ნიკოლოზ მჟავანაძეს ოჯახის განადგურებით ემუქრებიან

რა ფარული გარიგება დადო ივანიშვილმა ალიევთან, რატომ რეაგირებენ ასე მწვავედ მეოცნებეები დავით გარეჯის თემაზე, რატომ აღარ ივლის საქართველოში ხალხი ეკლესიებში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.
ნიკოლოზ მჟავანაძე:
– როგორც კი საინგილოს და დავით გარეჯის თემაზე ვიწყებ საუბარს, ჩემს წინააღმდეგ ეგრევე იწყება ბრძოლა. გარდა იმისა, რომ ტროლები აქტიურდებიან, მიდის პირდაპირი მუქარები. ამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლება. ამის თქმის საფუძველი ნამდვილად მაქვს.
პირველად საინგილოს თემა რამდენიმე წლის წინ წამოვწიე. იმდენს მივაღწიე, რომ აზერბაიჯანის საელჩოდან და ილხამ ალიევისგან მივიღე საპასუხო წერილი. ინგილოების დატოვება ასე არ შეიძლება, აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ ადამიანებს მონებივით ექცევა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩემს განცხადებებზე რეაგირება მაინც ჰქონდა, ოფიციალური თბილისი კი ამ საკითხით საერთოდ არ დაინტერესებულა. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი სტრუქტურის წარმომადგენლებმა დამიწყეს მუქარა.
– ეს როდის მოხდა?
– პირველად რამდენიმე წლის წინ დამემუქრნენ. ამ მუქარასთან დაკავშირებით პოლიციასაც მივმართე, მაგრამ მაშინ მათ არაფერი არ გაუკეთებიათ.
19 მაისს “ობიექტივზე” მქონდა გადაცემა, სადაც დავით გარეჯის საკითხზე ვისაუბრე. ვთქვი, რომ თბილისს ამ პრობლემის მოსაგვარებლად თითი-თითზე არ დაუკარებია.
გვიყვებიან ზღაპრებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურთან მისასვლელი ბილიკები გახსნა. ბილიკები გახსნილია, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა. სააკაშვილის კულტურის მინისტრ ნიკა რურუას წლების წინ აქვს ნათქვამი, რომ დავით გარეჯი ტაო-კლარჯეთის ბედს გაიზიარებს. რადგან საბჭოთა კავშირის დროს ეს უნიკალური ქართული ძეგლი აზერბაიჯანის საზღვრებში იყო მოქცეული, წინა ხელისუფლება მის დაკარგვას შეგუებული იყო. დაკარგვას შეგუებულია ეს ხელისუფლებაც.
10 მაისის გადაცემაში ამ თემაზე სხვა მწვავე განცხადებებიც გავაკეთე. მეორე დღეს, ანუ 11 მაისს მივიღე მუქარის შემცველი შეტყობინება. ერთი პიროვნება ოჯახის განადგურებით მემუქრება.
ამასთან დაკავშირებით მაშინვე მივმართე პოლიციას. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს.
– რატომ არ გაქვთ იმედი?
– ასეთ მუქარას რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა ფაქტი, მაგრამ მისი გამოძიება არ მომხდარა. ეს მუქარაც ასე ჩაივლის. მე ვესაუბრე პოლიციის წარმომადგენლებს და როგორც მითხრეს, მათ უკვე დაკითხეს ის პიროვნება, რომელმაც მუქარის შემცველი შეტყობინება გამომიგზავნა. ახლა ყველაფერი პროკურატურაზეა დამოკიდებული.
ეს ხელისუფლება ძალიან ცდება თუ ჰგონია, რომ მსგავსი მუქარები ან შემაშინებს, ან გამაჩერებს. არც ის გამიკვირდება, რამე პროვოკაცია მომიწყონ და საქმე შემითითხნონ.
12 მაისს ორი ადამიანი ძალიან საეჭვოდ მოვიდა ჩემთან. ასე თუ ისე, ცნობადი სახე ვარ და ზოგჯერ ხალხი ქუჩაში მაჩერებს და რაღაცებს მეკითხება, მესაუბრება. იმ დღესაც გამაჩერეს და დამიწყეს საუბარი. მეუბნებოდნენ, ეს ხელისუფლება იარაღით უნდა ჩამოვაგდოთო.
ეტყობა, ეგონათ, რომ ამაზე მათ დავეთანხმებოდი, ამ საუბარს ჩაიწერდნენ. მერე გააკეთებდნენ მის ფაბრიკაციას და იტყოდნენ, მჟავანაძე ავტომატებით აპირებს ხელისუფლების დამხობასო.
“ქართული ოცნება” წინა ხელისუფლებას დაემსგავსა. ამის გარდა, კაგებეშნიკური მეთოდებით დაუწყეს განსხვავებულ აზრს დევნა. როგორც ჩანს, ყველა ადამიანი მიუღებელია, ვინც ამათ მოღალატეობრივ საქმიანობაში ამხელს. რაკი ეს მუქარა დავით გარეჯის თემას მოჰყვა, “ოცნებას” მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემა აქვს გადაწყვეტილი.
როგორც ამბობენ, ივანიშვილსა და ალიევს შორის გარეჯის გადაცემის შესახებ რაღაც შეთანხმებაც არის მიღწეული.
– მათი შეთანხმება არ ვიცი, მაგრამ ორი წლის წინ თქვენ ამ თემაზე სკანდალური ინტერვიუ მოგვეცით. წარმოადგინეთ აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიაში გამოქვეყნებული სტატია, სადაც აზერბაიჯანელი ექსპერტი მტკიცებით ფორმაში აცხადებდა, რომ რაკი საქართველო მათი სტრატეგიული პარტნიორია, გარეჯი და ერისიმედი უნდა დაუთმოს.
– ახლა უარესები იბეჭდება. წერენ, რომ დავით გარეჯს არ დათმობენ. ამბობენ, რომ ქვემო ქართლში სვანების ჩასახლება აღარ უნდა მოხდეს. ისე მიდის საქმე, აზერბაიჯანული მხარე მალე, დავით გარეჯთან ერთად, ქვემო ქართლის გადაცემასაც მოითხოვს.
ქვემო ქართლზე არ ვიცი რას იზამენ, მაგრამ დავით გარეჯის დათმობა რომ გადაწყვეტილი აქვთ, ეს ფაქტია.
– რატომ ფიქრობთ ასე?
– ცოტა ხნის წინ ხელისუფლებისგან მოვითხოვე მოეწოდებინათ ინფორმაცია თუ რას აკეთებდნენ ამ მიმართულებით. მათ მომაწოდეს დოკუმენტაცია, სადაც ის ხალხია ჩამოთვლილი, ვინც საქართველოს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიაში მუშაობს.
გვარების ჩამოთვლა არ მეზარება, მაგრამ საზოგადოება არც ერთ მათგანს არ იცნობს. კომისიაში შედიან იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროების, სუსის და სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები. კომისიაში ასევე არიან უსაფრთხოების საბჭოს და თავდაცვის სამინისტროს წევრები.
კომისიის არც ერთი წევრი არ არის არც ისტორიკოსი, არც გეოგრაფი და არც ხელოვნებათმცოდნე. ერთი კაციც კი არ არის იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც დავით გარეჯის ქართულ წარმომავლობას დაამტკიცებს.
სახელმწიფო, რომელიც იძახის, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარია და არ გავაღიზიანოთო, მან რა პრობლემა უნდა გადაწყვიტოს.
აღდგომის მეორე დღეს დავით გარეჯში ავედი. იქ სასულიერო პირებსაც გავესაუბრე. ერთ-ერთმა მორჩილმა მითხრა, 2007 წელს როცა დაიწყო ამ ძეგლზე დავა, მათთან ავიდნენ ბადრი ბიწაძის თანაშემწეები. ბიწაძე მაშინ სასაზღვრო უწყებას ხელმძღვანელობდა.
მათ აუტანიათ რუკა, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯი აზერბაიჯანის საზღვრებში შედიოდა. მორჩილებმა ამის გამო მესაზღვრეებს უსაყვედურეს თურმე და უთხრეს, ეს რა რუკა მოიტანეთ, ქვეყნის მტრები და აზერბაიჯანის აგენტები ხომ არ ხართო.
სასულიერო პირებს სულ სხვა რუკები აქვთ. ამ რუკებით გარეჯი საქართველოს საზღვრებშია მოქცეული.
სამწუხაროა, რომ ჩვენი ჩინოსნების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს.
დაბალი რანგის მოხელეები ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავენ. ყველაფერი მამა-მარჩენალთან არის შეთანხმებული. მე ამ ხელისუფლების არ მჯერა. როგორ დავუჯერო, როცა საინგილოში მიმდინარე პროცესებზე თვალს ხუჭავენ.
იქ მცხოვრები ქართველები მონებივით არიან, ბავშვებს ქართულ სახელებს ვერ არქმევენ. ეკლესიებში შესვლის უფლება არა აქვთ. ზაქათალაში ტაძარი ტუალეტად აქვთ ქცეული. ამ დროს, ქვემო ქართლში, მეჩეთი მეჩეთზე იხსნება.
ხელისუფლებისთვის მიუღებელია საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც მათ ამხელს. მე და ჩემნაირებს თავიანთი აგენტურა დაგვიპირისპირეს.
მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას”, მუქარით შეიძლება თქვენი პარტაქტივი შეაშინოთ, რომლებიც სააკაშვილის დროს, როცა ჩვენ ვიბრძოდით, ჩირგვებში იმალებოდნენ. მათი პოლიტიკა არის განწირული.
ერთი ამბავი რომ ატეხეს, ივანიშვილი აწყურის ტაძარს რესტავრაციას უტარებსო, იმაზე რატომ არ გაამახვილეს ყურადღება, მეორე ხელით რომ გეი აღლუმს ატარებს.
ძალიან მიხარია, ახალი ეკლესიები რომ შენდება, მაგრამ ცოტა ხანში იქ ხალხი აღარ შევა.
– რატომ არ შევა?
– ქართველები საქართველოდან გარბიან და ვინ ივლის ეკლესიებში. ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ ხალხის გადინებამ ძალიან მოიმატა.
ივანიშვილს რუსეთსა და ევროპაში ანაკონდას და მახრჩობელას ეძახდნენ. მეგონა, რომ მახრჩობელა ილეთებს ჩვენი ქვეყნის მტრების წინააღმდეგაც გამოიყენებდა. სამწუხაროდ, ამ ილეთებს ქართველების და საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. სააკაშვილი ხალხს ქუჩაში ტყვიებით ხოცავდა, “ოცნება” შიმშილით კლავს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...
akhalitaoba.ge © 2017-2019