ივანიშვილი კვირიკაშვილს პარტიის შექმნას აძალებს

ივანიშვილი კვირიკაშვილს პარტიის შექმნას აძალებსამ ზაფხულს საქართველო არ მოიწყენს, წინ დიდი გაწევ-გამოწევები და რამდენიმე ახალი პარტია გველოდება. შესაქმნელად გამზადებულ პარტიებს მესამე ძალის ნიშის დაკავებაზე ექნებათ პრეტენზია.

“ოცნებიდან” წამოსულები რომ ახალი პარტიის შექმნას აპირებენ, ეს სიახლე არ არის. თავიდან იყო მოსაზრება, რომ ისინი “დაიცავი საქართველოში” გაწევრიანდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მცველებიც ახლო წარსულში “ოცნებას” ადიდებდნენ და ივანიშვილს იცავდნენ.

მმართველი პარტიის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, “ოცნებიდან” გამოყოფილები შესაძლოა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდში ვიხილოთ.

“ოცნების” კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ კვირიკაშვილი ახალი პარტიის შექმნას აპირებს და შეიძლება სწორედ ეს პარტია მოგვევლინოს მესამე ძალად,

“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ კვირიკაშვილის ხალხი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს “დაიცავი საქართველოს” წევრებთან და “ოცნებასთან” გამიჯნულებთან.

“დაიცავი საქართველოს” წევრები – ძმები გაჩეჩილაძევბი – გიორგი კვირიკაშვილის მეგობრები არიან.

კვირიკაშვილის პრემიერობისას ტენდერების გამო ძმებს მეგობართან სიტუაცია დაეძაბათ, მაგრამ, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ დროისთვის კონფლიქტი ამოწურულია.

ყოფილი პრემიერის პარტიაში შეიძლება ასევე ვიხილოთ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე. ის არასდროს მალავდა, რომ კვირიკაშვილთან ახლობლობს.

ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლაზე. ამბობდნენ, რომ ამას ხელს სწორედ კვირიკაშვილი უწყობდა. არ არის გამორიცხული, რომ ხაზარაძე ყოფილი პრემიერის პარტიაში ვიხილოთ. ამავე პარტიაში შეიძლება აღმოჩნდნენ ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი.

ორივე მათგანს და მათ შორის კვირიკაშვილსაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ ივანიშვილთან. მათთან კითხვები ჰქონდა საგამოძიებო უწყებასაც. ამ ტრიოს ასეულობით მილიონი ლარის გაქრობაში ედება ბრალი.

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მილიონების გამო მოუწევს ყოფილ პრემიერს პარტიის შექმნა. “ოცნების” კულუარებში დარწმუნებული არიან, რომ კვირიკაშვილი ახალ პარტიას ივანიშვილის მოთხოვნით აკეთებს.

ოფიციალურად ამ ინფორმაციას “ოცნებაში” არ ადასტურებენ. კერძო საუბრებში კი ამბობენ, რომ კვირიკაშვილს ქდმ-ს როლის შესრულება დაეკისრება.

ახალი თაობა, შორენა მარსაგიშვილი