სანდრო ბრეგაძე – “დასაჭერთა სიაში პირველი მე ვწერივარ, შემდეგ არიან გია კორკოტაშვილი, რამაზ გაგნიძე, ერმილე ნემსაძე…”

სანდრო ბრეგაძე - "დასაჭერთა სიაში პირველი მე ვწერივარ, შემდეგ არიან გია კორკოტაშვილი, რამაზ გაგნიძე, ერმილე ნემსაძე..."ვინ იყენებს ლგბტ თემს თავისი მიზნებისთვის, დაუზავდნენ თუ არა ლევან ვასაძეს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.
სანდრო ბრეგაძე:

– წინ გველოდება ცხელი ივნისი. ივნისში აქ პრაიდი იმართება, რომელიც დიდი აღლუმით უნდა დასრულდეს. რასაც ჩვენ არ დავუშვებთ და მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვაცხადებთ სრულ მობილიზაციას.
ახლავე ვაცხადებ, რომ ეროვნული ძალები დავიკავებთ თბილისის ყველა ქუჩას და გეი-აღლუმის ჩატარების უფლებას არ მივცემთ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ არავის შევუვარდებით სახლებში, მაგრამ აღლუმს არ ჩავატარებინებთ.
– რამდენი ხანი აპირებთ მორიგეობას, ივნისში დაგეგმილი პრაიდი ერთი კვირა უნდა გაგრძელდეს.
– იმდენი ხანი ვიმორიგევებთ, რამდენიც ამ საქმეს დასჭირდება. ერთი კვირა კი არა, ერთი თვეც ვიმორიგევებთ.
მინდა ყველას გასაგონად ვთქვა – ჩვენ დახურულ სივრცეში არავის შევუვარდებით, მაგრამ ქუჩაშიც ნუ გამოვარდებიან ისინი.
დღემდე მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თუ სად გაიმართება ეს აღლუმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენთან არ თანამშრომლობს.
– შსს-მ თქვენთან რაზე უნდა ითანამშრომლოს?
– ჩვენმა მოძრაობამ რამდენიმე განცხადება შეიტანა. ასევე რამდენიმეჯერ შედგა საუბარი შსს-ს წარმომადგენლებთან.
– რა განცხადებით მიმართეთ შსს-ს?
– ჩვენ გვინდა ამ უწყებას ავუხსნათ, თუ რა საფრთხეენი და რისკები არსებობს, თუ ეს აღლუმი ჩატარდება.
ჩვენდა სამწუხაროდ, შსს აქტიურად ელაპარაკება ამ პრაიდის ორგანიზატორებს, მაგრამ ჩვენთან შეხვედრაც კი არ ისურვეს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებაა დაინტერესებული გეი-აღლუმის ჩატარებით.
მივმართავ “ქართულ ოცნებას”, თუ გაბედავენ და ამ აღლუმს ჩაატარებენ, ამას გადაყვებიან. გეი-აღლუმის ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლება 18-დან 26 ივნისის ინტერვალში დასრულდება.
მინდა ყველამ შეუშვას თავში, რომ ეროვნული ძალები მთელს ჩვენს აგრესიას მივმართავთ არა ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ, არამედ ხელისუფლებას მოვთხოვთ პასუხს.
– ემუქრებით ხელისუფლებას?
– არანაირი მუქარა არ არის. გამოხატვის თავისუფლება ჩვენც გვეხება და ჩვენც გვაქვს უფლება, რამე მოგვწონდეს, ან არ მოგვწონდეს. ამ აღლუმზე პასუხს მხოლოდ ხელისუფლებას მოვთხოვთ.
ხალხი ისედაც გაბრაზებულია “ოცნებაზე”, ისეთი გაბრაზებულია, რომ პატარა მიზეზი სჭირდებათ და კომბლებით გამოყრიან ყველას კაბინეტებიდან. ვერავინ ვეღარ უშველის მათ. ისევ ჩვენთან დაჭირდებათ ხევწნა-მუდარა – იქნებ გვიშველოთო. დარწმუნებული ვარ, დაჭირდებათ კიდევაც ჩვენი შველა.
სანამ გვიანი არ არის, ხელისუფლება დაფიქრდეს და დაანებოს კულუარულ მოლაპარაკებებს თავი.
– რა კულუარულ მოლაპარაკებებზეა საუბარი?
– პრაიდის წარმომადგენლებს გარანტიებს აძლევენ. დაპირდნენ, რომ ქართული მარშის ლიდერებს დაიჭერენ. უკვე შედგენილია დასაჭერი ხალხის სია.
– ვინ მოხვდა ამ სიაში?
– პირველი მე ვწერივარ. სიაში შეყვანილი ჰყავთ გია კორკოტაშვილი, რამაზ გაგნიძე, ერმილე ნემსაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე. დასაჭერი ხალხის სიაში ის ხალხია შეყვანილი, ვინც ბედავს და ღიად გამოდის ამ გეი აღლუმის წინააღმდეგ. სია საკმაოდ გრძელია.
– თქეენი აზრით, მოხდება ამ ადამიანების დაკავება?
– ხელს ვინ შეუშლის. პროვოკაციებს მოაწყობენ და ლიდერებს რამდენიმე დღით დააკავებენ. მოხდება მათი განეიტრალება, რათა პრაიდმა მშვიდობიანად ჩაიაროს.
შეიძლება ყველა ლიდერი დაგვაკავონ, მაგრამ ამით არაფერი არ შეიცვლება. ძალიან მეცოდება “ოცნება”, თუ ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხის ნება 15-20 კაცზეა დამოკიდებული.
დაგვიჭირონ კი არა, სულ სხვა პლანეტაზე რომ გადაგვასახლონ, ხალხს ვერ შეაჩერებენ. ხელისუფლება ამ პრაიდზე ძალიან მწარედ წაიმტვრევს ცხვირს.
იმისთვის, რომ საქართველოში გეი-აღლუმი ჩატარებულიყო, მილიონები დაიხარჯა, მაგრამ ეს დღემდე არავის გამოუვიდა. “ოცნების” ბინძურ პოლიტიკურ თამაშსაც წელში გადავტეხავთ და დავამთავრებთ ამ მარაზმს.
ყველამ უნდა იცოდეს ისიც, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებზე მეტად, გეი აღლუმის ჩატარება საქართველოს ხელისუფლებას სურს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პრაიდთან დაკავშირებით თემში აზრთა სხვადასხვაობები გაჩნდა. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი, ადამიანები საკუთარი ორიენტაციის დემონსტრირებას ახდენდნენ.
ამ თემის წარმომადგენლები უკვე ხვდებიან, რომ მათით ადამიანების ვიწრო ჯგუფი სარგებლობს. ყველამ იცის, თუ რა მოყვება პრაიდის გამართვას საქართველოში, მაგრამ მაინც ატარებენ.
მოხდება დაპირისპირება და რამდენიმე ადამიანი თავის დამფინანსებლებს დაფინანსების გაზრდას მოსთხოვს, ლგბტ თემის წარმომადგენლები კი ამით ვერანაირად ვერ იხეირებენ.
არ ვამბობ, რომ ამ ადამიანებს საქართველოში ცხოვრების უფლება არ აქვს, მაგრამ აღლუმს არ დავუშვებთ. აღლუმს თემის ნაწილიც ეწინააღმდეგება.
– ზემოთ თქვით, ხელისუფლება უფრო დაინტერესებულია ამ პრაიდითო და რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ამ სოდომისტური მსვლელობის ჩატარება ყველაზე მეტად მათ აძლევს ხელს.
– რაში აძლევს ხელს?
– ეს ხელისუფლება არის სოროსის მონა. სოროსი ასეთი აღლუმების დამფინანსებელია. ეტყობა, მისგან დამატებით ფინანსებს ელოდებიან.
ჩვენ ლგბტ თემს არაფერს დავუშავებთ, მაგრამ ხელისუფლებას ძალიან მწარედ მოვთხოვთ პასუხს.
ლგბტ თემის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ ორიენტაციას არ მალავენ, მილიონჯერ ჯობიან ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს.
მხედველობაში მყავს ის ჩინოსნები, რომლებიც გეები არიან და ამას საგულდაგულოდ მალავენ. ასეთები პარლამენტშიც მრავლად არიან და მთავრობაშიც.
ბევრი მათგანი ჩოხაშიც მინახავს. ბევრიც ყანწით ხელში. პატრიოტულ განცხადებებს აკეთებენ და კაცობაზე დებენ თავს. სინამდვილეში კი….
არავის ორიენტაციას არ ვეხები, მაგრამ ასეთი ჩინოსნების მიმართ მაქვს მოთხოვნა – გამოვიდნენ და ღიად თქვან ყველაფერი, როგორც ეს ევროპაში ხდება. ევროპის ქვეყნებში იყო შემთხვევა, როცა ქალაქის მერებმა და მინისტრებმა ღიად თქვეს გეები ვართო და საყვარელ კაცებზე დაქორწინდნენ. გათხოვდნენ ეს კაცებიც კაცებზე.
გარდა იმისა, რომ თავიან ორიენტაციას მალავენ, ლგბტ თემის მონები არიან. გახსოვთ ალბათ ვაჭარაძე, ამ თემს რომ იცავდა ვითომ და მერე მათი ფულები მოტეხა და გაიქცა.
რამდენიმე წლის წინ, მაშინ როცა ჯერ კიდევ მთავრობის წევრი ვიყავი, ამ ადამიანმა პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა. ხელისუფლებიდან მისთვის პასუხის გაცემა ვერავინ გაბედა. მხოლოდ მე გავეცი პასუხი და ძალიან უხეში ფორმით გავაკეთე ეს.
ამ განცხადების გაკეთებიდან ძალიან მალე პარლამენტიდან და მთავრობიდან დაიწყეს რეკვები. მეუბნებოდნენ, ამის თქმა როგორ გაბედეო. ამის პასუხად ვუთხარი, აქ თქვენი კეთილები და იქ კიდევ ვაჭარაძისა-თქო.
– რამდენიმე კვირის წინ თქვენსა და ლევან ვასაძეს შორის უთანხმოება დაიწყო, რომელიც ბოლო დღეებში მინელდა. შერიგდით თუ დროებით დაზავდით?
– გაბუტული არც არავისზე ვყოფილვართ. უბრალოდ რიგ საკითხებზე სხვადასხვა დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ეს მოგვარებადია. მთავარია, გენერალურ საკითხებზე ერთნაირი პოზიციები გვაქვს. და სანამ ასე იქნება, გვინდა თუ არა, თანამოაზრეები გამოვდივართ.
პრაიდის ამბები სანამ არ დამთავრდება, ყველანაირი დაპირისპირება გვერდზე გადავდეთ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა