კახა მიქაია – “სანდრას დაცემას მეხის დაცემა ჯობია”

კახა მიქაია - "სანდრას დაცემას მეხის დაცემა ჯობია"2 მაისის ღამით მთელი საქართველო შეძრა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა. მმართველი პარტია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ ნაციონალების ზუგდიდის ოფისში მოხდა მოკლე ჩართვა და მათი “სტოლბიდან” გადმოვიდა ცეცხლი.
ვის დაეცა მეხი ზუგდიდში, რას აპირებენ ნაციონალები სამეგრელოში, რა შემთხვევაში დაბრუნდება სააკაშვილი საქართველოში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” კახა მიქაია ესაუბრება.
– 2-3 მაისის ღამეს ზუგდიდში მეხი ჩამოვარდა. ნაციონალების მტკიცებით, ის “ოცნების” ოფისს დაეცა. “ოცნება” ამტკიცებს, რომ ნაცების ოფისში ჰქონდა ადგილი მოკლე ჩართვას. თქვენ, როგორც არც ქოცი და არც ნაცი, რას გვეტყვით, ვის დაეცა მეხი?
– მე არ ვიცი, ვის ოფისს დაეცა მეხი. რომც დაცემოდა “ოცნების” ოფისს მეხი, ეს არ არის დიდი უბედურება. იმედი მაქვს, ჩემი ქალაქი კარგად გააანალიზებს, რომელი უფრო დიდი უბედურებაა – “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს დაცემული მეხი თუ მიშას გადმოტყორცნილი ზუგდიდს დაცემული სანდრა?
სანდრა რულოვსი მეხივით თუ დაგვეცა ზუგდიდის მერად, მაშინ ყველას მოგვიწევს ჰამლეტისეული კითხვის დასმა – ყოფნა-არყოფნა, საკითხავი, აი, ეს არის.
– რატომ არის ასეთი საშიში ეს ადამიანი, სააკაშვილის გარდა, მთელი ნაცმოძრაობა “ოცნებას” არის დაცემული და აქამდე რატომ არ მოგვიწია ჰამლეტისეული კითხვის დასმამ?
– პორტირებულ ნაცებზე არაერთხელ გამოვხატე პროტესტი, იგივე თქვენს გაზეთთან საუბრებშიც, მაგრამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე სანდრას დაცემა უკვე კატასტროფა იქნება. ეს იქნება საბოლოო მარცხი არა მხოლოდ “ქართული ოცნების”, არამედ ქართული საზოგადოების და პირველ რიგში სამეგრელოსი. ეს იქნება ის სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოვირეცხავთ.
ჩვენ დავბრუნდებით იმ წარსულში, რომელსაც მომავალი არ გააჩნია. ჩვენ დავუბრუნდებით ახალაიებს, ქარდავებს, კასტილიან კაცს და ეს იქნება კატასტროფა.
– ამათ სანდრა რანაირად დააბრუნებს?
– ამ შემთხვევაში სანდრა არაფერ შუაში არ არის. დღეს ცოლის კალთას ამოფარებული სააკაშვილი ცდილობს, სამეგრელოში შექმნას პლაცდარმი, რათა შემდეგ აქედან დანარჩენ საქართველოზე დაიწყოს შტურმი. ამას სრული სერიოზულობით გეუბნებით.
მე არ მჯერა სააკაშვილის მეტამორფოზის, მე არ მჯერა ნაცების გაკეთილშობილების. მე არ მჯერა ყოფილი ხელისუფლების მიერ შეცდომების აღიარების.
ყოველივე ეს ჩემთვის არის დაუჯერებელი და თუ ვინმეს უკვირს, რატომ არ მჯერა, ცივი წყალი დალიოს.
– ზუგდიდში შექმნილ ვითარებაზე რას იტყვით? ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან აქტიურად მუშაობენ.
– სამეგრელოში ნაცების აქტიურობა არახალია. რაც არ უნდა იაქტიურონ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქალაქი წარსულში დაბრუნებას არ დაუშვებს.
– ნაცების აქტიურობის ფონზე ქოცები ძალიან უმოქმედოდ გამოიყურებიან. მერობის მათ კანდიდატს, გეგა შენგელიას, ცოტა ვინმე თუ იცნობს.
– გეგა შენგელიას პოლიტიკური ბეგრაუნდი შეიძლება არა აქვს, მაგრამ მას არ ამძიმებს პოლიტიკური წარსული. მე ფიქრშიც კი არ მინდა იმის დაშვება, რომ ზუგდიდის მერი შეიძლება სანდრა რულოვსი გახდეს.
“ოცნებაზე” განაწყენებას ქალაქის და ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ. ასე თუ მოხდა, ეს იქნება საშინელება და კატასტროფა.
– თუ ზუგდიდელები ნაც-ქოცებს უარყოფენ და არჩევანს რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთებენ?
– ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ შექმნა ნაცების და “ოცნების” ალტერნატივა – მესამე ძალა. ასეა სამეგრელოშიც. იქ ძირითადად ორი ძალა დომინირებს – მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება.
არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელ კანდიდატებს პატივს ვცემ, მაგრამ არცერთ მათგან არ აქვს შანსები. მე პოლიტიკურ მოვლენებს ყოველთვის რეალურ ჭრილში ვუტურებდი და არასდროს არ მქონია ილუზიები. დიდი წინასწარმეტყველებით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ რაც კი პროგნოზი გამიკეთებია, ყველაფერი გამართლებულა.
– წინასწარმეტყველი ყოფილხართ ფაქტიურად.
– არა, არა. წინასწარმეტყველება სხვა რამეა. მე პროგნოზების გაკეთება შემიძლია. დღეს ზუგდიდის წინაშე დგას ძალიან სერიოზული ამოცანა – როგორ შევა დღევანდელი თაობა საქართველოს ისტორიაში.
დამიჯერეთ, სანდრას არც ზუგდიდის მერობა უნდა და არც ზუგდიდელების პრობლემები აინტერესებს. ნაციონალების მთავარ მიზანს სამეგრელოში პლაცდარმის შექმნა წარმოადგენს, რათა შემდეგ აქედან დაიწყონ საქართველოს განადგურება.
სანდრა ხომ ამბობს, ზუგდიდიდან ვიწყებ საქართველოს განვითარებასო, მე მას ვპასუხობ, რომ ისინი ზუგდიდიდან იწყებენ საქართველოს განადგურებას.
იქ სადაც სააკაშვილია, განვითარება ვერ იქნება. ახალაიები, ქარდავები, მიშა და კასტილიანი კაცი არის წარსული, რომელიც ვერა და ვერ მოვიშორეთ. ამის გაკეთება ახლა შეიძლება. მათთვის საბოლოო წერტილის დასმა ზუგდიდელებს შეუძლიათ.
– ამბობთ, რომ ნაცებთან ერთად განვითარება ვერ იქნება და მათ წერტილი უნდა დავუსვათ, მაგრამ პორტირებულ ნაცებს რას უშვრებით? მათთან ერთად იქნება განვითარება?
– “ოცნება” ზუგდიდში თუ დამარცხდა, პორტირებული ნაცები ყველას დაავიწყდება. პორტირებული ნაცები ისევ ნაცებად გადაიქცევიან. მეტსაც გეტყვით, მათ ნაცებში “ოცნებიდან” შეიძლება კიდევ ვიღაცები გადაყვნენ.
ამიტომ პორტირებული ნაცები და “ოცნების” მიერ შექმნილი სხვა პრობლემები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ. მე გაცნობიერებული მაქვს, რა უბედურება დაატყდება თავს საქართველოს, თუ “ოცნება” ზუგდიდს წააგებს.
მინდა კარგად გამიგოთ, მე არ ვარ “ოცნების” მხარდამჭერი. უბრალოდ გეგა შენგელიას ვუჭერ მხარს და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ის არის სანდრა რულოვსის კონკურენტი.
– “ოცნების” მხარდამჭერი არ ვარო და მაშინ შენგელიას მაგივრად ზვიად სიჭინავას დაუჭირეთ მხარი. დამოუკიდებელი კანდიდატია, არც ნაცია, არც ქოცი.
– ამ ადამიანს კარგად ვიცნობ, მაგრამ მას ამ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. თანაც მე გამოვდივარ პოლიტიკური რეალობიდან. არანაირი სურვილი არ მაქვს ან საზოგადოებას გავუჩინო ილუზიები, ან თავად ვიცხოვრო ილუზიებში.
დღეს ზუგდიდი და მთელი საქართველო კატასტროფის წინაშე დგას, “ოცნებამ” ეს არჩევნები არ უნდა წააგოს.
– მაგიტომ ჩააბარეს ალბათ ზუგდიდი შინაგან საქმეთა მინისტრს. ოპოზიციის მტკიცებით, სამეგრელოზე კონტროლი გახარიას დაევალა.
– მე არ ვიცი, საერთოდ რა აქვს ჩაბარებული შინაგან საქმეთა მინისტრს. ამ ადამიანთან საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა. არც “ოცნების” საარჩევნო შტაბთან არ მაქვს რამე კავშირი.
ამ შემთხვევაში მე ვარ რიგითი ზუგდიდელი, რომელიც კარგად აცნობიერებს იმ საშიშროებას, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა დგას.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა