“აზერბაიჯანი მეგობარი სახელმწიფოა და ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი” – კობახიძე დავით გარეჯზე

"აზერბაიჯანი მეგობარი სახელმწიფოა და ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი" - კობახიძე დავით გარეჯზესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთ მეგობარ სახელმწიფოსთან, როგორიც აზერბაიჯანია, საკითხის სწორად გადაწყვეტის ყველანაირი რესურსი არსებობს.

„მთავარია, ყველა საკითხი, რომელიც დავით გარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული მოლაპარაკების რეჟიმში გადავწყვიტოთ. აქ საქმე ჩვენ მეგობარ სახელმწიფოსთან გვაქვს. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი. სასურველია, ჩვენ ამ ოფიციალურ ფორმატს დაველოდოთ და სხვა ტიპის ზომებზე ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ. ყველანაირი რესურსი არის, რათა მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან სწორად დასრულდეს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა უკავშირდება თუ არა დავით გარეჯის საკითხის გამწვავება საქართველოს პრეზიდენტის მიერ აზერბაიჯანში გაკეთებულ განცხადებებს და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობას. ირაკლი კობახიძის თქმითი, სალომე ზურაბიშვილმა დემარკაციისა და დელიმიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე წლების მანძილზე მიმდინარეობს მუშაობა.

„სამწუხაროდ დღემდე ამ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა. ეს სირთულეა, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. ანუ საზღვარი საჭიროებს დემარკაციას და დელიმიტაციას. რაც ჩვენთვის გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. მათშორის, დელიმიტაციისა და დემარკაციის კუთხითაც. არის სირთულეები. სირთულეები, რომ არ იყოს, ამაზე დისკუსია 20 წლის განმავლობაში არ გაგრძელდებოდა. ამ ყველაფერს ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, საკითხის წამოწევა მნიშვნელოვანია, თუმცა ერთადერთი სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტის ორ მეგობარ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დაჯდომაა. ასე უნდა გადაწყდეს დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხები.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.