“ბახტაძეს ძალიან გაუხარდება თუ მოხსნიან”

"ბახტაძეს ძალიან გაუხარდება თუ მოხსნიან"“ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ახვლედიანი პასუხობს.
– ბატონო გიორგი, დააწინაურეს გახარია, შეიძლება შეცვალონ პრემიერი. ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ კეთდება?
– გახარიასთან დაკავშირებით ეს უკვე ახალი არ არის, კარგა ხანია მიდის გახარიას პოზიციების გამყარება ივანიშვილის მხრიდან. გახარია ყველანაირად მზადდება საპრემიეროდ. ეს უკვე ძალიან მარტივად გამოსაცნობი, ჩამოყალიბებული ტაქტიკაა.
– შეცვლიან ბახტაძეს არჩევნებამდე?
– რა თქმა უნდა! ეს გარდაუვალი ამბავია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბახტაძე ამ ამბით იქნება ძალიან გახარებული და ძალიან ბედნიერი.
– რატომ, სასჯელია მისთვის ეს თანამდებობა?
– ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრემიერი არათუ არ შეეწინააღმდეგება ამ იდეას, კვირიკაშვილის ვარიანტს თუ გავიხსენებთ, არამედ პირიქით, იქნება ძალიან ბედნიერი.
ბახტაძე ძალიან კარგად ხვდება, რომ გაურკვეველ ადგილას არის მოხვედრილი და მაგარ შარშია. სწორედ ამიტომ, ასეთი სიტუაციიდან გათავისუფლება ბახტაძისათვის ძალიან სერიოზული ზეიმის საგანი უნდა იყოს.
– “ოცნებაში” დიდი ამბებია 2020 წლისთვის საპარლამენტო სიის შედგენაზე, ყველას თავისი პრეტენზია აქვს, კალაძე, ღარიბაშვილი და გახარია წამყვან სიაზე სერიოზულად დავობენ. რას იტყვით თქვენ?
– სიის დაკომპლექტება “ქართული ოცნების” რღვევას ძალიან სერიოზულად შეუწყობს ხელს. წინასაარჩევნოდ გარკვეული გადაჯგუფებები ყოველთვის იწყება. “ქართული ოცნება” ამ მიმართულებით განსაკუთრებით დაზარალდება, იმიტომ, რომ ჯერ საარჩევნო სიის დაკომპლექტება არ დაწყებულა და როგორი მიგრაციაა პარტიიდან.
– ანუ შიდა გარჩევებმა და დაპირისპირებებმა შეუქმნა “ოცნებას” სერიოზული პრობლემა?
– რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ყველაფრის სათავე “ქართულ ოცნებაში” არის კონსერვატიული და ლიბერალური გუნდების დაპირისპირება. ყველაფრის სათავე არის ის, რაც დაიწყო “ქართულ ოცნებაში” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც კონსერვატიულად განწყობილ იმ გუნდს, რომელმაც მოიყვანა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, რომელმაც იბრძოლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, უცებ პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენ უნდა ჩაიჩოჩოთ, დაიმალოთ, აღარ უნდა გამოჩნდეთ, იმიტომ, რომ სასირცხვილოები ხართ, თქვენ კონსერვატიულ რაღაცეებს იძახით, ლიბერალიზმი არ მოგწონთ, არა ხართ დასავლეთზე ორიენტირებული, ამიტომ თქვენ აღარ გვჭირდებით.
და მოიყვანეს ლიბერალური გუნდი, რომელიც ყოფილი ნაციონალებისა და ბოკერიას აღსაზრდელებიდან იყო შემდგარი, ასევე არასამთავრობო სექტორიდან, რომლებიც უცებ გაჩნდნენ “ქართულ ოცნებაში”, რომლებსაც არც ბრძოლა არ გამოუვლიათ და არც მრავალათასიან მიტინგებზე მდგარან.
ცხადია, ამან გამოიწვია სერიოზული პროტესტი კონსერვატიულ ნაწილში და მოხდა ის, რაც მოხდა, დაიწყო რღვევის პროცესი.
– ახლა რა ეტაპზე არიან?
– ახლა ჰყავთ რამდენიმე გამოკვეთილი ფიგურა, რამდენიმე ლიდერი და ყველა თავისკენ ექაჩება საბანს. აქეთ ღარიბაშვილი შემობრუნდა და ის ცდილობს სიტუაციის დალაგებას, იქით გახარია და მისი ამბიციები, რომელიც ძალიან სერიოზულ პრეტენზიებსაც წამოაყენებს და გარკვეული მოთხოვნებიც ექნება, რომ თავად მართოს ხელისუფლება. ამისთვის მას პარლამენტში საკუთარი გუნდი დაჭირდება. იქ ტრადიციულად კალაძის ინტერესები, რომელიც ლობირებს ამ ლიბერალურ გუნდს ხელისუფლებაში.
დღეს “ქართულ ოცნება” საერთოდაც აღარ არსებობს, აღარც საზოგადოებას აქვს ეს განცდა, რომ “ოცნება” მართავს ხელისუფლებას. აგროვებენ ამდენ ნეგატივს და ამხელა ნეგატივით აპირებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. გამობმული აქვთ ფეხებზე უზარმაზარი გირები და აპირებენ, ასე გადახტნენ წინასაარჩევნო მორევში. არ ვიცი, რამდენად მოახერხებენ ამ მორევის გადაცურვას.
– რისი იმედი აქვთ?
– ასეთი რამ არც მინახავს და ვერც წარმომედგინა ხელისუფლება, რომელიც ასეთი ტემპებით მოახერხებდა საკუთარი თავის დაზარალებას.
“ქართული ოცნება” აშკარად განსხვავებულ მდგომარეობაშია თუნდაც წინა ხელისუფლებასთან შედარებით. ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებაში ყოფნის სამი წლის თავზე, მოახერხა, რომ 100 ათას კაციანი მიტინგები ედგა ქუჩაში. 7 ნოემბრიდან დაწყებული და დამთავრებული ბოლომდე. მთელი საქართველო უზარმაზარი პროტესტის პირობებში იყო. სწორედ ამან დაამხო წინა ხელისუფლება.
– ამ ხელისუფლებსთან რა სიტუაცია გვაქვს?
– “ქართული ოცნება” ძალიან განსხვავებულ მდგომარეობაშია იმ თვალსაზრისით, რომ აგერ მეშვიდე წელია, ხელისუფლებაში არიან და ისეთი მასშტაბური პროტესტი საქართველოში აღარ გვინახავს. თუ ერთ-ორ დღიან აქციებს არ ჩავთვლით სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
ხელისუფლებას გარე და ოპოზიციიდან წამოსული ზეწოლის ფაქტორები ვერ აზარალებს. ნაცმოძრაობა ჰყავს შენარჩუნებული ოპოზიციაში და ვერა და ვერ აგორდა ასეთი მოძრაობა, რადგან ნაცებთან დადგომის სურვილი არავის აქვს.
სამაგიეროდ, “ქართულმა ოცნებამ”, ოპოზიციის დახმარების გარეშე, თვითონ მოახერხა და საკუთარ თავს დამართა ისეთი რამ, რამაც მისი მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დააყენა. რისი იმედი აქვს “ქართულ ოცნებას”, ჩემთვის ეს ამოუხსნელი ამოცანაა იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივს აგროვებენ.
– ამ ფონზე რას აკეთებს ოპოზიცია? საუბარია გაერთიანებებზე, ხელმოწერების შეგროვებაზე, მაგრამ ჯერ არაფერი ხდება ოპოზიციურ ფლანგზე.
– ამ ფონზე ოპოზიცია ვერაფერს აკეთებს. მთელი უბედურება ოპოზიციური ერთობის კონტექსტში არის ის, რომ არაფერი არ გამოსდით. სერიოზული პოლიტიკური აქტიობის წარმოჩენა, სამწუხაროდ, ვერ ხდება.
– ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ.
– ვადამდელი არჩევნები ძალიან ისეთი თემაა, ცოტა უცნაური პროცესია. ყოველთვის, ტრადიციულად, ვადამდელი არჩევნები არის ოპოზიციის ინტერესში, რომ აიძულოს ხელისუფლება და დაანიშნინოს ვადამდელი არჩევნები.
– ახლა პირიქით არის, ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას?
– დიახ, ასეა. დღეს ოპოზიციას არ აწყობს ვადამდელი არჩევნები, რადგან სულ მცირე საარჩევნო სისტემაა შესაცვლელი. დაქსაქსულობა და პოლიტიკური მოუმზადებლობაც სახეზეა. ხელისუფლებას კი აწყობს, რადგან იმდენ ნეგატივს აგროვებენ, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, ფიქრობენ, რომ ამის დაგროვებას მაინც შეამცირებენ.
საკუთარი თავის დაზარალებასაც ხომ ნიჭი უნდა, ამ მიმართულებით ხელისუფლებას ბადალი არა ჰყავს. მოწმენდილ ცაზე რომ პანკისს მოიწყობ და ყველაფერს თავზე დაიმხობ, რაღაზე ვილაპარაკო?!
ვადამდელ არჩევნებს ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რადგან ეს ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არის და ხელისუფლებაში ცდილობენ, ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაიჭირონ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა