ზუგდიდში პროკურატურასთან ბესიკ დგებუაძის ახლობლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში პროკურატურასთან ბესიკ დგებუაძის ახლობლებმა აქცია გამართესზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან, ცრუ ჩვენებისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით დაკავებული ბესიკ დგებუაძის ახლობლებმა აქცია გამართეს.

ოჯახის წევრები დღესვე ოლქის პროკურორს შეხვდნენ, რის შემდეგაც აქცია შეწყვიტეს.

დაკავებულის მამის ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მან პროკურორს ციხეში მყოფი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისივე განმარტებით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობაზე იმსჯელებს, თუ სასამართლო პროცესზე შესაბამის ცნობას წარადგენენ. ოჯახი ამ ეტაპზე შვილის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.

ბრალდებულის ადვოკატის, ბაჩუკი ყურაშვილის, განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 27 აპრილს გაიმართება და დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

დგებუაძეს ბრალი ორი მუხლით, 120-ე და 370-ე მუხლებით ედება, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

იპნ