სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში მიღება მოაწყო

სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში მიღება მოაწყო

ჩემთვის, როგორც თქვენთვის, ალბათ, ამ ორი დროშის წინ დგომა არის რაღაც სხვა, ბევრ რამესთან არის დაკავშირებული და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოსთან. ორივე დროშის გულისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე დასდო, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა ყოფილიყო სამარადისოდ, -ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებს პრეზიდენტის ავლაბრის ყოფილ სასახლეში გამართულ მიღებაზე, რომელშიც როგორც საქართველოს არსებული სახელმწიფო დროშა, ისე ძველი დროშა იყო გამოფენილი.

სალომე ზურაბიშვილმა დამსწრეებს მიმართა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ამ ადამიანების დამსახურებაა.

„დღეს 9 აპრილს, აქ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჩვენ პირველად ვატარებთ ერთობლივ ღონისძიებას და ამისთვის მადლობა თქვენ. დღეს აქ მოვიპატიჟეთ პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ყველა წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ამ ადამიანების დამსახურებაა. მათი აქ ყოფნა, თქვენი აქ ყოფნა ნიშნავს თქვენს აღიარებას, მათი და თქვენი აქ ყოფნა საზოგადოებრივი თანხმობისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღეს აქ არიან 1989 წლის 9 აპრილის დაღუპულთა ოჯახის წევრები და მათ მინდა მივესალმო, აქ არის ის უზენაესი საბჭო, რომელმაც კარი გაუხსნა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს არ არის შემთხვევითობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, როგორც ვნების კვირას და ქრისტეს ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას.

„9 აპრილი არის ის თარიღი, რომლის მიმართ თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. 9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში ტრაგიკული თარიღია. ეს დღე გადატანილ განსაცდელს გვახსენებს, მაგრამ ტრაგედია გვაძლიერებს. მთელი ჩვენი ისტორია ამას მოწმობს, 9 აპრილიც ამის მაგალითია. ამ ტრაგედიამ მოგვცა ძალა, რომ დაგვეძლია საბჭოთა იმპერიის ტყვეობა და დამოუკიდებლობისთვის საძირკველი შეგვექმნა. 9 აპრილის გარეშე, შესაძლოა, არც რეფერენდუმი ყოფილიყო, არც მაშინდელი დამოუკიდებლობა და არც დღევანდელი. როგორც ვნების კვირას და ქრისტეს ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას. დღევანდელი საქართველო მათ მონაპოვარზე დგას.

არ შეიძლება არ ახსოვდეს საზოგადოებას, არ შეიძლება არ იცოდეს ახალგაზრდობამ იმ ადამიანების თავგანწირვის შესახებ, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანეს. არ შეიძლება საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ, რომელიც იდგა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავლაბრის სასახლეში 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის მიღება გაიმართა.

იპნ

სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში მიღება მოაწყო