იაგო ნებიერიძის განაჩენი 27 მაისს გამოცხადდება

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიმართ განაჩენი 27 მაისს გამოცხადდება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა. მან დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

“სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვაში ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ მტკიცებულებაზე, რაც საქმეში იყო წარმოდგენილი და სასამართლოში გამოვიკვლიეთ. სასამართლოს წინაშე ბრალდებულ იაგო ნებიერიძის დამნაშავედ ცნობა მოვითხოვეთ წარდგენილ ორივე ბრალდებაში.

ჩვენ სასამართლოს ვაჩვენეთ მტკიცებულებები და ის, თუ რა დასტურდება. გვაქვს იმედი, რომ სასამართლო გაითვალისწინებს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც აშკარა, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებულია”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

27 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვასაც წარმოთქვამს. ამის შემდეგ, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, შემდეგ კი სასამართლო სასათბიროდ გავა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი