”ერმაკოვმა ტენდერი მოაგებინა კომპანიას, რომელმაც ყალბი საბუთები წარადგინა” – რას ედავება პროკურატურა დაკავებულებს

”ერმაკოვმა ტენდერი მოაგებინა კომპანიას, რომელმაც ყალბი საბუთები წარადგინა” - რას ედავება პროკურატურა დაკავებულებსმასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში – მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

საუბარია ტენდერებზე, რომლებიც ბათუმში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ცხადდებოდა. მაშინ, როდესაც ქალაქის მერი იყო გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერიამ 2015 წლის 9 ოქტომბერს მერიის სოციალურ პროექტ “იაფ სახლთან” დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი შეფასებული იყო 4 მილიონ ლარად. ტენდერში გაიმარჯვა აზერბაიჯანულმა კომპანია “კონვენტ ჯორჯიამ”.

საქმის მასალების მიხედვით, “კონვენტ ჯორჯია”, რომელმაც ყალბი დოკუმენტები წარადგინა, ტენდერში გამარჯვებული გახდა. დაკავებულებს შორის არიან ის პირები, რომლებიც სატენდერო კომისიის მუდმივ მოქმედი წევრები იყვნენ, მათ ერთი წლით ადრე დისკვალიფიკაცია ჰქონდათ მიცემული ყალბი დოკუმენტების გამო აზერბაიჯანული კომპანიისთვის, თუმცა მომავალ წელს მათ იგივე კომპანია ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს.

პროკურორის განცხადებით, საბანკო გარანტია კომპანიას ჰქონდა წარდგენილი უცხოური ბანკისგან და გიორგი ერმაკოვის დავალებით, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა გადაამოწმეს ეს ბანკი, გაირკვა, რომ ის საფინანსო ორგანიზაცია საერთოდ არ იყო. მიუხედავად ამისა, 4 მილიონიან ტენდერში “კონვენტ ჯორჯია” მაინც გამარჯვებულად გამოცხადდა.

„ტენდერის გამოცხადებამდე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელობისთვის და სატენდერო კომისიის წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ მსუბუქი ფოლადისთხელკედლიანი კონსტრუქციებით საქართველოში მშენებლობის გამოცდილება მხოლოდ ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა, რომელსაც ტენდერის გამოცხადებამდე ბათუმის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა შესთავაზეს აღნიშნული კონსტრუქციებით მშენებლობის პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა სწორედ ზემოთხსენებული კომპანიის მიერ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ისე რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში მონაწილეობისას „კონვენტ ჯორჯიას“ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს და არსებობდა კომპანიის უპირობო დისკვალიფიკაციის საფუძვლები, უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა პრეტენდენტს და გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად.

ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, „კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მიერ ავიზირებული, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“-ის მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ისე რომ ხსენებული კომპანია საერთოდ არ იყო საბანკო დაწესებულება და წარმოადგენდა არააქტიურ კომპანიას.

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის დავალებით, დიდი ბრიტანეთში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“-ის სანდოობის, გადახდისუნარიანობის და რეიტინგის შესწავლა დაევალა მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ა.ვ-ს, რომლის მიერაც მოპოვებული ინფორმაციებით დადგინდა, რომ დასახელებულ კომპანიას საერთოდ არ ჰქონდა რეიტინგი, რაც პირდაპირ მიუთითებდა მის არასაიმედოობაზე.

ნაცვლად იმისა, ბათუმის მერს და სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება „კონვენტ ჯორჯიასთან“, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 4.279.990 ლარის ოდენობით,“- ამბობენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ყოფილმა მერმა და მერიის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, რომ კონვენტ ჯორჯიამ ყალბი დოკუმენტები წარადგინა, მას მილიონ ლარზე მეტი ავანსის სახით მიანც ჩაურიცხეს, თუმცა კომპანიამ სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

„ბათუმის მერის, საფინანსო სამსახურის უფროსის ე.ლ,-სთვის და საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე ა.ვ-სთვის ცნობილი იყო „POINT BANK LTD“-ის არასანდოობა და ის ფაქტი, რომ გარანტიის გამცემი კომპანია არ წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას, „კონვენტ  ჯორჯიას“ მაინც უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს საავანსო თანხა ჯამში 1. 626.396,20 ლარის ოდენობით, საიდანაც „კონვენტ  ჯორჯიამ“ შეასრულა მინიმალური, მხოლოდ 251.109,43 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი თანხის სამუშაოები დღემდე შეუსრულებელია.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი და სხვადასხვა რგოლის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ, რაც გამოიხატა „კონვენტ ჯორჯიასათვის“ უპირატესობის უკანონოდ მინიჭებაში და საავანსო თანხის უსაფუძვლოდ ჩარიცხვაში, არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, გაიფლანგა დიდი ოდენობით 1.370.076,00 ლარის თანხა, რითაც მუნიციპალიტეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი,“ – განაცხადეს პროკურატურაში.