გია ხუხაშვილი – “ოცნება” ქობულიას კომპენსაციას შეპირდა და გადააგდო”

გია ხუხაშვილი - "ოცნება" ქობულიას კომპენსაციას შეპირდა და გადააგდო"“გიორგი ქობულიას “ქართული ოცნება“ გარკვეული სახის კომპენსაციის გადახდას შეჰპირდა, რომლის განაღდებაზეც ახლა უარს ეუბნებიან. რა შეიძლება იყოს აღნიშნული დივიდენდი, მატერიალური თუ არამატერიალური, ამჟამად ვერ გეტყვით.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებამ გადააგდო, აღნიშნულზე თავად ისაუბროს. ასე, რომ მხიარული ცხოვრება გველოდება“,- აღნიშნა “2020NEWS”-თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ეკონომიკის ექსმინისტრის პოლიტიკოსობის ნაკლებად სჯერა.

– ბატონო გია, გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებულმა გიორგი ქობულიამ ხელისუფლება ნეპოტიზმში ამხილა და პირდაპირ განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიები მიკერძოებული გარიგებების ბუდეს წარმოადგენენ. ქობულიას ასეთი გახსნილობა რით არის განპირობებული? მისი სტრატეგია “ქართული ოცნებისადმი“ შურისძიებას ისახავს მიზნად?

– პირველ ყოვლისა, ამ ეტაპზე გიორგი ქობულიას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ის არის, რომ საკუთარი რეპუტაცია გადაარჩინოს. ვფიქრობ, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა ხელისუფლებასთან გარკვეულწილად დაკონტრაქტებული იყო. არადამაჯერებლად მეჩვენება ის ვერსია, რომ საქართველოში ჩამოსაყვანად ხელისუფლებას ქობულიასთვის კიდევ რაღაც დამატებით დივიდენდი არ შეეთავაზებინა, გარდა იმისა, რასაც მინისტრის ხელფასი ჰქვია. დიდი ალბათობით, ქობულიას ხელისუფლება გარკვეული სახის კომპენსაციის გადახდას შეჰპირდა, რომლის განაღდებაზეც ახლა უარს ეუბნებიან. რა შეიძლება იყოს აღნიშნული დივიდენდი, მატერიალური თუ არამატერიალური, ამჟამად ვერ გეტყვით. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებამ გადააგდო, აღნიშნულზე თავად ისაუბროს. ასე, რომ მხიარული ცხოვრება გველოდება.

– ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ქობულიას, რომელთანაც თანამშრომლობის სურვილი “ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ გამოხატა, პოლიტიკაში მოსვლა უკვე გადაწყევტილი აქვს. თქვენი მოსაზრებით, ქართულ რეალობაში “ოცნებისგან“ დაწუნებული ექს-მინისტრის პოლიტიკური მომავალი, რამდენად წარმატებული იქნება?

– პოლიტიკაში მოსვლა გიორგი ქობულიას კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ მე იმ ყოფილი მინიტრების არ მჯერა, რომლებიც ნახევრად სიმართლეს ლაპარაკობენ. როცა რაღაცას ამბობ და რაღაცას არა, ეს უფრო ვაჭრობას ემსგავსება. გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი ქობულიას და ზოგადად, არავის პოლიტიკოსობის არ მჯერა. მიუხედავად იმისა, რომ ქობულია ახლა ჯანსაღ პოზიციაზეა.