თორნიკე შარაშენიძე – “კომიკური იყო, ერთ დღეში “ოცნება” ზვიადისტებად რომ გადაიქცა”

თორნიკე შარაშენიძე - "კომიკური იყო, ერთ დღეში "ოცნება" ზვიადისტებად რომ გადაიქცა"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში საგრძნობლად მატულობს. ეს ყველაფერი მალე მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და შესაძლოა სიტუაცია უკონტროლო გახდეს, ხელისუფლება კი გასულია მომსახურების ზონიდან. რას იტყვით თქვენ?
– ხელისუფლების პრობლემა არის ის, რომ თვითონ უშუალოდ მინისტრთა კაბინეტი, ერთი-ორი ადამიანის გამოკლებით, არის ძალიან სუსტი, არა აქვთ ხედვა, არა აქვთ სტრატეგია და არიან ძალიან ფრთხილები, ყველაფერს ერიდებიან.
ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება აწესებს რეგულაციებს ლამის ყოველდღე და ეს ძირითადად ქალაქის მერს ეხება. ხან რა იკრძალება და ხან რა იკრძალება. იმ სიტუაციაში, როდესაც მთავრობა სუსტია, ასეთი რეგულაციების დაწესება და ხალხის მოხრჩობა არის ძალიან უგუნური ნაბიჯი. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს გადაიზარდოს ძალიან დიდ საპროტესტო აქციაში, სადაც ყველა ერთად მიიღებს მონაწილეობას, დაწყებული მძღოლებით და დამთავრებული მშენებლობის მუშაკით.
– მეორეს მხრივ, კეთდება შეფასებები, რომ ამდენი უბედურებს ხდება და რეგულაციები აუცილებელია.
– ესენი რეგულაციებს სულ სხვა მიმართულებით აწესებენ. ტაქსისტებს ზღუდავენ, ცელოფნებს კრძალავენ. რატომღაც ამ მიმართულებით აწესებენ რეგულაციებს და არა მშენებლობაზე უსაფრთხოების გამკაცრების მიმართულებით. რომ იტყვიან, სულ სხვაგან არიან.
– ძალიან დიდია პროტესტანტების რიცხვი, ვინც “ოცნების” ხელისუფლებით უკმაყოფილოა. რას უნდა ველოდოთ?
– კი, ნამდვილად ასეა. აქამდე იმის იმედი ჰქონდათ, რომ ხალხი იმდენად დაიღალა რევოლუციებით, გადატრიალებით და არასტაბილურობით, ყველაფერს აიტანსო. თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. რაღაც ზღვარზე რომ მივა ეს ამდენი სულელური რეგულაცია და შეზღუდვა, ერთ მშვენიერ დღეს იფეთქებს მართლაც.
– თავად არ იციან და მრჩევლები მაინც არ ჰყავთ, რომ რაიმე აზრიანი ურჩიოს ამ ხელისუფლებას?
– მაგის ნიშანსაც კი ვერ ვხედავ. რომ ვუსმენ რა სისულელეებს ლაპარაკობენ გარეთ, წარმომიდგენია, რამდენ სისულელეს ლაპარაკობენ შიგნით.
– წინ შუალედური არჩევნებია, ვის რა შანსები აქვს? ეს ხომ არ იქნება რეპეტიცია ვადამდელი არჩევნებისთვის?
– არა მგონია, ვადამდელი არჩევნები იყოს. შუალედური არჩევნები თავისთავად ტესტია. გამოვლინდა უკვე ეს ტესტი, ვნახეთ, რომ უცებ, ერთ დღეში მთელი “ქართული ოცნება” იქცა ზვიადისტებად. ეს კომიკურია, იმიტომ, რომ “ოცნება” შედგება შევარდნაძის დროინდელი კადრებით, შევარდნაძის, რომელიც იყო გამსახურდიას პირადი მტერი. ეს ყველაფერი კომიკურია და გულისამრევია. ამ მაგალითზე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას შუალედური არჩევნების სერიოზულად ეშინია.
– ამ საქმის გამოძიებას გვპირდება ხელისუფლება. თქვენ ამის არ გჯერათ?
– გამსახურდიას საქმის გამოძიება უბრალოდ სისულელეა. ძალიან დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ და გამოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. შუალედურში რომ ამის პირობა მოგვცეს, წარმოიდგინეთ, რეებს დაპირდებიან ხალხს 2020 წლისთვის. ალბათ გაიხსენებენ ჟვანიას მკვლელობას, გაიხსენებენ, როგორ მოაკვლევინა მიშამ პატარკაციშვილი, არაა გამორიცხული, რომ გამსახურდიას მკვლელობაც სააკაშვილს დააბრალონ, ამათგან არაფერი გამიკვირდება. არჩევნების წინ ხომ ყველაფრის ჩამდენი მიშა ხდება.
– ანუ გონივრულ ნაბიჯებს მათგან არ ელოდებით?
– მათი საარჩევნო ბრძოლა აგებულია არა იმაზე, რომ რამე გააკეთონ, არამედ იმაზე, რომ ლანძღონ ოპოზიცია.
– შუალედურ არჩევნებზეც შეეცდებიან გაყალბებას?
– სამწუხაროდ, კი. არანაირი ნიშანი არ ჩანს იმის, რომ კრიტიკას იღებენ და ითვალისწინებენ. ხომ ნახეთ, კრიტიკას არ იღებენ არც ეუთოსგან. ხან ეუთოს დააბრალეს, რომ აზრზე არ არიან, რას წერენ და ხან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. ამის მერე გააყალბებენ, აბა, რას იზამენ, როცა კრიტიკის მიღება არ უნდათ.
– სწორედ შუალედური არჩევნები ხომ არ ააგორებს საპროტესტო ტალღას?
– ეს რთული სათქმელია. იმდენად არაპროგნოზირებდია თვითონ ხელისუფლების ქმედება, რომ სიტუაციაც არაპროგნოზირებადი ხდება. ნებისმიერ მომენტში შეიძლება აგორდეს ეს ტალღა და ამის მიზეზი გახდეს ყველაფერი. მათ ქმედებას ჩემი ლოგიკა არ ყოფნის, ძალიან მიჭირს განვსაჯო, რას გააკეთებენ. ასეთი სიბრიყვე ვერც კი წარმომედგინა, რომ რომელიმე ხელისუფლება იტყოდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ტყუილებს წერს, იმიტომ, რომ სინამდვილეში არ იცის, რა ხდებაო.
– ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით წერენ დასკვნებსო.
– ასეთ განცხადებებს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ვინმესგან. ასეთი რამ არ უთქვამს გამსახურდიას მთავრობასაც კი, რომელიც იყო ძალიან გამოუცდელი.
– ღარიბაშვილის მისვლამაც ვერაფერი უშველა “ოცნების” პოლიტიკას?
– ღარიბაშვილი გამაერთიანებლად მიიყვანეს და რა გამაერთიანებელიც არის ღარიბაშვილი, გვახსოვს ძალიან კარგად. ყველასთან კონფრონტაცია ჰქონდა, როცა პრემიერი იყო.
– პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინება ღარიბაშვილიო და თქვენც ასე ფიქრობთ?
– ჯერ ამ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს დავალება, რომელიც მას მისცეს, მოსამართლეების გათრევა და მერე უკვე შეიძლება მისი მოშორება. ჯერჯერობით არ მოიშორებს ივანიშვილი, სანამ ამ დავალებას არ შეასრულებს. კობახიძეც შეეცდება, რომ ეს დავალება ხუთიანზე შეასრულოს.
– ძალიან ბევრი პრობლემა უგროვდება ხელისუფლებას მოსაგვარებელი და რამდენად შეძლებს თავი გაართვას? ხომ არ ჩაითრევს საზოგადოებას ახალ დაპირისპირებაში?
– დაპირისპირება თუ იქნება, იქნება ერთადერთი – მხოლოდ საზოგადოებას და ხელისულებას შორის. საზოგადოების შიგნით დაპირისპირებას ვერ ვხედავ. ვერც იმ ადამიანებს ვხედავ, ვინც გამოვა იმისთვის, რომ დაიცვას მთავრობა. აქამდე თუ მუშაობდა სააკაშვილის ბუა, ახლა აღარ იმუშავებს.
– მაშინ რისი იმედი აქვს 2020-თვის ხელისუფლებას? რა სიურპრიზებს გვპირდებიან?
– როცა ადამიანი ხელისუფლებაშია 6-7 წელი და გაბრუებულია ამ ნარკოტიკით, რომელსაც ქვია ძალაუფლება და იოლი ფული, კორუფციით ნაშოვნი ფული, ის უკვე ვეღარ აზროვნებს რაციონალურად და ასეთ კითხვებს არ სვამს საერთოდ, როგორსაც ჩვენ ვსვამთ. აი, ეს არის პრობლემა. საღად ვერ აანალიზებენ შექმნილ სიტუაციას.
– თქვენ რეგულაციებთან დაკავშირებით თბილისის მერი ახსენეთ, რომელიც შედარებით მეტი სიმპათიით სარგებლობს. მასაც დაატყდება საზოგადოების რისხვა?
– თბილისის დაშინება და დამორჩილება ყველაზე რთულია. შესაბამისად, თუ პრობლემები გაჩნდება ქვეყანაში, პირველ რიგში, ბუნებრივია, თბილისში გაჩნდება. თავის დროზე სააკაშვილს ჰქონდა პრობლემები სწორედ თბილისში. კალაძე ვინ არის, რომ თბილისი ასე მარტივად დაიმორჩილოს და დააშინოს?!
– მაშინ სადამდე მიგვიყვანს საზოგადოების ასე მარწუხებში მოქცევა, იქნება სერიოზული აქციები 2020-მდე?
– იქნება. ყველა ხელისუფლებას აქვს თავისი ვადა. 8 წელი არის მაქსიმუმი.
– ვის მოიაზრებთ ამ ხელისუფლების შემცვლელად?
– რთული სათქმელია. ამ ქვეყნისთვის იდეალური იქნება კოალიციური მთავრობა.
– თავადვე ქმნის ივანიშვილი ძალას, ვინც “ოცნებს” ჩაანაცვლებსო. მაღრაძის გარშემო შემოკრებილ საზოგადოებს ივანიშვილის სატელიტად მოიხსენიებენ. თქვენ რას იტყვით ამაზე?
– მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილთან შეთანხმებული და ჩაწყობილია. თუმცა ამ ხალხს იმედი აქვს, რომ ამ ცალკე გასვლით და დამოუკიდებელი პარტიის შექმნით, ივანიშვილის ყურადღებას მიიქცევენ და გავლენას დაიბრუნებენ.
– ანუ ეს ყველაფერი ივანიშვილის ყურადღების მისაქცევად კეთდება?
– კი, აბა სხვას ვის სჭირდება ეს ადამიანები?! დათო მაღრაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა და მრჩეველი, ვის ჭირდება? ახლა გაჩნდა და ისიც ივანიშვილის წყალობით.
– ანუ ივანიშვილი უნდათ მფარველად და დამფინანსებლად?
– კი, ასე უნდათ, ოღონდ უნდათ უფრო კარგი ივანიშვილი, ისეთი, რომელიც მათ უფრო დაუჯერებს.
– რამდენად საინტერესო 2020 გველოდება?
– სამწუხაროდ, ძალიან საინტერესო და ცოტა დაძაბულიც. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანი გზით მოხდება. ჩვენი საზოგადოება უკვე გაზრდილია და მომწიფებულია იმისთვის, რომ არ დაუშვას არეულობა.
იმედი მაქვს, მმართველ გუნდშიც გამოჩნდებიან ისეთები, ვინც მიხვდება, რომ საჭიროა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება. სხვა თუ არაფერი, ეს მათთვისვე უკეთესია.
ძალიან პროტესტიანი ზაფხული და ცხელი შემოდგომა გველოდება. ამდენი ტაქსის მძღოლი რომ ივნისიდან უმუშევარი დარჩება, ეს ასე მარტივად არ გადაივლის.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა