“რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელის მოთხოვნით ხვალ პარტნიორთა კრება გაიმართება

„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით ხვალ პარტნიორთა კრება გაიმართება. როგორც ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ნიჟარაძე რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. ადვოკატის თქმით, დავის მოგვარებისთვის საჭირო გზების მონახვა აუცილებელია.

ყავლაშვილის განცხადებით, თუ მოხდება არბიტრაჟზე შეთანხმება, მაშინ სასამართლოდან სარჩელს უკან გაიწვევენ. ნიჟარაძის მხარეს აინტერესებს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის და პარტნიორების პოზიცია მათთვის საინტერესო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

„შევთავაზეთ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხის გადაჭრა, არბიტრაჟში დავის გადატანა,. ეს გაჟღერდა რუსთავი 2-ის დირექტორის მხრიდან, ჩვენ ვეხმიანებით ამ განცხადებას და მზად ვართ, რომ მივაღწიოთ ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებას და ასევე, ვთავაზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას და ეს მარტივი გზა გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტების გადაცემა მსოფლიოში წამყვანი 4 აუდიტორული კომპანიისთვის, სხვადასხვა შესაბამისი საკითხებით და წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარეთა შეთანხმებით, თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით იმ შედეგებს, რომელსაც ეს აუდიტორული კომპანია დადებს.“ – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი პარტნიორთა კრებაზე მედიის დასწრებას ითხოვს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი