რამაზ საყვარელიძე: “ზუგდიდის არჩევნებზე ისეთი ამბავი იქნება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში”

რამაზ საყვარელიძე: "ზუგდიდის არჩევნებზე ისეთი ამბავი იქნება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 19 მაისს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე და ე.წ. მესამე ძალის გამოჩენაზე საუბრობს.

– ბატონო რამაზ, შუალედურ არჩევნებზე რა მოლოდინები გაქვთ, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? ლოკალური გამოკითხვებით თითქოს ზუგდიდში პირველ ადგილზე სანდრა რულოვსი არ გადის, მას ჯგუშია და შენგელია უსწრებენ.

– გამოკითხვა, გამოკითხვაა. სიმართლე გითხრათ, მე მქონდა ასეთი მოლოდინი. სანდრა რულოვსს გაუჭირდება ზუგდიდში გამარჯვება, რადგან ის პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება. ნაციონალური მოძრაობის საქმენი საგმირონია სამეგრელოში ცნობილია.

– ნაციონალური მოძრაობა ადვილად დათმობს სანდრა რულოვსის დამარცხებას?

– პირველ რიგში, ისინი იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა. კიდევ ერთხელ ხელს ხელისუფლებისკენ გაიშვერენ. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი იქნება, როგორი რეაქცია ექნებათ ადგილობრივებს, ისინი რა პოზიციას დაიკავებენ. თუ რეაქცია მძაფრი იქნება, მაშინ ვალში არც ესენი არ დარჩებიან, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ნაციონალები სამეგრელოსთან ურთიერთობების გაფუჭებას თავს აარიდებენ.

– სამეგრელოში არჩევნები მშვიდი არასდროს არ არის, კორცხელის მაგალითი გამახსენდა.

– არც ეს არჩევნები იქნება მშვიდი. არჩევნების დღეს ალბათ დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ჩხუბიც იქნება, დაპირისპირებაც იქნება და ერთმანეთისკენ გაწევ-გამოწევაც, ეს უკვე ხერხია, მაგრამ კატასტროფას მაინც არ ველოდები.

– როგორც 2003 წელს სამეგრელოდან დაიწყო რევოლუცია, ასეთ რამეს არ ელოდებით?

– არა, შეიძლება მცდელობა იყოს. თუმცა, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა კი დაიწყო ვარდების რევოლუცია სამეგრელოდან, მაგრამ პრაქტიკულად მთელ საქართველოში შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ განწყობა ანალოგიური იყო. მაშინდელი ხელისუფლება მიუღებელი იყო მთელი საქართველოსთვის, ამიტომ მოხდა რევოლუცია. დღეს ეს ვითარება არ გვაქვს. მიუღებლობა უფრო ნაციონალური მოძრაობის მიმართ არის, ვიდრე “ქართული ოცნების” მიმართ. ეს აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა, მეორე ტური ხომ ფაქტიურად ამის დადასტურება იყო. ამიტომ, ანალოგიური მანევრის პირობები ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად არა აქვს სამეგრელოში.

– მთაწმინდის არჩევნებზე რა მოლოდინი გაქვთ?

– ანალოგიური მოლოდინი მაქვს. მართალია შესანიშნავი იურისტია შალვა შავგულიძე, მაგრამ კარგი იურისტობა არ ნიშნავს კარგი პოლიტიკოსობას. მეტიც, ხანდახან ხელის შემშლელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეულ ნიუანსებში. შალვა შავგულიძეს პოლიტიკურმა ალღომ უღალატა, როდესაც მიიღო ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. ცხადია, “ევროპულ საქართველოსთან” ალიანსს ვგულისხმობ. ასე ვთქვათ თუ ისე ვთქვათ, ის მაინც გუშინდელი მეტოქეების გვერდით აღმოჩნდა. ეს მას სათანადო, ეფექტური პიარ-კამპანიის შესაძლებლობასაც არ მისცემს. მე მაინც მგონია, რომ ეს მისთვის უფრო წამგებიანი ნაბიჯი იყო, ვიდრე მომგებიანი.

რაც შეეხება ლადო კახაძეს, ის ძალიან კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, ამ დადებით ფაქტორს პლუსს “ოცნების” პარტიული მანქანა, ეს იძლევა მისთვის პერსპექტივის შესაძლებლობას. მთავარი დაპირისპირება, მე მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ ამ ორ კანდიდატს შორის იქნება.

– ამ არჩევნებს 2020 წლის არჩევნების ერთგვარ რეპეტიციად განიხილავენ. რამდენად მოსალოდნელია ე.წ. მესამე ძალის გამოჩენა ან არსებული სპექტრიდან ასეთი ძალის გამოკვეთა?

– მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალი ძალა გამოჩნდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი მოთხოვნა არის და ეს სოციოლოგიურ კვლევებშიც ღიად იკითხება. 2020 წლამდე კიდევ არის დრო და ალბათ ვიღაც გამოჩნდება.

– რამდენად მოსალოდნელია, რომ, მაგალითად, დათო მაღრაძის “დაიცავი საქართველო” გახდეს მესამე ძალა ან ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პოლიტიკურ აქტიურობას აანონსებს?

– დათო მაღრაძე არ არის პოლიტიკის მკეთებელი კაცი. დიდ სიხარულსა და ხალისს ვერ იღებს ის ამ საქმიდან. პოლიტიკა არ არის მისი საქმე და ამაზე ის სრულიად ღიად საუბრობს. მეტიც, მაღრაძემ თქვა, თუ გამოჩნდა მესამე ძალა, მე ჩემი რესურსით მას დავუდგები გვერდით. ამდენად, როდესაც ამას ამბობს კაცი, ის ვერ იქნება თავად მესამე ძალა. პოლიტიკას კიდევ სხვა გამოცდილება უნდა. მაღრაძეს უფრო ვალდებულად მიაჩნია თავი. ის უფრო იძულებით მოქმედებს, ვიდრე ამ საქმის მცოდნე და მოყვარული.

– რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, რა შეიძლება მან გააკეთოს?

– ოქრუაშვილი საერთოდ ისეთი ფიგურაა, რომ მისი სვლები ძნელი საპროგნოზოა. რთულად გამოსაცნობია. ის ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა