გიორგი ახვლედიანი – “თბილისელების 70% ამბობს, რომ არც ქოცი უნდა და არც ნაცი”

გიორგი ახვლედიანი - "თბილისელების 70% ამბობს, რომ არც ქოცი უნდა და არც ნაცი"“ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ახვლედიანი პასუხობს.

– გიორგი, როგორ აფასებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებულ სიტუაციას?

– ის, რაც ხდებოდა ზუგდიდში, “ქართული ოცნების” და ნაციონალური მოძრაობის ინტერესში შედიოდა. მათ ყველაფერი გააკეთეს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვისთვის და ყველანაირად უწყობდნენ ხელს, რომ პროცესი გადასულიყო ასეთ დაპირისპირებაში, ყოველდღიურ ცემა-ტყეპაში, ყოველდღიურ კონფროტაციაში.

– რისთვის იყო ეს საჭირო?

– ნაციონალური მოძრაობისათვის ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ ვინც კი ამომრჩეველი ჰყავთ, ყველას მობილიზება მომხდარიყო, არავინ სახლში არ დარჩენილიყო.

“ქართული ოცნებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას ხმა, ვისაც არ უნდოდა ნაციონალური მოძრაობა, წასულიყო “ქართული ოცნების” ყულაბაში. ამისთვის მათ შესანიშნავად გამოიყენეს ნაცმოძრაობა, როგორც საფრთხობელა.

ნაციონალური მოძრაობა რომ არ იყოს ქართულ პოლიტიკაში და იყოს იქ, სადაც საჭიროა, “ქართული ოცნება” დიდი ხანია, ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. მას ერთადერთი, რაც ასაზრდოებს, არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირება და მისი საფრთხობელად გამოყენება.

– ისევ მუშაობს ეს თემა?

– კი მუშაობს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს თემა არ იმუშავებს, სანამ ორი პოლიტიკური პარტიის კონფრონტაციას ვხედავთ წინასაარჩევნოდ, ძალიან ცდება.

– როდესაც სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, შავგულიძეს ვუჭერ მხარსო, გაჩნდა ვერსიები, რომ სააკაშვილმა ამით ისევ “ოცნება” ახეირა. ამაზე რას იტყვით? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხომ არ ხდება?

– რა თქმა უნდა! დღეს საზოგადოება ერთიან კონტექსტში აღიქვამს როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ისე ბოკერიას ფრთას, მიშა და ბოკერია რამ გაყო?! თუმცა “ქართული ოცნებისთვის” ეს ასე არ არის.

– აბა როგორ არის?

– “ქართულმა ოცნებამ” შექმნა “ევროპული საქართველო” და ეს გააკეთა იმისთვის, რომ ნაცმოძრაობა შეესუსტებინა და ორ ფლანგად გადაენაწილებინა. “ქართული ოცნებისთვის” მათდამი დამოკიდებულება განსხვავებულია.

– რა თვალსაზრისით?

– ბოკერია “ქართული ოცნების” ფრთისქვეშ არის. ამიტომაც, ბოკერიას მიერ წაყენებული შავგულიძის კანდიდატურა, არ იყო ისეთი სერიოზული პრობლემა, როგორც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ამიტომაც ყველამ დავინახეთ, რომ მთაწმინდაზე არავითარ თავპირისმტვრევას ადგილი არ ჰქონია. პრაქტიკულად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც კი არ შეიმჩნეოდა, ისე მშვიდად, წყნარად და თავის ჭკუაზე იყო ყველაფერი მიშვებული. იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” შავგულიძის არ ეშინოდა, პირიქით, უნდოდა კიდეც, რომ მეორე ტური ჰქონოდა ბოკერიას პარტიის მიერ წამოყენებულ კანდიდატთან.

– რატომ?

– “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ნაცმოძრაობის ბოკერიას ფრთა გააძლიეროს და მეორე ფრთა მესამე პლანზე გადაიყვანოს. ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, იმიტომ, რომ გაზომბებული ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ჯერჯერობით ისევ სააკაშვილზე ყრის დორბლებს. ამიტომ ეს პროექტი თვითონ ბიძინა ივანიშვილსაც არ გამოსდის ჯერჯერობით სრული მაშტაბით. ერთადერთი “ქართულ ოცნებას” ვინც კონკურენციას უწევს, ეს არის “ევროპული საქართველო”.

– კონკურენციას უწევს, თუ თავად “ოცნებას” უნდა, რომ ასე იყოს?

– სწორედ ამის წარმოჩენა უნდოდათ ამ არჩევნებზე, ამიტომ მიუშვეს პროცესები მთაწმინდაზე. მეორე ტური როდესაც დადგება, ბუნებრივია, ჩაერთვება ადმინისტრაციული რესურსი და ეს პრობლემაც მარტივად მოიხსნება, უბრალოდ, ახლა ამის დემონსტრირება იყო საჭირო.

“ქართულმა ოცნებამ” და ნაცმოძრაობამ ზუგდიდში ერთმანეთს გადაუსწრეს. ერთი კვირის განმავლობაში “ქართული ოცნება” ჩადიოდა არაადეკვატურ და დანაშაულებრივ ქმედებებს, არჩევნების დღეს კი გადაჯოკრა თვითონ ნაცმოძრაობამ ყველაფერი. ისეთები ჩაიდინეს, რომ არ დაგესიზმრება ადამიანს. მთავარი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნებზე აღარ დადის ამომრჩეველი და ეს არის ფაქტი.

– რა იქნება 2020-ისთვის?

– საზოგადოება ითხოვს მესამე ძალას და ეს მოთხოვნა პირველად დაფიქსირდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც არჩევნებზე არ მივიდა 600 ათასი ამომრჩეველი. ამ ხალხს აღარც “ქართული ოცნება” უნდა და აღარც ნაციონალური მოძრაობა.

შუალედურმა არჩევნებმაც ეს შესანიშნავად წარმოაჩინა. ზუგდიდისთვის 46% არის კატასტროფულად ცოტა, მთაწმინდაზე 34% არის კატასტროფა! ეს ნიშნავს, რომ თითქმის 70% თბილისელებისა ამბობს, რომ აღარ უნდა აღარც ნაცი, აღარც ქოცი! ხალხს ჭირდება ამ ორივეს ალტერნატივა.

ეს არის დაკვეთა საზოგადოებისა, ამ დაკვეთას თუ ვერ შეასრულებენ პოლიტიკური ძალები, მაშინ ყველაფრის ღირსი იქნება ეს ქართული პოლიტიკური სპექტრი!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა