ლაშა დარსალია –  “ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადია”

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და თქვა, რომ “ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადია. ეს არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელზეც ამჟამად კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე.

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ან რაიმე სტატუს კვოს ცვლილება არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი. ამიტომ კიდევ ვაზუსტებ, რომ, თუ აზერბაიჯანული მხარე აწარმოებდა რაიმე სამუშაოებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს კვო,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილე თვლის, რომ ემოციურმა განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

„მაქსიმალურად უნდა მიეცეს დელიმიტაციის კომისიებს საშუალება, სწორედ ემოციებისგან დაცლილ ფონზე წარმართონ მუშაობა, რადგან ეს მაღალი ემოციური ფონი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ნორმალური გადაწყვეტილებების მიღებას,“ – განაცხადა დარსალიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი