ბელიაშვილზე #46 ავტობუსის მძღოლი მერსედესის მძღოლმა დაჭრა – შელაპარაკება საცობში დაიწყო

ბელიაშვილზე #46 ავტობუსის მძღოლი მერსედესის მძღოლმა დაჭრა - შელაპარაკება საცობში დაიწყოდიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. შემთხვევის ადგილზეა გასული „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ჯგუფიც.

„ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა, კონკრეტულად რა მოხდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. მოხდა თუ არა გასროლა არ ვიცით. დეტალების შესახებ ადგილზე კომპანიის ჯგუფის მისვლის მერე გვეცოდინება“, – განაცხადეს კომპანიაში.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც საცობში დაიწყო და “მერსედესის” მარკის ავტომობილის მძღოლმა ავტობუსის მძღოლი დაჭრა.

ავტობუსის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს” თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღები და გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელმა, სოსო მაისურაძემ განუცხადა, 62 წლის მამაკაცს ბარძაყის არეში 15 სანტიმეტრამდე სიღრმის ჭრილობა აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი, 62 წლის მამაკაცი საავადმყოფოში დღეს, 14:09 საათზეა შემოსული. მას 15 სანტიმეტრამდე სიღრმის ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნება. პაციენტი სტაბილურია, იმყოფება მკურნალობისა და დაკვირვების ქვეშ. მიმდინარეობს მკურნალობა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აღნიშნა მაისურაძემ.

მანქანის მძღოლი, რომელსაც # 46 ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულს გულისხმობს.

მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლი დაჭრა, ინციდენტის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

იპნ