გოჩა ონეზაშვილმა კასპიდან გორამდე დიდი გზა გამოიარა. გორიჯვრის მთაზე ოჯახთან ერთად ფეხით ავიდა. სალოცავში მოზრდილი ცხვარი აიყვანა, ეკლესიას სამჯერ შემოატარა და ბოლოს ღმერთს, ოჯახის საკეთილდღეოდ, მსხვერპლად შესწირა. ტაძართან ახლოს მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოზე მისი ცხვარი დაკლეს და რამდენიმე წუთში გაატყავეს. ოჯახმა საკლავი სახლში წაიღო. გოჩა ამბობს, რომ შვილიშვილის დაბადებისას ჩაუთქვა და დღეს ღმერთისთვის მადლობის სათქმელად მოვიდა.
6 მაისს მართლმადიდებლები წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავენ. გორის მუნიციპალიტეტში გიორგობას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს, აღნიშნავენ. 1920 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, გადმოცემის თანახმად, გორის მფარველად ითვლება, ხოლო გორიჯვრის ჯვარს სხვადასხვა სასწაულსაც მიაწერენ, ამიტომ, ტრადიციულად, გორელების დიდი ნაწილი გორიჯვრის მთაზე ადის, შესაწირის სახით კი ძირითადად ცხვრები და მამლები მიჰყავთ.
იქვე, მონასტრის ძირში მოწყობილია ცხოველთა სასაკლაო, ტერიტორია სისხლითაა შეღებილი და ყასბები ამ დღეს არცთუ მცირე გასამრჯელოს იღებენ. ხვიჩა საათაშვილს აღარც ახსოვს, დღეს რამდენი ცხვარი და მამალი დაკლა. ხელები სისხლიანი აქვს. სასაკლაოს ფარდულთან მიყენებულ “ვილისში” ცხვრის ტყავებს ტვირთავს. ამბობს, რომ ტერიტორიას არ დააბინძურებენ, მერე წყალსაც ამოიტანენ და სისხლისაგან მოსვრილ ადგილებს გადარეცხავენ.
ყასბები ყოველთვის პირობას დებენ, რომ ტერიტორიას დაასუფთავებენ, მაგრამ გიორგობის შემდეგ იქ სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები მიდიან და ტაძრის მიმდებარე ქედს ნარჩენებისგან ასუფთავებენ ხოლმე.
რადიო თავისუფლება

