ქობულიამ ივანიშვილს ბრძანების შესრულებაზე უარი უთხრა – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ალაპარაკდა

ქობულიამ ივანიშვილს ბრძანების შესრულებაზე უარი უთხრა - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ალაპარაკდაექსკლუზივი – გიორგი ქობულია დუმილს არღვევს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ყვება, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა. ქობულია არ მალავს, რომ პრემიერმინისტრის ზეწოლას არ დასთანხმდა და საბოლოდ ის გადააყენეს.

გიორგი ქობულია ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ არ ახსენებს, თუმცა მიანიშნებს, რომ დაპირისპირება კონკრეტულ თემებზე სწორედ პარტიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ჰქონდა.

გიორგი ქობულია პირველად ალაპარაკდა იმ მიზეზებზეც, რის გამოც მასსა და მთავრობის ხელმძღვანელს შორის უთანხმოება დაიწყო.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რონ ხედვები, რომლებიც მას თანამდებობაზე დანიშვნის დასაწყისში ჰქონდა, მოგვიანებით ქართული ოცნების ხელისუფლების ხედვებთან წინააღმდეგობაში მოვიდა და პოზიციები გაიყო.

ვინ აჩერებდა და რატომ ბლოკავდნენ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მინისტრის ხედვით, ქვეყნის კრიზისში მყოფი ეკონომიკა უნდა ეხსნა, ქობულია არ აკონკრეტებს, თუმცა, კურიერის ინფორმაციით, დაპირისპირება მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონკრეტული ობიექტების გადაცემის მოთხოვნით დაიწყო. გიორგი ქობულიამ ამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ღიად მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მოსაზრებების სისწორეში ბიძინა ივანიშვილმა მისი დარწმუნება ვერ შეძლო.

რომელი კონკრეტული ობიექტის და ვისთვის გადაცემას მოითხოვდა ქართული ოცნების თავმჯდომარე, გიორგი ქობულია საიდუმლოდ ტოვებს ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილთან მისი ბოლო შეხვედრის დეტალებს.

არის თუ არა გიორგი ქობულია ერთადერთი მინისტრი, ვისი გაშვებაც პრემიერს ქართული ოცნების ლიდერმა დაავალა და იგეგმება თუ არა მორიგი სამთავრობო ცვლილება, რომელსაც შესაძლოა, მამუკა ბახტაძეც შეეწიროს – ამ შეკითხვებზე პასუხისგან და კურიერის ჟურნალისტებისგან თავის დასაცავად ბახტაძემ დაცვის გაძლიერებული შემადგენლობა გამოიყვანა.

დაცვის თანამშრომლები აგრესიით გამოირჩეოდნენ. პრემიერი კურიერის შეკითხვებს გაექცა.

კურიერის შეკითხვებს არც ბიძინა ივანიშვილი პასუხობს. რუსთავი2-ის ჟურნალისტი ქართული ოცნების თავმჯდომარეს ერთ-ერთ რესტორანთან დახვდა, სადაც მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ ივანიშვილს პრემიერის შეცვლა საპარლამენტო არჩევნების წინ აქვს დაგეგმილი და ახალი პრემიერი, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი გახარია იქნება, პარტიას არჩევნებისთვის მოამზადებს. გიორგი გახარიას გაპრემიერებას, სავარაუდოდ, ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის. მათ შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, შს მინისტრსა და სუს-ის უფროსს შორის შესაძლო დაპირისპირებაა.