გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის ადვოკატის მარიამ პაპოშვილის განცხადებით, საქმეში არ დევს ისეთი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა.
ადვოკატის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, კერძოდ კი გამომძიებლები და საქმეშიც ის დევს, რა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებშიც მათ მიიღეს მონაწილეობა.
ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარეს მოწმეები არ ჰყავს, თუმცა მაშინ, როდესაც 9 წლის გოგონას მკვლელობა მოხდა, ბრალდებული იაგო ნებიერიძე სახლში იყო და ამას დედამისი ადასტურებს.
„ექსპერტიზის დასკვნები მრავლად არის, მაგრამ საქმეში რაიმე არსებითი არ არის ისეთი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა იაგო ნებიერიძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ასეთი პირდაპირი მტკიცებულება ჯერჯერობით არაფერი გვინახავს და რა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებშიც იღებენ გამომძიებლები მონაწილეობას, იმას ადასტურებენ. ამბობენ, რომ გამოიტანეს დადგენილება, დანიშნეს ექსპერტიზები, ნიმუში აიღეს – რაც გააკეთეს იმაზეა საუბარი. ნებიერიძე ჯერ არაფერს ამბობს, ამბობს რომ ჩვენებას მისცემს. ჩემთან რაც არ უნდა თქვას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მას ისიც ეყოფა, რომ საინფორმაციო ომი აქვს გამოცხადებული და ლამის უკვე ვერდიქტი აქვს გამოტანილი . რა თქმა უნდა, ირღვევა მისი უფლებები.
ჯერ, ბოლომდე გამოკვლეული არ არის ყველა მტკიცებულება, მაგრამ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი არა, ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ ვნახე, ჯერჯერობით, რაც გამოკვლეულია და ვნახოთ, კიდევ არის მტკიცებულება გამოსაკვლევი. რაც იქნება, მიეცემა შესაბამის შეფასება… სახლში ვიყავიო, ამბობს. დედამისი ადასტურებს ამას ,“-განაცხადა პაპოშვილმა.

