მალხაზ მაჩალიკაშვილი – “დამიჭირონ, აქ ვარ!”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დამიჭირონ, აქ ვარ!"დამიჭირონ, აქ ვარ, – ასე მიმართავს მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ს. მაჩალიკაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტერაქტს არ გეგმავდა და ეს მხოლოდ მისი ფიქრები იყო, რომელსაც საკუთარ თავშივე კლავდა.

“მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი და ბევრჯერ მომდის, მაგრამ ამას ვკლავ ჩემში, იმ ძალას ვნახულობ ჩემში, რადგან საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ და ამაზე არ ვარ წამსვლელი. მე ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ – მომისმინეთ, მე ჩემს თვალწინ, სახლში მომიკლეს შვილი, ერთადერთი ვაჟი. მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ვცემ საქართველოს პატივს. მე არ მეშინია ციხის, მე ციხიდან ვიბრძოლებ. დამიჭირონ, აქ ვარ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების მიზანია გაანადგურონ და „თემირლანის საქმე ჩაწყნარდეს“.

„ეს უნდათ, რადგან თუ თემირნალის საქმე სააშკარაოზე გამოვიდა, ხელისუფლება დაემხობათ თავზე“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ძმის შვილთან მისი საუბრის ჩანაწერი სიმართლე იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ტერაქტის მიზანი არ ჰქონია და „ასეთი ფიქრების“ შესახებ მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა ხელისუფლებას „მდგომარეობიდან გამოჰყავს“.

„ხელისუფლებისა და მთელი საქართველოსადმი ჩემი გზავნილია შემდეგი: როცა ტერაქტს მაბრალებენ და ამბობენ, რომ მე ვარ საშიში, პირველად ყურადღება უნდა გამახვილდეს, თუ შევისყიდე სადმე იარაღი, თუ მქონია რამე შეხება. ამის შემდეგ შეიძლება დამაბრალონ ტერაქტთან დაკავშირებით რამე.

ამ შემთხვევაში ტერაქტი საერთოდ უნდა გამოირიცხოს. მე ერთი წელია აქ ვდგავარ და ვიცავ სასტიკად მოკლულ თემირლანს, თუმცა მე ამ ფიცით ვარ გამოსული აქ, რომ დავიცვა მისი სახელიც და დავიცვა მთელ ქვეყანაში ახალგაზრდობა. ასეთი საუბარი მე მქონია რამდენიმე, როცა ამათ გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ჩემი ფიქრებია, თუმცა მიზანი არ მქონია. როცა მე ესენი ძალათ მამწარებენ… მხეცი ვერ გაუძლებდა და როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ასეთი საუბარი. არ მახსოვს, შესაძლოა მეთქვას, მაგრამ როცა ჯოჯოხეთში ვყავარ სუს-ს, იქ მინდა გავიგო ვინაა ჩემი მტერი – მისი ცოცხალიც მაინტერესებს, მისი მკვდარიც მაინტერესებს, მისი შთამომავალიც და მოდგმაც, თუმცა არა იმიტომ რომ გავანადგურო, არამედ ვიცოდე, ვინაა ჩემი მტერი. თუ ჩემი ფიქრებიდან ამათ რაღაცის შექმნა უნდათ, მზად ვარ პასუხი ვაგო“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იპნ