ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი ხმალაძეს – „შენღა მაკლიხარ რა, გადამიწყვიტო, პარლამენტში რამდენს ვილაპარაკებ”

ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი ხმალაძეს - „შენღა მაკლიხარ რა, გადამიწყვიტო, პარლამენტში რამდენს ვილაპარაკებ"სივრცითი დაგეგმარების კოდექსში შესატან ცვლილებებს კანონმდებლებმა დღეს სესიაზე კენჭი უნდა უყარონ. საკითხის განხილვა გუშინ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკითხს, რომელსაც დეპუტატები დაჩქარებული წესით იხილავდნენ, ოპოზიცია აპროტესტებდა. კომიტეტზე ლევან გოგიჩაიშვილსა და ვიცე-მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

სივრცითი მოწყობის კოდექსს, რომელიც 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს, დედაქალაქის მერია სხვა მუნიციპლიტეტებთან ერთად ვადის გადაწევას ითხოვს.  მიზეზად გენგეგმის კოდექსთან შეუსაბამობას ასახელებენ. ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ მერია ამ გადაწყვეტილებით ცდილობს, სამშენებლო ნებართვები ქაოტურად კანონის გვერდის ავლით გასცეს. ოპოზიცია მერიის მაღალჩინოსმების პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს.

ირაკლი ხმალაძემ გოგიჩაიშვილს ურჩია საქმეზე მეტი ესაუბრა და ემოცია ნაკლებად გამოეხატა, რაზეც გოგიჩაიშვილმა უპასუხა: „შენღა მაკლიხარ რა, გადამიწყვიტო პარლამენტში რამდენს ვილაპარაკებ. შენ უნდა იყო ჩუმად და როცა მოგცემენ სიტყვას მაშინ უნდა ილაპარაკო.“

გოგიჩაიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მმართველობის პრობლემაა და ყველა ინსტიტუტი მოშლილია.

„ყველა ცდილობს საკუთარი ბოსტნის შემოღობვას და იმის იქით აღარაფერი აინტერესებთ, მაგრამ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას,“-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე კი ამბობს, რომ ოპონენტებისგან მხოლოდ პოლიტიკური განხილვა მოისმინა.

„მე უბრალოდ შთაბეჭდილებაც დამრჩა, რომ ოპოზიციის მხრიდან შინაარსობრივად საკითხს საერთოდ არც იცნობენ,“-აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ქალაქის მერის მოადგილეს „ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა მიმართა. გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებს აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ პარლამენტში მათი სურვილის მიხედვით ნებისმიერი კანონის გადავადება ან შეცვლა შეიძლება.

რუსთავი 2