შოთა მალაშხია – “2020 წლამდე “ოცნება” სულს გააფრთხობს”

შოთა მალაშხია - "2020 წლამდე "ოცნება" სულს გააფრთხობს"ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე “ახალი თაობა” ესაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას.
– 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ გრძელდება გამოხმაურებები ამ თემაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კონტექსტში არასამთავრობო სექტორს ნაციონალებთან უნისონში ყოფნას აბრალებენ, კახა კალაძე კი მოღალატეს უწოდებს ყველას, ვინც ჰესების მშენელობის წინააღმდეგია.
– მოღალატე არის არა ჰესების მოწინააღმდეგე, არამედ, ის, ვინც აცხადებს, რომ 2008 წელს რუსეთს ომი საქართველომ დაუწყო.
– ამ თემამ ბოლო დროს უკან გადაიწია.
– არავის დავიწყებია, რომ საქართველოს ამას ჯერ ივანიშვილი აბრალებდა, შემდეგ ზურაბიშვილი, რომელსაც მან პრეზიდენტობა უბოძა, ასევე კობახიძე და სხვები. მეორე ღალატი მდგომარეობს მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულებაში. “ქართული ოცნება” ხალხს არაფრად აგდებს არც ერთ რეგიონში. ეს უკვე ყველამ ნახა, როგორც პანკისში, ისე სამეგრელოში, იმერეთსა და სხვა რეგიონებში.
ამ ხელისუფლების ნამდვილი სახე საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოჩნდა. ივანიშვილის მმართველობა გაშიშვლდა და ნიღაბი ჩამოიხსნა. ხელისუფლება ებრძვის და მოღალატედ აცხადებს ყველას, რუსეთის გარდა. ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისათვის მტერია ყველა, პანკისისა და სვანეთის მოსახლეობით დაწყებული, მშიერი ბავშვებითა და შვილმოკლული მამებით დამთავრებული. მაჩალიკაშვილი და სარალიძე პროტესტს რუსთაველზე გამოთქვამდნენ, თორემ, მათსავით დაზარალებული სხვებიც არიან. ამ ხელისუფლებისთვის პენსიონერიც ოპონენტია. 2012 წლიდან მოყოლებული, რეალურად, პენსიები კი არ გაიზარდა, არამედ, 10 დოლარით შემცირდა. თავიდანვე, “ქართული ოცნების” პოლიტიკა ორიენტირებული იყო ერთი ჯგუფის კეთილდღეობაზე.
– ბოლოდროინდელი მოვლენები მხოლოდ ეკონომიკურ თუ ფინანსურ ინტერესს ემსახურება?
– ყველა ემსახურება ერთი კაცისა და მისი გარემოცვის ინტერესებს. ვინც ამის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს, მათი მტერი ხდება. მტრის ბანაკში მოხვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი მესამე სექტორი, მედია, მოსახლეობა.
– ბოლოდროინდელი მოვლენები პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა.
– ყველაფერი ფულს და კერძო სურვილებს უკავშირდება. ხომ ხედავთ, როგორ ღიზიანდებიან, როცა ჟურნალისტები ივანიშვილის ბიზნესპარტნიორზე სვამენ შეკითხვებს. ჰესების გარდა, იყო საყდრისის ვანდალური აფეთქება, ხეების ამოთხრა და გადატანა, პანორამა-თბილისის გარშემო განვითარებული მოვლენები. ერთი კაცი შოულობს ბევრ ფულს, შედარებით ნაკლებ საშოვარზე არიან გამოსული კალაძე, კობახიძე და სხვები.
– ფინანსური კეთილდღეობა აკეთებინებთ ასეთ გამომწვევ განცხადებებს და ეპატაჟურ ნაბიჯებს?
– ფინანსურ ინტერესს ახლავს განსაკუთრებული მდგომარეობა. ხელისუფლება აგონიაშია და გარდაცვალების წინ ამოძრავდა. ცხოვრებაში ხდება ხოლმე, როცა გარდაცვალების წინ მძიმე ავადმყოფი დიდ ენერგიას იგრძნობს. ასეა “ქართული ოცნება”. რატომღაც ეს ხალხი დარწმუნებული იყო, რომ პანკისში პოლიციის ჩაყვანით ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ ვერაფერს თავი ვერ მოაბა.
პანკისი, ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა რეგიონი, ხელისუფლებას თავისას არ გააყვანინებს. ხალხმა თავისი სიტყვა საპრეზიდენტო არჩევნების დროს თქვა. გაყალბება რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლება წააგებდა ამ არჩევნებს.
უკრაინაში მეორე ტურში დაახლოებით იმდენივე ადამიანი მივიდა, რამდენიც პირველ ტურში. ჩვენთან მეორე ტურში მოვიდა 20%-ით მეტი, ვიდრე პირველ ტურში. ეს მსოფლიომ ნახა. ჩვენ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ივანიშვილს და მის კანდიდატს დიდი პრობლემები შევუქმენით. მას ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ფინანსურად და პოლიტიკურად ძვირი დაუჯდა. კაცმა არ იცის, რისთვის სჭირდებოდა ასეთი ხარჯი. ოპოზიციამ მოთმინება გამოვიჩინეთ. ივანიშვილს არ მივეცით საშუალება, ჩვენთვის დესტრუქციული ეძახა. “ქართული ოცნების” მმართველობა საპარლამენტო არჩევნებში დამთავრდება.
– “ოცნება” მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. ოპოზიციის ნაწილი გახარიასა და თურნავას გადაყენებას მოითხოვს.
– თევზი თავიდან ყარს. რაც უნდა კარგი მინისტრი მოიყვანონ, ის ვერ გააკეთილშობილებს ივანიშვილის სისტემას. ივანიშვილის მთავრობის კრიტიკას მხარს ვუჭერ. რომელიმე მინისტრის გადაყენების მოწინააღმდეგე ვერ ვიქნები, მაგრამ მთავარი ხელისუფლების შეცვლაა.
– ეს ვადამდელი არჩევნებით მოხერხდება?
– ვადამდელი არჩევნები “ქართულ ოცნებას” აწყობს. ეს მისი მხრიდან გარკვეული ტრიუკი იქნება. 2020 წლამდე “ოცნება” სულს გააფრთხობს. ამიტომ ცდილობს თავის ნაწილების გადარჩენას. მე ამ ძალის გადარჩენა ნამდვილად არ მინდა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა