თაკო ჩარკვიანი – „ყველა სიბინძურე, რაც ბოლო წლებში ყოფილა, ღარიბაშვილის კლანს უკავშირდება“

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას განიხილავდა, თუმცა შემდეგ სანდრა რულოვსი დაასახელა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამან ვითარება იმდენად დაძაბა, რომ ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი.

შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია რეალობას, რატომ აღარ ჩანს ნიკა მელია აქტიურად და რას ელოდებიან შუალედურ არჩევნებზე? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საუბრობს:

_ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატად თავდაპირველად განიხილებოდა ნიკა მელია, შემდეგ კი სანდრა რულოვსი დააყენეს და ამის გამო ფიზიკური დაპირისპირებაც კი იყო. რას იტყვით ექსპრემიერის ამ განცხადებაზე?

_ საერთოდ ყოფილი პრემიერი არენაზე, რომ გამოჩნდა, ამაზე დიდი უხერხულობა არც კი მგონია რამე. თუ რაიმე სიბინძურე სადმე გინახავთ, პრესაში თუ ისე, სულ ამ კაცის სახელს და გვარს უკავშირდება. დიახ ღარიბაშვილის კლანს უკავშირდება, რაც საქართველოში განვითარებულა ბოლო წლებში.

რა თქმა უნდა ღარიბაშვილი არავინ არის, მთავარი ივანიშვილია, მაგრამ ის წუმპე, რაც წლებია ხდება – ტროლების ქარხნები, ბინძურის სტატიები და ა. შ. ეს ყველაფერი უკავშირდება ყოფილი პრემიერის სახელს და გვარს. პლუს იმ კაცისგან, ვისაც ჯერ საქართველოსთვის არ უთქვამს იმაზე პასუხი, რა განცხადებაც მან გააკეთა. მხედველობაში მაქვს ის, რომ მან ინფრასტრუქტურაში გაფლანგულ 1.5 მილიარდზე ილაპარაკა, ხომ გახსოვთ? ამაზე ჯერ პასუხი არ გაგვიგია, რაც მობრუნდა პოლიტიკაში. ასეთი კაცისგან ვის აინტერესებს რულოვსზე ლაპარაკი. იმ რულოვსზე, რომელმაც ზუგდიდში პრაქტიკულად არჩევნები მოიგო.

_ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობთ, როცა ზუგდიდში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს?

_ დიახ 2016 წელს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ განიხილა ეს და ტესტს ეძახიან ამას.

_ ამ ნიშნით აარჩიეთ?

_ აბსოლუტურად გადაიხარა იქითკენ. განსაკუთრებით ანაკლიამ მოგვცა საოცარი შედეგი. გარდა იმისა, რომ მაშინ ძალიან დიდი ხმები მიიღო, ამას გარდა რულოვსის კანდიდატურა აღიქვეს პოზიტივად. ობიექტურად, რომ ვიმსჯელოთ ანაკლიის პროექტი რულოვსის ოჯახის სახელს უკავშირდება. უცებ მოსულია მთავრობა, რომელიც ანაკლიის პროექტის არსებობას საფრთხეს უქმნის. ეს ფაქტი, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატია, ეს აღქმულია იმგვარად, რომ პროექტი არ დაზიანდეს.

_ მოდით გავცდეთ ღარიბაშვილის თემას, მაგრამ საზოგადოებასაც აინტერესებს. მეც ვიცი, რომ განიხილებოდა ნიკა მელიას კანდიდატურაც. მას შემდეგ, რაც რულოვსი დაასახელეთ, თითქოს აღარც ჩანს აქტიურად მელია. რატომ?

_ გიდასტურებთ, ნამდვილად განიხილებოდა მელია. მაგრამ, მერწმუნეთ, რომ მელია ისევ ჩვეულებრივად მუშაობს, რეგიონებში დადის… ნიკა მელია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც განხილვის დროს თქვა, რომ რაზეა საუბარი საერთოდ. ნიკაც ემხრობოდა იმ აზრს, რომ კარგი კანდიდატურა იქნებოდა ზუგდიდში სანდრა რულოვსის დასახელება.

_ კატეგორიულად გამორიცხავთ გუნდში ამ თემაზე დაპირისპირებას?

_ აბსოლუტურად. ფიზიკურად ადამიანები ადგილზე არ არიან. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მიზეზი და მეტი არაფერი.

_ ზუგდიდში ვნახეთ მძიმე ვითარება რამდენიმე დღის წინ. თქვენთვის იყო თუ არა ეს იმის ნიშანი, რომ ზუგდიდი ყველაზე ცხელი წერტილი იქნება შუალედურ არჩევნებზე?

_ არა მხოლოდ ზუგდიდი. მე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა ზუგდიდის ძალიან ეშინიათ, მაგრამ არა მხოლოდ ზუგდიდი იქნება ცხელი წერტილი.

„დაიცავი საქართველოს“ შეკრების დროს მე ძალიან მენიშნა დავით მხეიძის გამოსვლა. 2017 წელს ჰქონდა მას ინტერვიუ რუსული ნარატივის გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემული, სადაც ის ამბობდა: „ქართველები უმადურები ვართ, თორემ კითხვა რუსებმა გვასწავლეს“. ეს კაცი ავიდა სცენაზე, გურგულიამ მას გადახვია ხელი და თქვა, რომ ეს არის ჩვენი ძმა და თანამებრძოლიო. წაიკითხა ცუდ კონტექსტში ჭაბუა ამირეჯიბის წერილი, ჩვენ არ ვართ ევროპელებიო. სათავისოდ იყენებდა ამას, ბურჯანაძის სტილში, როცა ამბობს, რომ არც ნატო გვინდა და არც… ესეც ქართველობას „აწვებოდა“. ეს არის ტიპიური რუსული ნარატივი. ეს კაცი „ქართულ მარშში“ იყო. თუ მოიძიებთ კადრებს თქვენც დარწმუნდებით. როდესაც მან ბიძინას მამაპაპური ლანძღვა დაიწყო გურგულიამ უთხრა, ხალხს ნუ გადავაღლითო. წარმოიდგინეთ, რა ხალხი გამოჰყავთ. რისთვის იყენებს მათ ხელისუფლება.

_ იმ აზრს ავითარებთ, რომ ეს სახეები შუალედური არჩევნებისთვის გამოიყენეს?!

_ აბა რა! ღარიბაშვილს შემოყვება ყველანაირი სიბინძურე. რუსული ნარატივი სდევს თან. ეს არის ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კლანი. ამ ყველაფრის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი გახლავთ ახლაც კი რუსეთის მოსამსახურე ნუგზარ ფოფხაძე. ეს აჩემებული კი არ მაქვს. რასაც ვამბობ, ხომ მართლდება ხოლმე?!

ეს კლანი ივანიშვილმა მოაბრუნა ერთი მიზეზით, რომ როდესაც გაუჭირდებათ და აუცილებლად გაუჭირდებათ, არეულობაზეც წამსვლელები არიან, მაგრამ ძალიან ცოტანი არიან. ამ ბანდის იმედად დარჩა.

_ ამ სცენარსაც ხედავთ, რომ ეს შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს? ამაზეც წამსვლელია „ოცნება“?

_ ყოველ შემთხვევაში დააპირებს. ერთი კოზირი, რაც ამ წამს არსებობს არის ის, რომ ძალიან ცოტანი დარჩნენ. გვესმოდა თავის მართლება, რომ ჩვენ ამიტომ და იმიტომ მივიდეთ.

_ რუსულ ნარატივზე საუბრობთ და იქ მაგალითად დავით უსუფაშვილიც იყო მიწვეული, რომელზეც ნამდვილად ვერ იტყვით, რომ რუსული ნარატივის არის ან „ოცნების“ მოკავშირეა. ასე არაა?

_ მომიტევოს ბატონმა დათომ, მის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ ძალიან გამიკვირდა იქ რომ იყო.

ვიღაცამ თქვა, რომ ებრძვიან „დაიცავი საქართველოსო“, ვინ ებრძვის?!

მე არ ვამბობ, რომ ყველა ვინც იქ იყო ყველა საქმის კურსშია ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციას. ლიდერებმა ძალიან კარგად იციან რა ჭუჭყიანი ფული შედის. სცენაზე აბსოლუტურად „სხადნიაკური“ იყო. გახსოვთ, თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ ეს ორგანიზაცია რეალურად არის „დაიცავით საქართველო ივანიშვილი ივანიშვილისგან“-მეთქი. ეს ასეა და მართლდება ჩემის ეს განცხადება. აბსოლუტურად მოგონილი ორგანიზაციაა. მათი ერთი სიტყვა არ დაიჯეროთ.

_ დავუბრუნდეთ თემას. ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ არ უნდა გამოირიცხოს ხელისუფლებაში პარტიის ორზე მეტი ვადით დარჩენა და ისრაელი მაგალითი ახსენა. ეს ნიშანი იყო, რომ ამ გზას აპირებს „ოცნებაც“?

_ ისრაელის მაგალითი იმიტომ ახსენა, რომ არ უნდა, რომ პუტინის მაგალითი ახსენოს. მე თქვენ გითხარით, რომ პუტინიზაცია მიდის-მეთქი. ეს არის ტიპიური რუსული მართვის სტილის თავს მოხვევა. ამიტომ მოიყვანა. მედვედევმა რომ განაცხადა პუტინი ისევ უნდა მოვიდესო, იგივეს აკეთებენ, მაგრამ არ გამოუვათ, ხალხი მშიერია.

_ ობიექტურები და გულწრფელები რომ ვიყოთ ისიც ხომ გვახსოვს, რომ სააკაშვილიც იმზადებდა პრემიერის პოსტს. უბრალოდ პროცესების მიხედვით მას აღარ მიეცა ამის საშუალება.

_ რა თქმა უნდა. თქვენ გგონიათ, რომ უარვყოფ? რა თქმა უნდა. რამდენიც გინდა იმდენი შეცდომები იყო. იმიტომ დატოვეს ხელისუფლება, რომ ხალხმა არ აპატია ეს შეცდომები. ერთი პლუსია, რომ წავიდნენ და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება. სააკაშვილი მაინც დასავლური სკოლის პოლიტიკოსია და სადღაც მიხვდა, რომ უნდა გადაებარებინა. ივანიშვილი არ აპირებს წყნარად წასვლას. ეს არის რუსი ოლიგარქი.

_ ღარიბაშვილის განცხადება მაგის ნიშანი იყო, რომ „ოცნება“ მშვიდობიანად წასვლას არ აპირებს?

_ რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩაუვარდათ გეგმა. „დაიცავი საქართველოს“ შეკრება მომხრეებისთვისაც კი შოკი იყო. დარბაზის ნახევარს არ მოეწონა სცენაზე „სხადნიაკი“. აუტანელი სანახავი იყო. უმადურები ვართ ქართველები, რუსებმა გვასწავლეს წერა-კითხვაო, ამას რომ იტყვის 2017 წელს ადამიანი და დღეს იმ სცენაზე დგას რა ვუწოდო მას?! უცხო ქვეყნებში მათ ჯაშუშებს ეძახიან, თქვენ რაც გინდათ ის უწოდეთ.

იაგო ნაცვლიშვილი, „ახალი თაობა“

დატოვეთ თქვენი კომენტარი