ნორვეგიაში დაკავებული ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა გრიგოლ აბრალავა გამოუშვეს

ნორვეგიაში დაკავებული ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა გრიგოლ აბრალავა გამოუშვესუმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა, რომელიც სამართალდამცავებმა ნორვეგიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გაათავისუფლეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზარდიაშვილის სიმამრმა ანზორ აბრალავამ განუცხადა.

როგორც აბრალავა აღნიშნავს, გადამოწმების ხანგრძლივი პროცედურის შემდეგ, მისი შვილი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი, გაათავისუფლეს.

გრიგოლ აბრალავა საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა.

„რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვიდა. ეს იყო გადამოწმების ხანგრძლივი პროცედურა, იქ სამწუხაროდ, დაკავების შემთხვევაში, ვადები არ აქვთ და ძალიან დიდხანს გრძელდება გადამოწმების პროცედურა. თავისებური ბიუროკრატია აქვთ. რამე რომ ყოფილიყო, ასე როგორ დამთავრდებოდა?“ – განაცხადა აბრალავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თებერვალში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს შორის გრიგოლ აბრალავაც იყო.

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, „იქამდე კი შვებულება აიღო“.

გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში ასევე დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი გრიშა მარღანიაა.

ანზორ აბრალავა გრიგოლ აბრალავას ნორვეგიაში დაკავებაზე – ”ჩემმა შვილმა, იქნება, სააკაშვილს კარგი ზომის კოსტუმი ვუშოვოო”