“კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ არც ინტელექტი ეყოფა და არც ფული”

"კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ არც ინტელექტი ეყოფა და არც ფული"“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, ენდიაის კვლევით, პოლიტიკოსთა რეინტინგში პირველ ადგილს კახა კალაძე და დავით სერგეენკო იკავებენ. თქვენ რითი ხსნით მათ ლიდერობას?
– კახა კალაძე “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია, თბილისის მერია. თბილისში ყველაზე მეტი ამომრჩეველია. შესაბამისად, ცნობადობაც მაღალი აქვს. ადამიანებთან შემხებლობაც მეტი აქვს. დანარჩენები არც მინისტრები არც “ოცნების” ლიდერები ხომ ხედავთ, არ ჩანან.
რაც შეეხება დავით სერგეენკოს, სრულიად გასაგებია, რატომაც. პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია. პრინციპული ადამიანია, მას თავისი შეხედულებები აქვს და ამ შეხედულებებს მიჰყვება. მის უწყებაში, რაც არ უნდა თქვა, რეფორმაც მოხდა და ყველაზე ხელშესახები არის საყოველთაო ჯანდაცვა. ამიტომაც არის, რომ როდესაც პოლიტიკური თვალსაზრისით კრიტიკული მომენტი დგება, ხალხს მაინც უფრო მეტი ნდობა “ქართული ოცნების” მიმართ აქვს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ადამიანებს ავადმყოფობის გამო სახლის გაყიდვა არ უწევთ ან მევახშეებთან მთელი ცხოვრება ურთიერთობა. მართალია, სამედიცინო ბიზნესში ძალიან ბევრი ლაქა და შავი ხვრელია, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი სერგეენკო ვერ მოერევა. ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკაა შესაცვლელი.
– წინა გამოკითხვებში გიორგი გახარია ლიდერობდა. რატომ გადაინაცვლა უკანა პლანზე?
– მითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ შეიძლება პოპულარული იყოს, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს?! გახარიამ თავისი საქმიანობა გააუარესა და ამიტომაც ჩამოქვეითდა. ძალიან მარტივია ახსნა. ყოველდღე ქურდობა, დაყაჩაღება და ამ ფონზე, როგორ შეიძლება გახარია პოპულარული იყოს?! ხომ ხედავთ, მხოლოდ სტატისტიკის გამოქვეყნება არ აღმოჩნდა საკმარისი, მოქმედებაა საჭირო.
– კალაძეზე შეიძლება ივანიშვილმა იეჭვიანოს?
– ვერ გეტყვით.
– რამდენად შეიძლება, კალაძე დამოუკიდებელი მოთამაშე გახდეს? თითქოს ემზადება კიდეც ამისთვის, მისი განცხადებები მთლად პარტიულ ხაზს არ მიჰყვება.
– ვერ გეტყვით, რომ კალაძეს ამბიცია არ აქვს. ამბიცია აქვს, მაგრამ გაუჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ იმდენი პოლიტიკური ინტელექტი არ ყოფნის და არც იმდენი ფული აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე ღიად დაუპირისპირდეს.
რა თქმა უნდა, ამბიცია აქვს, მაგრამ ის უპირატესობა, რაც მას უნდა გააჩნდეს ივანიშვილთან შედარებით, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, არც ერთ ასპექტში არ აქვს. არც იმდენი ინტელექტი აქვს და არც ფული. თან, მისი ფულის წარმოშობა ბევრად უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ივანიშვილის. მე ფეხბურთელობით მიღებულ ფულს არ ვგულისხმობ.
– აბა რომელ ფულს გულისხმობთ?
– ბიზნესიდან, უფრო კონკრეტულად კი ენერგეტიკიდან. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, სწორედ მისი მინისტრობის დროს გაჩნდა ძალიან ბევრი ტრანზიტული კომპანია ენერგეტიკაში. ენერგოსექტორში ბევრი შუამავალი კომპანიაა. თუ ასეთი გულანთებული პატრიოტია და ძალიან უყვარს ეს ქვეყანა, მაშინ გამოვიდეს და ღიად ილაპარაკოს სიმართლე, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რაც ხდება ენერგეტიკის სფეროში. რა, არ იცის რისთვის მოვიდა თურნავა, რას შეეწირა ქობულია?!
– რისთვის მოვიდა თურნავა?
– თუ კიდევ რამე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კომპანია არის დარჩენილი, ამის პრივატიზება მოახდინოს თავისი კონკრეტული ჯგუფისთვის, რომელიც მას ყოველთვის ქაჩავს სხვადასხვა თანამდებობაზე. ჩხარტიშვილს ვგულისხმობ, პირველ რიგში.
გიორგი ქობულია ბაქოში ჩავიდა, რომ აზერბაიჯანულ კომპანიებთან მოლაპარაკებები გაემართა. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ დაიწყო ქობულიას გაშვებაზე ფიქრი. თუ იმასაც დავაკვირდებით, ქობულიას ვიზიტის შემდეგ რომელი ბიზნესმენები გაფრინდნენ ბაქოში, ყველაფერი ნათელი გახდება, ისე, რომ მინიშნებაც აღარ იქნება საჭირო.
– რომელ ბიზნესმენებზე საუბრობთ?
– ენერგეტიკით დაინტერესებულ ბიზნესმენებზე, მათი სია დიდია. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ჟურნალისტებს არ გაგიჭირდებათ, აეროპორტს მიმართოთ და სია გამოითხოვოთ, თუ ვინ გაფრინდა მაშინ თბილისიდან ბაქოში.
– ბატონო დავით, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ?
– ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ არის კორუფცია, არ არის ეფექტური გადაწყვეტილებები და არსებობენ შუამავალი ფირმები, რომლებიც მეტ სარგებელს ნახულობენ, ვიდრე სახელმწიფო. ამის გამო სახელმწიფოს არ აქვს იმდენი ეკონომიკური მოგება, რამდენიც უნდა ჰქონდეს. როგორც ჩანს, მან წურბელების მოშორება გადაწყვიტა, მაგრამ თვითონ მოიშორეს.
ქობულიამ თქვა, რომ ჩავიხედე, რაც ხდებოდა, თუ ადრე ვამბობდი, რომ ეკონომიკის გაზრდა შეიძლება 7%-მდე, ახლა ვამბობ, რომ შეიძლება 9%-მდეც გაიზარდოს, თუ სწორად დავალაგებთ ყველაფერსო, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორად დალაგების უფლება არ მისცეს. ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხები ხელისუფლების მხრიდან.
– ქობულიასთან პოლიტიკაში დარჩენის შესახებ ხომ არ გისაუბრიათ?
– ნამდვილად არ მისაუბრია. თუმცა, თუ ბევრი პატიოსანი და კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი გვეყოლება, ჩვენს ქვეყანას გამოადგება. ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ქობულია თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, თუ პატიოსანი იქნება და ხალხის მსახურების სურვილი ექნება და არა პირიქით, მაშინ ხალხის ძალიან დიდ მხარდაჭერას მიიღებს.
– კალაძემ შეიძლება 2020 წლისთვის დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მოქმედება თუ მაინც ვერ გაბედავს?
– კალაძე მცველია, არასდროს ყოფილა თავდამსხმელი. ის პოლიტიკაშიც მცველია. ამიტომ, ვერ იქნება თავდამსხმელი. არავის არ გამოეყოფა, ამისთვის გამბედაობა არ ეყოფა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა