85 წლის ომარ გამყრელიძის მეორე ვაჟი გაქრა – ოჯახს უთხრა, რომ რუსეთში მიდიოდა, მაგრამ საზღვარზე არ გადასულა

85 წლის ომარ გამყრელიძის მეორე ვაჟი გაქრა - ოჯახს უთხრა, რომ რუსეთში მიდიოდა, მაგრამ საზღვარზე არ გადასულაშინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობების გამოძიების ფარგლებში, მკვლელობაში ბრალდებულის მეორე შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.

„მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ომარ გამყრელიძის მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს – მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღით ადრე განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას“, – აცხადებენ შსს-ში.

ყანდაურის მკვლელობაში 85 წლის ომარ გამყრელიძის მეორე ვაჟიც მონაწილეობდა? – გამოძიების ახალი ვერსია