თბილისის საქალაქო სასამართლოში, გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, პროკურატურის 11 მოწმე დაიკითხა. როგორც საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში. მისი თქმით, ასევე დაიკითხნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და ასევე ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.
“რა თქმა უნდა, მათი ჩვენებები იყო მნიშვნელოვანი და საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრეს. მათ სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრეს, დაადასტურეს გაცემული დასკვნების სისწორე, რომელიც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გარემოებებს შეიცავს. მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე იყო დანიშნული აღნიშნული ექსპერტიზები და ასევე გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი სისწორე. ასევე ვიდეო ჩანაწერზე ჰაბიდოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების ჩამტარებელი ექსპერტები დაიკითხნენ“, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

