად ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულთა შავ სიაში შედის), სამაგიეროდ პრემიერს ოფისში დავით დარჩია, მარიკა ჩხიკვიშვილი, ხათუნა სურგულაძე, ბესო მელუა და სერის მაჟორიტარი, პედიატრი დავით მდინარაძე დახვდა. მარიკა ჩხიკვიშვილს ასფალტის ქარხნის “ნიუ როადის” “წყევლა -კრულვა” დაუწყია, როგორც გაირკვა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების, დედა-შვილ როზეტა სკამკოჩაიშვილისა და მარიკა ჩხიკვიშვილის მიერ ქარხნიდან წაღებული პროდუქციამ რამდენიმე ათას ლარს გადააჭარბა, არჩევნების შემდეგ კი, ქარხანამ მათ პროდუქციის უფასოდ გაცემაზე უარი უთხრა, რამაც ეს უკანასკნელები ეკოლოგიური ლოზუნგებით სოფელში მიმდინარე ქარხნის საწინააღმდეგო აქციების ავანგარდში ჩააყენა.

ჩხიკვიშვილმა პრემიერს ქარხნის ფუნქციონირების არამიზანშეწონილობაზე ესაუბრა, თუმცა მან პასუხად არაკომპეტენტურობაზე მინიშნებაც მიიღო.

ხათუნა სურგულაძემ კი, პრემიერს გუბერნატორ მერაბ ჭანუყვაძის განთავისუფლების გამო უსაყვედურა. რის გამოც, ბახტაძემ პარტიის ოფისი დროზე ადრე ისე დატოვა და სტადიონზე მდგარი ვერტმფრენისაკენ ის გაქუსლა არათუ “რადიატორთან მჯდარი” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახსენებია ვინმეს, ეს კი არადა, გუბერნატორი და მერი ძლივს დასწევიან მისასვლელთან.

გურიის მოამბე