ინტერნეტ-ბოტები მალხაზ მაჩალიკაშვილს იმ სპეცრაზმელის შესახებ აწვდიან ინფორმაციას, რომელიც პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა , რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აღნიშნულ ქმედებას მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ მიზანი მალხაზ მაჩალიკაშვილის პროვოცირებაა, რათა შემდეგ სუს-მა მისი დაკავება შეძლოს.
კილაძე ვარაუდობს, რომ ამ ყველაფრის უკან სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი დგას. ჟურნალისტის თქმით, პროცესში აქტიურად არიან ჩართული სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებიც.
„მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ქისტებთან ეთნიკური და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად. განსაკუთრებით მძიმეა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის, როდესაც მას უხსენებენ თემირლანს, მის მეუღლეს, თემირლანის დას და ბებიას. ანუ რა ხდება, ამ საქმეში ამ ხალხთან ერთად ჩართულია გოგაშვილის ოჯახის წევრები. კონკრეტულად მისი მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი, რომელიც ახლა გამოჩნდა სოციალურ ქსელში, მისი ქალიშვილი ნინო გოგაშვილი. ერთი სატანას ეძახის მალხაზ მაჩალიკაშვილს და მეორე ნაძირალას. ეს კამპანია მიზნად ისახავს მალხაზ მაჩალიკაშვილის პროვოცირებას, წამოკიდებას მძიმე დანაშაულზე, რომ მან ვერ გაუძლოს ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, დაემუქროს გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებს და ა.შ. მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუსახელეს იმ სპეცრაზმელის ვინაობა, რომელმაც მოახდინა მისი შვილის ლიკვიდაცია. ეს მაშინვე პროვოკაცია იყო, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გადაწყვეტდა შურისძიებას და ეს სპეცრაზმელი გახადეს პირდაპირი სამიზნე ქისტების. მაგრამ მაშინ, ეს რა თქმა უნდა ასე არ მოხდა და ამჯერად ტროლების მეშვეობით ირაკლი ზაქარეიშვილის გვერდზე სოსო გოგაშვილმა დაასახელა სპეცოპერაციაში მონაწილე ერთი პირის ვინაობა საჯაროდ და ეს პირი გახლავთ სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე,“-განაცხადა ელისო კილაძემ.

