5 ათასი დამკვირვებელი არჩევნებზე – გაერთიანებული ოპოზიცია უპრეცედენტო მობილიზებას ახდენს

5 ათასი დამკვირვებელი არჩევნებზე - გაერთიანებული ოპოზიცია უპრეცედენტო მობილიზებას ახდენსგაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებელთა უპრეცედენტო მობილიზაციას ახდენს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სადამკვირვებლო პროცესში მხოლოდ ზუგდიდში 5 ათასამდე ადამიანი იქნება ჩართული, მათ შორის პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ოპოზიციის ლიდერი სიცრუეს უწოდებს, მმართველი გუნდის ბრალდებას, რომ ხალხის მობილიზება დესტაბილიზაციის მოსაწყობად ხდება და აცხადებს, რომ მათ მიღებული აქვთ, უმკაცრესი ინსტრუქცია ყველა პარტიის ხელმძღვანელებისგან და ყველა იმოქმედებს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში:

„ვნახეთ, რა მეთოდებით მოქმედებს ქართული ოცნება, შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს და დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ. ხელისუფლების კონტროლქვეშ. ჩამოდის 2 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათაც ეხება გაყალბება, გაყალბების მცდელობები და მათი სამოქალაქო უფლებებიც ირღვევა და მათი კონსტიტუციური უფლებები იზღუდება. ჩამოგვყავს ათასამდე მოხალისე. ყველა იმოქმედებს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქვთ მიღებული უმკაცრესი ინსტრუქცია ყველა პარტიის ხელმძღვანელებისგან, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.