ექსპერტიზამ ასლან ბჟანიას მოწამვლა დაადასტურა – რა ხდება სოხუმში

აფხაზეთის ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი აქამდეც აცხადებდა, რომ ოპოზიციის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს. ადამიანები არ ეთანხმებოდნენ მოსკოვის კლინიკაში დასმულ დიაგნოზს, ვირუსულ პნევმონიას. პოლიტიკოსთან ერთად 17 აპრილს დაუძლურდა მისი დაცვის ორი წევრი. სამივე მათგანი რუსეთის დედაქალაქში გადაიყვანეს.
16 მაისს აფხაზეთის პარლამენტის სხდომაზე გამოცხადდა ექსპერიტის შედეგი. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბჟანიას ავადმყოფობა არაა გამოწვეული ბუნებრივი მიზეზებით.
ამან ოპოზიციონერები და საზოგადოება უფრო რადიკალურად განაწყო. შეკრებილებმა შეიმუშავეს მოწოდება, რომელზეც ხელმწერების შეგროვება გრძელდება.
განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ასლან ბჟანიას და მისი დაცვის მოწამვლის ფაქტზე. პარლამენტმა ამ საკითხს რიგგარეშე სხდომა უნდა მიუძღვნას. სხდომას უნდა დაასწრონ პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური წრეები და საზოგადოება. შესამუშავებელია ზომები დაძაბულობის ზრდის თავიდან ასაცილებლად. საზოგადოების აზრით, ამ საქმის სრულყოფილად გამოძიებისთვის აუცილებელია აფხაზი პროკურორების თანამშრომლობა რუსეთის გენპროკურატურასთან.
– ასლან ბჟანია მარტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი არ არის. ის ოპოზიციის ლიდერი და მისი ოფიციალური კანდიდატია სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. ამიტომ ვერსია იმის შესახებ, რომ რომელიღაც ძალები დანაშაულებრივი გზით ცდილობენ მის ჩამოცილებას საპრეზიდენტო არჩევნებიდან, მოითხოვს გულდასმით გამოძიებას, – ნათქვამია განცხადებაში.
ასლან ბჟანია მოქმედი დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მთავარი ოპონენტი და კონკურენტია.
ხაჯიმბას 21 ივლისს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. ბჟანია ოპოზიციურმა ძალებმა კანდიდატად მაშინ დაასახელეს, როცა იგი უკვე მოსკოვის კლინიკაში იწვა. საპრეზიდენტო მარათონში ჩაებნენ დეპუტატი ალმას ჯაპუა და უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ასტამურ თარბა. აქტიურობით არც ერთი მათგანი არ გამოირჩევა.
საზოგადოების შეფასებით, თუ ასლან ბჟანიას და მისი დაცვის საქმეზე შეკითხვები დარჩა, არჩევნების შემდეგ არჩეული ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური. ეს ისეთი საკითხია, რომელიც არყევს აფხაზეთის უსაფრთხოებას.
ოკუპირებულ რეგიონში ამ დღეებში პოლიტიკურთან ერთად რელიგიური მღელვარებაა.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი ბესარიონ აპლიას მეთაურობით რუსეთის ეკლესიას ემორჩილება. მეორე ნაწილი, დოროთე დბარის ხელმძღვანელობით, კონსტანტინეპოლის მიმდევარია.
რამდენიმე დღის წინ ბესარიონ აპლია თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად ახალი ათონის მონასტერში დოროთე დბარს ეწვია. აპლია ადრეც მოუწოდებდა დბარს, ბოლო მოეღო საეკლესიო განხეთქილებისთვის და მასთან გაერთიანებულიყო.
ახალ ათონში ბოლო ვიზიტისას აპლია უფრო ხისტად მოიქცა. მან მოუწოდა არქიმანდრიტ დოროთეს, მონანიების წერილით მიემართა რუსეთის პატრიარქ კირილისათვის, ან დაეტოვებინა ახალი ათონის სავანე. დოროთე დბარმა ამის საპასუხოდ ათონის ტაძარში ერთობლივი წირვის ჩატარების ინიციატივა წამოაყენა, რასაც რუსული ეკლესიის ამღიარებელი არ დაეთანხმა.
ამის შემდეგ ახალი ათონის ტაძარი დაიკეტა. ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი დაწყებულია. ახალ ათონს რუსი ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ახლანდელ ტურისტებს ტაძრის კარი დაკეტილი ხვდებათ, რაც მათ აღშფოთებას იწვევს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი