ადვოკატი გაგოევი – ”ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა დანაშაულს არ აღიარებს” – მ.შ.-ს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

ადვოკატი გაგოევი - ”ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა დანაშაულს არ აღიარებს” - მ.შ.-ს წინასწარი პატიმრობა მიესაჯასოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას, მ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა.

ბრალდებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

პატიმრობაზე დათანხმება არ ნიშნავს, რომ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, – ამის შესახებ  გოგონას ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დაცვის მხარის ადვოკატის თქმით, ისინი პატიმრობას ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე დათანხმდნენ.

„დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია არ ჰქონია და ჩვენ დასაცავ პირთან შეთანხმებით, დავეთანხმეთ პატიმრობის გამოყენებას. ჩვენ შევთანხმდით დასაცავ პირთან და ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე ასე არის მისთვის საჭირო“,-აცხადებს ადვოკატი ქეთევან გაგოევი.

მისივე თქმით, დაცვის მხარის მხრიდან სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნაზე-პატიმრობაზე დათანხმება არ ნიშნავს, რომ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, დუმილის უფლება კი ნიშნავს იმას, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, დუმილის უფლების გამოყენება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილი იყო.

ამასთან, ბრალდებული არასრულწოვანი გოგოს ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზის ნაწილი ჩატარებულია და ისინი ელოდებიან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას.

რაც შეეხება კითხვას, არასრულწლოვანი გოგო რაიმე სახის საფრთხეს ხომ არ გრძნობდა და ამიტომ ხომ არ არჩია პატიმრობაში დარჩენა, ადვოკატი პასუხობს, რომ მას ბრალდებულთან აღნიშნულზე არ უსაუბრია და ინფორმაცია არ აქვს. ადვოკატის თქმით, მას არასრულწლოვანმა გოგონამ მხოლოდ ის უთხრა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლების გამოყენება და პატიმრობაზე თანხმობა ურჩევნია და მიზეზი არ განუმარტავს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

იპნ