კახა კუკავა – “თავისუფალ არჩევნებში ნაციონალები “ოცნებას” 10:0-ს მოუგებენ”

“ახალი თაობის” კითხვებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
კახა კუკავა:
– რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეალურად ყველაზე პოპულარული პარტია დღეს საქართველოში არის ნაციონალური მოძრაობა. შეიძლება ეს ტელევიზიით არ იგრძნობა, მაგრამ ვინც იცის, რა არის არჩევნები, ვინც იცის, ხმები როგორ ნაწილდება, მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში ხმები აქვს ერთ პარტიას და ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ყველა სხვა პარტია ხმებს ყიდულობს.
– თქვენზე რას იტყვით?
– მე არ ვსაუბრობ იმ უმნიშვნელო ხმებზე, რომელთაც ჩვენ და რამდენიმე პატარა პარტია ვიღებთ. დაახლოებით 200-250 ხმას უბანზე იღებს ნაციონალური მოძრაობა თავის მხარდამჭერებისას, დანარჩენ ხმებს კი “ევროპული საქართველო” და “ქართული ოცნება” ყიდულობენ.
დანარჩენი პარტიები – ჩვენ, ლეიბორისტები, პატრიოტთა ალიანსი და ასე შემდეგ, ვიღებთ ხმების ბევრად უფრო ნაკლებ რაოდენობას.
ეს რეალობა, რომ ნაყიდი ხმებით მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლების შენარჩუნება, ყველა ხვდება, რომ შეუძლებელია, მუდმივად იყოს. შეუძლებელია, რომ მუდმივად ასე დანის პირზე იარო. ეს ერთხელაც იქნება გასკდება. ხახვით და კარტოფილით დაუპირისპირდე უკიდურესად პოპულარულ ძალას, არის შეუძლებელი.
– ამით რისი თქმა გსურთ?
– იმის, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ეს ვითარება იქნა შენარჩუნებული ქვეყანაში, რაც ახლა არის, ნაციონალური მოძრაობის რევანში არის გარდაუვალი. ნაციონალური მოძრაობის რევანში კი მე არ მემუქრება, ემუქრება სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. პირველ რიგში, ნაცვლიშვილს გააძრობენ ტყავს და კიდევ ვინც ჰყავს ივანიშვილს უახლოესი მცველები.
– იმის თქმა გინდათ, რომ შესაძლოა 2020-ში ნაციონალები მობრუნდნენ?
– დიახ და ამიტომ 19 მაისის შემდეგ უნდა დაიწყოს ამაზე მსჯელობა, რადგან 19 მაისსაც ბევრი რამე გამოჩნდება. თუნდაც ის, რომ ხელისუფლება ამ მეთოდებით რამდენად მოახერხებს ზუგდიდში კრიზისის თავიდან აცილებას.
ამ თემაზე დისკუსია უნდა გაიხსნას, თუ მართლა არ გვინდა, რომ ეს მოხდეს და ისევ ნაცები მობრუნდნენ. თუ მოლაპარაკებულები არიან ქოცები ნაცებთან და უნდათ, რომ ხელისუფლება გადააბარონ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ თუ მართლა არ გვინდა, რომ მობრუნდნენ, მაშინ ამის ერთადერთი საშუალებაა პოლიტიკური ველის გახსნა.
თუ პოლიტიკური ველი გაიხსნება, მედია გაიხსნება, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად ჩამოყალიბდება საქართველოში მესამე და შესაძლოა მეოთხე და მეხუთე პოლიტიკური ძალაც, რომელიც რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის მონოპოლიას არ დაუშვებს.
ნაციონალური მოძრაობის ძლიერება დღეს ეფუძნება იმას, რომ მას აქვს თავისი მედიასაშუალება – რუსთავი 2, დანარჩენი მედიასაშუალებები ეკუთვნის მთავრობას და მთავრობა სხვა პოლიტიკურ ძალებს არ აჭაჭანებს ამ მედიაში. არც რუსთავი 2 აჭაჭანებს სხვა პოლიტიკურ ძალებს თავის მედიაში.
საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ დარჩენილია მარტო ორი პოლიტიკური ძალა, ოღონდ ამ ორიდან ერთს მართლა აქვს ხალხის მხარდაჭერა, ხოლო “ქართულს ოცნებას” აქვს ხახვით და კარტოფილით.
ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები ხახვის და კარტოფილის გარეშე და “ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ როცა იქნება, მოუწევს ასე ჩატარება, ისე როგორც შევარდნაძეს და სააკაშვილს მოუწია, 10:0-ს მოუგებს ნაციონალური მოძრაობა “ქართულ ოცნებას”.
– ხომ არ მიდის ნაცებისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესი?
– მე რაიმე კულუარული ინფორმაციები არ მაქვს, ამას სპეციალურად აკეთებენ თუ რატომ აკეთებენ, მე შედეგებიდან გამომდინარე ვმსჯელობ.
მე უფრო ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომ “ოცნებაში” სულელები არიან და ამას სპეციალურად კი არ აკეთებენ, მათ ჰგონიათ, რომ არჩევნების გაყალბებით შესაძლებელია ხელისუფლების შენარჩუნება.
მე ვიცნობ “ოცნების” ბევრ მაღალჩინოსანს, რომელიც ხვდება, რომ ეს არ არის პერსპექტიული და ჩემთან საუბარში მათ უთქვამთ, რომ რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამის მეორედ გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს სასახლის კარზე მთავარი პოზიცია სხვებს უკავიათ – პირობითად, ლაშა ნაცვლიშვილს და ირაკლი კობახიძეს. ეს ადამიანები, პირდაპირი გაგებით, დაღუპავენ ივანიშვილს.
– რამდენად დადგება დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი? შესაძლოა, შუალედურ არჩევნებში შექმნილმა დაძაბულობამ ეს პროცესი დააჩქაროს?
– ვადამდელი არჩევნები ძალიან რეალურია. თუმცა 100%-ით ვერ ვიტყოდი. ხელისუფლების ლეგიტიმურობა როცა ნულს უახლოვდება, ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოს ერთადერთი შანსი იმისა, რომ არ დაიწყოს რევოლუცია.
ჩვენ ერთხელ ვიყავით ამასთან ძალიან ახლოს, როცა ზაზა სარალიძის აქციები იმართებოდა რუსთაველის გამზირზე. მაშინ უბრალოდ ნაციონალურმა მოძრაობამ “იყოჩაღა” და იმ აქციების დისკრედიტაცია მოახდინა. 10 ათასი კაცი, რომელიც ზაზა სარალიძის აქციაზე შეიკრიბა არ არის 100 ათასი კაცი და არ არის ის რაოდენობა, რომლითაც ხელისუფლების დამხობა იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება აკანკალდა. რატომ? იმიტომ, რომ როცა ხელისუფლება ნულოვანი ლეგიტიმაციის მქონეა, მაშინ ის 10 ათასი კაციც ძალიან ბევრია. დღეს კი ხელისუფლება ამ ვითარებაშია. იცით, ივანიშვილის პრობლემა რაშია?!
– რაში?
– იმაში, რომ მისი გარემოცვა ვინც არიან, ეს თაღლითები და მექრთამეები, პარლამენტის თავმჯდომარე, ლაშა ნაცვლიშვილი და ასე შემდეგ, ეს ხალხი არიან კარგი პროფესიონალები არჩევნების გაყალბებაში, შავ პიარში, მექრთამეობაში და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც კი პროცესები გადადის ქუჩაში, სად დაიმალა ეს ხალხი სარალიძის აქციების დროს?! რამით დაეხმარნენ ივანიშვილს?! მე მგონი, ვერაფრით ვერ დაეხმარნენ! პრობლემაც ამაშია.
ეს ჩვენ ვნახეთ 2003 წელს. უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე იყო ნაცვლიშვილი და პირველი გაიპარა უკანა კარიდან. ახლაც იგივე იქნება. თაღლითები მაშინ არიან ხელისუფლებასთან, როცა არიან კომფორტში, როგორც კი იწყება კრიზისი, ეს თაღლითები კრიზის მენეჯმენტის დროს არიან სრულიად უსარგებლოები.
რამდენიმე ათეულ ათასი კაცი რუსთაველზე აუცილებლად შეიკრიბება. მაშინ რით დაეხმარება კობახიძე, რას იტყვის?! მაშინაც თავისი ცინიზმით შეეცდება ვითარების განმუხტვას?!
ამიტომაც, ვადამდელი არჩევნები ასეთ კრიზისულ ვითარებაში შესაძლოა იყოს ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ქუჩის აქციები არ გადაიზარდოს არაკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ პროცესებში.
რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ხელისუფლებამ თვითონ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს ვერსია უკვე გამოირიცხა.
– რატომ გამოირიცხა?
– იმიტომ, რომ ზუგდიდის არჩევნები როგორც უნდა დამთავრდეს, აჩვენებს ერთ რამეს, რომ ხელისუფლებას უკვე გარანტირებულად ჯიბეში აღარაფერი უდევს.
ვადამდელ არჩევნებს ხელისუფლება განიხილავდა, იყო ასეთი ვერსია, რომ მოდით დავნიშნოთ ვადამდე, მოვიგოთ და თავი ქუდში გვექნება და 2020-ში არაფერი გვექნება სანერვიულო, მაგრამ დღეს ქვეყანაში შეიქმნა ისეთი პოლიტიკური ვითარება, როცა ხელისუფლებას ჯიბეში არაფერი აღარ უდევს. ზუგდიდის მერი მათ მოხსნეს იმ იმედით, რომ რა პრობლემაა, ზუგდიდს მოვიგებთო, ვერ იგებენ! ვერაფერს ვეღარ იგებენ უპრობლემოდ.
– ანუ სერიოზულ რისკზე წასვლა მოუწევთ ვადამდელი არჩევნებით?
– კი, ნამდვილად ასეა. აქედან გამომდინარე, ეს ვარიანტი, რომ ხელისუფლებამ თვითონ დანიშნოს, გამოირიცხა. თუმცა არ არის გამორიცხული, დაიწყოს მაშტაბური აქციები და უბრალოდ ხელისუფლებას დღეს აღარ აქვს იმის საშუალება, რომ ასეთ მასშტაბურ აქციებს გაუძლოს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი