მექა მარგოშვილი – “წარმოუდგენელია, მალხაზ მაჩალიკაშვილს სასაფლაოზე ტერაქტი დაეგეგმა”

მექა მარგოშვილი - "წარმოუდგენელია, მალხაზ მაჩალიკაშვილს სასაფლაოზე ტერაქტი დაეგეგმა"პანკისის ხეობის მკვიდრი მექა მარგოშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე და პანკისის მოსახლეობის განწყობაზე საუბრობს.
– ქალბატონო მექა, მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რა განწყობაა პანკისის ხეობაში?
– ძალიან ცუდი რამ ხდება. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ჩემს აზრს არ გამოვხატავ, ეს არის მთელი ხეობის აზრი: პანკისის ხეობით მანიპულირება ხდება, ხალხი დაიღალა. დაიღალა ეს ოჯახი. ჯერ გამოძიება არ დასრულებულა, არ ვიცით გამოძიების შედეგები, დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ და ახალი ბრალი წაუყენეს მალხაზ მაჩალიკაშვილს, თითქოს ტერაქტს აწყობდა. ეს სრულიად წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. ამის არავის სჯერა.
პანკისის ხეობელი ქისტები ტერორისტებს არ ვზრდით. ჩვენ სამშობლოს, საქართველოს ერთგულ და მამაც შვილებს ვზრდით. პანკისის ხეობაში საქართველოს პატრიოტები იზრდებიან. ამიტომ, ასეთი დამოკიდებულება ძალიან შეურაცხმყოფელია პანკისის ხეობისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის.
მალხაზ მაჩალიკაშვილი არის გამწარებული მამა. მას ერთადერთი ვაჟი მოუკლეს მუხანათურად, საკუთარ ლოგინში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ადამიანი. ის ამბობს, რომ მხოლოდ სიმართლეს და სამართალს ეძებს და სხვას არაფერს. ამ გამწვავებულ მდგომარეობაში, თან როდესაც პანკისის ხეობაში ასეთი აღელვებულია ხალხი, ეს ძალიან მწვავე განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილზე არ მგონია, გონივრული იყოს.
– სატელეფონო საუბარმა, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილს ძმისშვილთან ჰქონდა, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ? ეს იყო მხოლოდ გამწარებული მამის საუბარი?
– მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო მხოლოდ გამწარებული მამის საუბარი და აქ სხვა რაიმე შეუძლებელია იყოს. ქმედება არ ყოფილა და სიტყვების გამო შეიძლება ადამიანი ტერორიზმში დაადანაშაულო?! ეს საუბარი ავთენტური რომც იყოს, მე არ ვამბობ, რომ ავთენტური არ არის, რომც შემდგარიყო ეს საუბარი ბიძასა და ძმისშვილს შორის, ამას ხომ ქმედება არ მოჰყოლია?! საუბარი დარჩა საუბრად.
ეს არის გამწარებული ადამიანის საუბარი, რომელიც სამართალს ვერ პოულობს, რომელიც იჩაგრება. რამდენი გამწარებული ადამიანი რაღაცას იტყვის, ამის გამო შეიძლება მისი დადანაშაულება?! ბოლოს და ბოლოს ეს ქისტი კაცისთვის ღირსების საკითხია. ეს საკითხი ჩვენთან სხვანაირად დგას.
– რა გარანტიაა, რომ მის სიტყვებს ქმედება არ მოჰყვება? თუმცა, ის ამბობს, რომ ჩემში ძალას ვპოულობ, რომ შურისძიების სურვილი ჩავკლაო.
– ჩვენს ტრადიციებში სასაფლაოზე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და არც მოხდება. ეს დაუშვებელია. სასაფლაოზე ტერაქტი არასდროს მომხდარა. ეს არ გაგონილა.
– რატომ, ქისტები მიცვალებულს ძალიან მაღალ დონეზე აყენებენ, პატივს სცემენ?
– დიახ, ძალიან მაღალ დონეზე აყენებენ. არ აქვს მნიშვნელობა, მიცვალებული ქრისტიანია თუ მუსლიმანი. მიცვალებული ჩეჩენისთვის მხოლოდ პატივის მიგებას იმსახურებს, ვინც არ უნდა იყოს ის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის გარდაცვლილი ადამიანი. ამიტომ, დაუჯერებელია, რომ სასაფლაოზე ტერაქტი დაეგეგმა მალხაზ მაჩალიკაშვილს.
– მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ არის ქართველი, მაგრამ ჩეჩნური, ვაინახური კოდით. თქვენ ამბობთ, რომ ეს მისთვის ყველაფერთან ერთად ღირსების საკითხია?
– რა თქმა უნდა! ვაინახი კაცისთვის ღირსებას ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. ეს კოდი ჩვენში დევს. ღირსების ჩაკვლა ჩვენთვის წარმოუდგენელია. მიკვირს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი არ მიჯნავენ ტერორისტულ აქტს. მართლა მზადდებოდა თუ არა ტერორისტული აქტი, მართლა თანამშრომლობდა თუ არა მაჩალიკაშვილის შვილი ტერორისტებთან, ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია.
ჩეჩენი ადამიანისთვის უპირველესი არის ღირსება, მის ღირსებას არავინ ეხება და არც ის ეხება სხვის ღირსებას. ამდენად, ეს არ არის მხოლოდ მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედია, ეს არის ხეობის მოსახლეობის ტრაგედია და ამ საკითხზე ხეობაში ერთიანი პოზიციაა.
საქართველოს მოსახლეობაც ამ ტრაგედიისას მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით არის. ჩვენ ამას ვგრძნობთ. მე ამას ვგრძნობ ყოველ ნაბიჯზე. გუშინ, ჩვეულებრივ ყოფით ამბავში, თბილისელმა ქალმა მიცნო, გამომელაპარაკა და მაჩალიკაშვილის ამბავზე დამიწყო საუბარი.
რასაკვირველია, ჩვენ გამოძიებას ველოდებით. ძალიან გაიწელა დრო, ეს დრო უსაშველოდ გაიწელა მამისთვის. არის უამრავი კითხვა და არანაირი პასუხი არ ისმის. ამის ატანა ძალიან ძნელია არათუ მამისთვის, დედისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის.
როგორ გითხრათ, რომ ყოფილიყო ძალიან ხისტი, სრულიად მიუღებელი პასუხი, მაგრამ მაინც პასუხი, რომ შეცდომა მოგვივიდა და რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი შეცდომის მსხვერპლია, მერწმუნეთ, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ პასუხს მიიღებდა.
– მიიღებდა ასეთ პასუხს პანკისის ხეობა? ამაზე საუბრობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
– რა თქმა უნდა, მიიღებდა! რა, 21 აპრილს არ მიიღო გიორგი გახარიასგან?! როდის იყო, რომ პანკისის მოსახლეობა არასახელმწიფოებრივად აზროვნებდა?! როდის აწყობდა პანკისელი მოსახლეობა ტერორისტულ აქტებს?!
მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხეობის მიმართ პოლიტიკა, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პანკისის ხეობით მანიპულირება. ხალხი დაიღალა.
– თუ დააკავებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს, მაშინ როგორი იქნება პანკისის ხეობის რეაქცია? თუ ფიქრობთ, ამაზე არ წავა ხელისუფლება?
– ეს არ იქნება მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ეს თავისთავად ხეობის მოსახლეობის პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს, არა, დამნაშავე ნამდვილად უნდა დაისაჯოს, მაგრამ დანაშაული რომ არ ჩაუდენია?! უდანაშაულო ადამიანის დასჯა კი, რასაკვირველია, პროტესტს გამოიწვევს.
წარმოიდგინეთ, 21 აპრილს განვითარებული მოვლენები, ამდენი წლის ურთიერთობები, ამდენი წლის ნაშრომი, ლამის წყალში ჩაგვეყარა. ბეწვის ხიდზე გავიარეთ. თან როგორ გვიყურებს მესამე ძალა.
მე ეს ყველაფერი მაშფოთებს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა