თელავის უნივერსიტეტში აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი დაჭრეს. 25 წლის ავთო კიკნაძეს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიაყენეს.
შემთხვევა უნივერსიტეტის ეზოში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მათ სროლის ხმა მას შემდეგ გაიგეს, რაც კიკნაძემ საკუთარი ავტომობილი სასწავლებელთან გააჩერა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულს 2 ჭრილობა აქვს მიყენებული. მან ერთი გამჭოლი ჭრილობა მხრის, მეორე კი არაგამჭოლი ბარძაყის არეში მიიღო, თუმცა, ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.
„მოვიდა უნივერსიტეტში. მეგობრებმა გასროლის ხმა გაიგეს და ამბობდნენ, ხლაპუშკის ხმა გვეგონაო, მაგრამ ამას ყვირილი დაერთო, ასე დამამახსოვრდა, რომ ყვიროდნენ, რას აკეთებ ბიჭო, არ გააკეთო და გოგონები ყვიროდნენ ამ მხრიდან. ავთო სასწრაფომ გადაიყვანა, მაგრამ არ ვიცით, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც დაჭრა ავთო,“ – ამბობს სტუდენტი ნინო ბოჭორიძე.

