ჩხარტიშვილი, კალაძე და კობახიძე ივანიშვილს ატყუებენ – „შავი სალარო“ ვერ ივსება

ჩხარტიშვილი, კალაძე და კობახიძე ივანიშვილს ატყუებენ  - „შავი სალარო“ ვერ ივსებაპარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის არჩევნების მოგებისთვის ე.წ. “შავი სალარო” შექმნა. როგორც “2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა ე.წ. “შავი სალაროს” მთავარ ბუღალტრად შს მინისტრი გიორგი გახარია დანიშნა.

“არავისთვის უცნობი არ არის, რომ სამეგრელოში არჩევნების საკითხი ჩაბარებული აქვს შს მინისტრ გიორგი გახარიას. ასე იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. ანუ, ახლა, ზუგდიდის არჩევნების მოგება-წაგებაზე პასუხისმგებელი გიორგი გახარიაა.

შესაბამისად, მისი სამომავლო კარიერაც დიდწილად არის დამოკიდებული ზუგდიდის არჩევნების შედეგებზე. მაქვს ინფორმაცია, რომ ხმების სანაცვლოდ, ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგებისათვის სპეციალურად არის შექმნილი ე.წ. “შავი სალარო”, სადაც საჭირო თანხების მობილიზება უნდა მოხდეს.

ივანიშვილმა ეს “შავი სალარო” გიორგი გახარიას ჩააბარა და დამხმარეებად მიუჩინა ვანო ჩხარტიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე. “შავი სალარო” კი შექმნეს, მაგრამ იქ მხოლოდ 2 მილიონი ლარია მობილიზებული და არჩევნების მოგებისთვის კი მინიმუმ, 7-8 მილიონი სჭირდებათ.

გახარია სალაროს შევსებას ითხოვს, ე.წ. “დამხმარეები” კი არ ეხმარებიან. ამ საკითხზე 2 დღის წინ საკმაოდ დაძაბული საუბარი გაიმართა მათ შორის. ამ შეხვედრაზე გიორგი გახარიას პირდაპირ უთქვამს, რომ შექმნილი ვითარების შესახებ ყველაფერს ვეტყვი ბიძინა ივანიშვილსო.

როგორც ჩანს, გარკვეული დეტალები ივანიშვილმა არ იცის. გიორგი გახარიამ კი ზუსტად იცის, რომ ზუგდიდის არჩევნები პირდაპირ კავშირშია მის პოლიტიკურ მომავალთან. თან, გახარიას სურვილია, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოიგონ, დანარჩენები უფრო მეორე ტურისთვის ემზადებიან. შს მინისტრს პირდაპირ უთქვამს, თუ საკმარისი ფინანსური რესურსი არ იქნება, არჩევნების მოგება გაგვიჭირდებაო”, – განუცხადა “2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ.