“ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან” – ემზარ კვიციანი

"ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან" - ემზარ კვიციანიეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ახალგაზრდები ე.წ. კანონიერი ქურდის დედისთვის ფულის შეგროვების გამო დააკავეს.

კვიციანმა პლენარულ სხდომაზე გააპროტესტა სისხლის სამართლის კოდექსში 223-ე პრიმა მუხლის არსებობა, რომლის მიხედვითაც „ქურდული სამყაროს” წევრობა, ასევე „კანონიერი ქურდობა” ისჯება თავისუფლების აღკვეთით.

„მინდა შევეხო ერთ თემას, რასაც ჰქვია ქურდული ტრადიციები და ამ 223 – ე პრიმა მუხლს, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონებული. ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20 თუ 30 ლარი ვიღაცა კანონიერი ქურდის დედას შეუგროვეს. იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები, ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს.

ჩვენ კიდევ ამ კავკასიური და ქართველი ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და მაშინ ჩავსხდეთ ყველა ციხეში. ამასთან დაკავშირებით მართლა რაღაცაა მოსაფიქრებელი. ეს არის სპეციალურად გაკეთებული. გასაგებია, რომ რუსეთს აწყობდა, რომ მთელი ქურდული სამყარო წასულიყო დასავლეთში, რომ გაეკონტროლებინა მთელი ქუჩა დასავლეთში, მაგრამ ჩვენ ქართველები რა შუაში ვართ?” – განაცხადა ემზარ კვიციანმა