გიგლა ბარამიძე – “რა ფულით ჩაიყვანეს ზუგდიდში ნაციონალებმა 5.000 დამკვირვებელი?”

გიგლა ბარამიძე - "რა ფულით ჩაიყვანეს ზუგდიდში ნაციონალებმა 5.000 დამკვირვებელი?"საიდან აქვს ყოფილ ხელისუფლებას ფული, რა თამაშს თამაშობენ “ოცნება” და ნაციონალები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი, “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე:
– არაერთხელ მითქვამს, რომ “ოცნებას” და ნაციონალებს ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ – ერთმანეთს აცოცხლებენ. ერთად რომ არ იყვნენ, ზუგდიდში სანდრა რულოვსი 42%-ს ვერანაირად ვერ აიღებდა.
მივმართავ ხელისუფლებას, რასაც თქვენ არჩევნებზე ნაციონალებთან ტყუილ ჯაჯგურში ხარჯავთ, ამის 10% ქვეყნის სასარგებლოდ რომ დაგეხარჯათ, არც მცოცავი ანექსია იქნებოდა, ხალხს ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გაიტაცებდნენ და არც ისტორიულ ძეგლებს წაგვართმევდნენ.
იმ ქვეყნის რა ვთქვი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი არის მოსიარულე კრეტინი. არ მინდა ადამიანების მიმართ ასეთი შეფასებები გამოვიყენო, მაგრამ ზალკალიანი სხვა გამოსავალს არ მიტოვებს.
საგარეო საქმეთა მინისტრს ეკითხებიან დავით გარეჯში რა ხდებაო და ის ამბობს, მედიით გავიგე, რომ იქ თურმე გზა გაჰყავთო.
– ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ამბავი მინისტრმა სამი დღის დაგვიანებით გაიგო.
– მაგიტომ ვამბობ, რომ იმ ქვეყნის რა ვთქვი, რომელსაც ასეთი კაცი ეყოლება საგარეო საქმეთა მინისტრად.
– ზემოთ ახსენეთ ზუგდიდი. პოლიციამ დამოუკიდებლობის აღნიშვნა იქ გადაწყვიტა და მათი მინისტრი გახარიაც იქ იყო. ამას რაიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს თუ ეს სიახლე “ოცნებაში” არსებულ უთანხმოებას უაკვშირდება?
– არ მესმის, რატომ უნდა აღნიშნოს პოლიციამ დამოუკიდებლობის დღე ცალკე. გახარიამ რამე ცალკე ავტონომია შექმნა თუ რა ხდება? შეიძლება შს მინისტრი პოლიციელებს ფიცის დადების ნაცვლად საყელოს ასწავლის. ანდა შეიძლება იმის კურსებს გადიან, თუ როგორ ჩააპაჭუნონ სინქრონულად, ერთად თვალი.
მე არ მესმის, რატომ უნდა აღნიშნოს პოლიციამ ცალკე დამოუკიდებლობის დღეს. ასეთი იდეა მხოლოდ “ოცნების” გენიოსურ ტვინებში შეიძლება მოიხარშოს.
ამ განცალკევების მთავარი მიზეზი ის დაპირისპირებაა, რომელიც მმართველ გუნდშია.
– თავად ამბობენ, რომ მათ შორის დაპირისპირება არ არის.
– რაც არ უნდა იხუნტრუცონ და იუარონ, გეუბნებით, რომ მათ შორის სერიოზული უთანხმოებაა, მარტო უთანხმოება კი არ არის, არამედ ჭამენ ერთმანეთს.
ცალკე არის გახარიას გუნდი, რომელსაც უნდა, რომ ყველაფერთან ერთად სუსიც გააკონტროლოს. მის საპირწონელ დგას კალაძე-კობახიძის კლანი, რომელსაც ფინანსური რესურსების ხელში ჩაგდება სურს. აი, ამაზე ჭამენ ერთმანეთს.
ისე უქნიათ, ერთმანეთი დაუჭამიათ და პოლიტიკურ მოუსავლეთში წასულან, მაგრამ ისაა ცუდი, რომ ეს დაპირისპირება ქვეყანას აზარალებს.
ერთმანეთში ვერ მორიგებულან და სოხუმ-ცხინვალს მიმართავენ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით. რატომ არ ფიქრობენ, იმ აფხაზ და ოს ძმებს უნდათ ისეთ საქართველოში დაბრუნება, როგორიც მათ ზუგდიდის არჩევნებში ნახეს. ქალიან-კაციანად ტანსაცმელი ჰქონდათ შემობრდღვნილი და ერთმანეთს მკვდარ-ცოცხალს აგინებდნენ.
ამ არჩევნებმა დამატებითი კითხვებიც გააჩინა – ამისთანა რა სახსრები აქვს დამნაშავე რეჟიმს, რომ როცა დაჭირდათ მარტო ერთ ქალაქში (ზუგდიდს ვგულისხმობ) 5.000 დამკვირვებელი ჩაიყვანეს. ჰქონდათ 200-მდე დრონი და 150-200 ლაივ-კამერა.
– თქვენი აზრით, საიდან ჰქონდათ მათ ამ ყველაფრისთვის საჭირო სახსრები?
– არ გამოვრიცხავ, რომ მათაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდეს.
– ეს ვერსია უკვე აქტიურად განიხილება, მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დააფინანსოს ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობა?
– იმიტომ, რომ მათ ერთმანეთი სჭირდებათ. ისინი ერთმანეთს ამაგრებენ. მათი ეს დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხალხი აზრზე არ მოვალთ. 26 მაისს რომ მივსულიყავით და ის ლიქნის აღლუმი ჩაგვემწარებინა, ამას ვეღარ გაბედავდნენ. ვიცი, ამას კუდებს გამოაბამენ, ამიტომ განვმარტავ, რომ მხედველობაში აღლუმის ჩაშლა არ მაქვს. უნდა მივსულიყავით და გვეთქვა, რომ მათ 26 მაისის აღნიშვნის უფლება არ აქვთ.
26 მაისი არის ხალხის მონაპოვარი, ეს დღე ხალხმა უნდა იზეიმოს და არა გააზნაურებულმა მდაბიოებმა და მათთან კოჰაბიტირებულმა ნაციონალებმა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა