გარემოს დაცვის ომბუდსმენად დევიდ მორისონი დაინიშნა

გარემოს დაცვის ომბუდსმენად დევიდ მორისონი დაინიშნასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი უწყების გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატის ხელმძღვანელი წარადგინა.

ამ პოსტზე მამუკა ბახტაძემ დევიდ მორისონი დანიშნა. ომბუდსმენის აპარატი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება მოქცეული.

“ჩემი ინიციატივა იყო, რომ შემოვიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ვგულისხმობ გარემოს დაცვის ომბუდსმენს, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება, რათა გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია პირდაპირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადობასთან, რომ მთავრობა იყოს ძალიან ოპერატიული და ეფექტური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მორისონი გასული წლების განმავლობაში გარემოს დაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის – “კავკასიის ბუნების ფონდის” (CNF) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

მორისონის თქმით, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს გარემოს დაცვით საკითხებს.

“პროფესიით იურისტი ვარ და გარემო იქნება ჩემი კლიენტი, მე არ ვთვლი ამას სამუშაოდ, მე ვთვლი ამას მისიად. საქართველოს მომავალი არის მწვანე”, – განაცხადა მორისონმა.