თუ პოლიციამ დაკავებების სერია დაიწყო, პანკისელები კიდევ ერთხელ გამოვალთ ქუჩაში

თუ პოლიციამ დაკავებების სერია დაიწყო, პანკისელები კიდევ ერთხელ გამოვალთ ქუჩაშიპანკისის მოსახლეობა ხელისუფლების გუშინდელ ქმედებებს აკრიტიკებს, ხეობის მკვიდრის ლეილა აჭიშვილის თქმით, ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანა და ძალის გამოყენება შესაძლოა, იყოს პროვოკაცია, რომელიც ვითარების დაძაბვას ემსახურება.

„გუშინ, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ეს იყო დიდი შეცდომა. თავის ხალხს არ უნდა ელაპარაკოს ტყვიების და გაზის ენით, იმიტომ, რომ რა დავაშავეთ ჩვენ, რატომ გახდა საჭირო სპეცრაზმის შემოყვანა. ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ნაკლებად აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებას ხალხთან. გარკვეულ ჯგუფებთან შეხვედრა ვერ მოიტანს ვერაფერ სარგებელს, შეხვედროდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ჰქონოდათ ჩვენთან კომუნიკაცია, იქნებ გაგვეგო რას გვეუბნებიან და იქნებ წამოვსულიყავით იმ პირობებზე ნაწილობრივ მაინც, მომხდარიყო კომუნიკაცია ჩვენს შორის და დადებითად გადაწყვეტილიყო, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ეს იყო ბრძოლის ველი, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რაც არავინ ინტერესში არ შედიოდა.“ – განაცხადა აჭიშვილმა.

გუშინ პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობის სამუშაოების დაწყება გააპროტესტეს, შსს-მ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა, რასაც მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდნენ როგორც პოლიციელები ასევე ადგილობრივი მოსახლეობაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება სისხლის სამართლის 2 მუხლით – პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.

ადგილობრივების თქმით, თუ პოლიციამ დაკავებების სერია დაიწყო, პანკისელები კიდევ ერთხელ გამოვლენ ქუჩაში, ამჯერად საკუთარი თანასოფლელების დასაცავად.

ნიუპოსტი