ადვოკატი ლონდარიძე – ”სარალიძესა და მაჩალიკაშვილს შორის კონფლიქტი არ არის, ზაზა თბილისიდან დროებით წავიდა”

ადვოკატი ლონდარიძე - ”სარალიძესა და მაჩალიკაშვილს შორის კონფლიქტი არ არის, ზაზა თბილისიდან დროებით წავიდა”ზაზა სარალიძის ადვოკატი, სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის რაიმე კონფლიქტს უარყოფს. როგორც ნესტან ლონდარიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ორი შვილმოკლული მამა ყოველთვის ერთმანეთის გვერდზე იდგა და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პირი დღეს ცდილობს მათ შორის გაურკვევლობის ჩამოგდებას.

„არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა მაჩალიკაშვილთან. თავად მე ვარ მომსწრე – თითოეული აქტივობის დაგეგმვის დროს, როცა ჩვენ ვგეგმავდით, ზაზას მხრიდან ყოველთვის გაისმოდა პოზიცია, რომ თუ შეგიძლიათ მხოლოდ ჩემზე არ ისაუბროთ და გაამახვილეთ ყურადღება იმაზეც, როგორ უკანონოდ და უსამართლოდ მოუკლეს შვილი ვახას. ეს ორი შვილმოკლული მამა ყოველთვის ერთმანეთის გვერდზე იდგა და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პირი დღეს ცდილობს მათ შორის გაურკვევლობის ჩამოგდებას და თითქოს დაპირისპირების წარმოჩენას“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

სარალიძის ადვოკატი მაჩალიკაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ სარალიძე დაიღალა.

„იმ კომენტარში არსად იყო ნათქვამი, რომ მათ შორის არის კონფლიქტი. მან თქვა – მე მომეჩვენა, რომ დაიღალა. ამაში რაიმე გასაკვირს ვერ ვხედავ. მამა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იბრძვის ამ ყველაფრის წინააღმდეგ, გასაკვირი არაა რომ დაიღალა. თუმცა ეს დაღლაც არ გულისხმობს, იმას, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით ვაპირებდეთ უკან დახევას“, – განაცხადა ლონდარიძემ.

ადვოკატმა განმარტა, თუ რატომ აღარ ჩანს სარალიძე აქტიურად თუნდაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

„სამწუხაროა, რომ ამ საკითხის ირგვლივ ასეთი გაუგებრობა შეიქმნა. ზაზა სარალიძე არსად წასულა. ის კვლავ უსამართლობასთან ბრძოლაშია და არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. ამ ეტაპზე ზაზა სარალიძე ოჯახური პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული და დროებით მოუწია თბილისიდან გასვლა. მხოლოდ ესაა ის მიზეზი, რის გამოც ბოლო დროს ის არ ჩანს, თუმცა ძალიან ცოტა ხანში ჩვენ კვლავ ვიხილავთ მას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესებიც უახლოვდება დასასრულს, დასკვნით სიტყვაზეა სასამართლო გადასული და ძალიან მალე ვიხილავთ განაჩენს ამ საქმეზე“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ზაზა სარალიძე მთელს ძალისხმევას უსამართლობასთან ბრძოლას ახმარდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის მიმართ მხოლოდ ტალახის სროლა იყო.

„ძალიან ცუდია, რომ მის მიმართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც მთელს თავის ძალისხმევას უსამართლობასთან ბრძოლას ახმარდა, მან მხოლოდ და მხოლოდ ტალახის სროლა მიიღო და ძალიან ბევრი უსაფუძვლო ეჭვი. პოლიტიკოსებიდან დაწყებული, ყველა სახის ბრალდება გაისმა მის მიმართ და ახლაც კი, მას შემდეგ, რაც ის ცოტა ხნის განმავლობაში მოეშვა და ვეღარ ვხედავთ, თუნდაც პარლამენტის წინ, მის მიმართ კიდევ უსაფუძვლო ბრალდებები გაისმის“, – განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.

იპნ